70 წლამდე ასაკის პირების პენსია 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება - ირაკლი კობახიძე

მივიღეთ გადაწყვეტილება 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარისა, გავზარდოთ 45 ლარით, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული ცვლილება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტში პენსიისთვის გამოყოფილი ხარჯების გაზრდას დამატებით 128 მილიონი ლარით. 

„გვინდა საზოგადოებას გავუზიაროთ ინფორმაცია ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც სოციალურ საკითხებს უკავშირდება:
მივიღეთ გადაწყვეტილება 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარისა, გავზარდოთ 45 ლარით. შესაბამისად, 70 წლამდე ასაკის პენსიონერის პენსია, გარდა მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისა, 1 იანვრიდან გახდება 415 ლარი.
აღნიშნული ცვლილება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტში პენსიისთვის გამოყოფილი ხარჯების გაზრდას დამატებით 128 მილიონი ლარით. 
მინდა შეგახსენოთ, რომ სოციალური ხარჯების წილი სახელმწიფო ბიუჯეტში 33 პროცენტს აღემატება. 2026 წელს ასაკობრივ პენსიებზე გამოყოფილი იყო 5 მილიარდ ლარზე მეტი, ხოლო დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებაზე - 540 მილიონი ლარი. შედარებისთვის, პენსიებზე 2012 წელს მხოლოდ მილიარდ 65 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სოციალურ ხარჯებზე სახელმწიფო ბიუჯეტის ერთი მესამედია გამოყოფილი. ეს ნიშნავს, რომ სოციალური ხარჯები უკვე დასაშვები ნორმის და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რეკომენდაციების ზღვარზეა. აღნიშნული ზღვრის გადალახვა მნიშვნელოვნად შეანელებს ეკონომიკურ ზრდას და ხელს შეუწყობს ინფლაციურ პროცესებს, რაც სოციალური ხარჯების ეფექტურობაზეც პირდაპირ აისახება. ზღვარს ზემოთ სოციალური ხარჯების გაზრდა შეამცირებს ფისკალური კონსოლიდაციის ხარისხს, რაც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ საქართველოს დაფინანსებაზეც უარყოფით გავლენას იქონიებდა.

ამასთან, დასაშვები ნორმის ფარგლებში, ჩვენ მომდევნო წლებშიც მაქსიმალურად ვეცდებით, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გავუზარდოთ“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ნომინალური ეკონომიკა წლის ბოლომდე 10%-ზე მეტით გაიზრდება და ეს ეკონომიკური ზრდა გვაძლევს ჩვენ ინდექსაციის მიღმაც პენსიების გაზრდის შესაძლებლობას, - პრემიერის თქმით, სწორედ ამით ისარგებლა მთავრობამ ამ გადაწყვეტილების მიღების დროს.

 

„როგორც მოგეხსენებათ, მოქმედებს ინდექსაციის წესი, მათ შორის, 70 წლის ასაკის მიუღწეველ პენსიონერებზეც. ამ ინდექსაციის წესის მიხედვით, გათვალისწინებული იყო 20 ლარით პენსიის ზრდა, რაც ჩამორჩება ჩვენს ეკონომიკურ ზრდას. ნომინალური ეკონომიკა 10%-ზე მეტით გაიზრდება წლის ბოლომდე და ეს ეკონომიკური ზრდა გვაძლევს ჩვენ ინდექსაციის მიღმაც პენსიების გაზრდის შესაძლებლობას. სწორედ ამით ვისარგებლეთ ამ გადაწყვეტილების მიღების დროს. ვნახეთ იმის რესურსი, რომ დამატებით პლუს 25 ლარით, ანუ ჯამში 45 ლარით გაგვეზარდა პენსია 70 წელს მიუღწეველი პენსიონერებისათვის და ეს აისახება სახელმწიფო ბიუჯეტში, დამატებით პროექტში გათვალისწინებული იქნება 128 მილიონი ლარი, საკმაოდ დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა, პენსიის ზრდა არის ერტ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი.

 

ჩვენ არ უნდა გადავაჭარბოთ დასაშვებ ზღვარს, რაღაც ზღვრის შემდეგ სოციალური ხარჯები უკვე პირდაპირ აისახება ეკონომიკური ზრდის შენელებაზე, და ინფლაციური პროცესების დაჩქარებაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ ოქროს შუალები გვიკავია ახლა იმ მოცემულობით, რომელიც ბიუჯეტშია ასახული. 45-ლარიანი მატებითაც ვრჩებით იმ არსებულ ზღვარში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ერთი მხრივ, ვზრუნავთ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობაზე, პენსიონერებისთვის პენსიის გაზრდაზე და მეორე მხრივ, ხელს ვუწყობთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას. ეს ოქროს შუალედი მომავალშიც უნდა იყოს დაცული“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, 70 წლამდე პენსიონერებისათვის მხოლოდ 20 ლარით ზრდა იყო გათვალისწინებული.

„70 წელს გადაცილებული პენსიონერებისათვის ისედაც არის გათვალისწინებული ინდექსაციით მეტი ზრდა. 555 ლარამდე იზრდება მათთვის პენსია. ამას ჩამორჩებოდა მნიშვნელოვნად ის ზრდა, რაც იყო გათვალისწინებული 70 წლამდე პენსიონერებისათვის. 20 ლარი იყო ზრდა მხოლოდ. იქ იყო 60 ლარი, შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეძლებისდაგვარად მივუახლოვოთ 70 წლამდე პენსიონერების პენსია 70 წელს მიღწეულ და გადაცილებულ პენსიონერთა პენსიას. გამომდინარე იქიდან, რომ აქ ინდექსაცია ნაკლებ მატებას ითვალისწინებს, საგანგებო ზომა მივიღეთ სწორედ 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, 20 ლარი იყო ის მატება, რომელიც გათვალისწინებული იყო რამდენიმე წლის წინ დამტკიცებული ინდექსაციის წესით.


„პენსიებს რაც შეეხება, როცა შედის ხოლმე პირველი პროექტი პარლამენტში, მასში აისახება ხოლმე ინდექსაციის წესი. და შემდეგ იწყება პარლამენტში მსჯელობა, მათ შორის, ვისმენთ ხოლმე პარლამენტიდან და საზოგადოებიდან წამოსულ მოსაზრებებს. თავიდან შედის პროექტი, პენსიასთან დაკავშირებით აქ ასახულია ხოლმე ინდექსაციის წესით გათვალისწინებული მატება, შემდეგ ისმენს მთავრობა მოსაზრებებს და ამის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებებს. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა - 20 ლარი იყო ის მატება, რომელიც გათვალისწინებული იყო ინდექსაციის წესით, ეს წესი რამდენიმე წლის წინ დამტკიცდა და მხოლოდ 20-ლარიანი მატება იყო გათვალისწინებული. იყო რეაქცია პარლამენტარების მხრიდან, იყო რეაქცია საზოგადოების მხრიდან. განვიხილეთ ეს საკითხი და ბიუჯეტში გამოვძებნეთ რესურსი, კერძოდ, 128 მლნ ლარი, რომელიც გამოვყავით დამატებით და ამის ხარჯზე ჩვენ მოვახერხეთ პლუს 25 ლარით, ანუ ჯამურად 45 ლარით პენსიის გაზრდა 70-წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის, ეს იყო პროცესის შინაარსი,“- აღნიშნა პრემიერმა.