ეკონომიკური თანამშრომლობა საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორისაა, ხოლო ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მზარდი დინამიკა ეკონომიკური კავშირების მუდმივ გაღრმავებაზე მიუთითებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-11 სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს მიზანია მიღწეული შედეგების შემდგომი განვითარება, მათ შორის, ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის უკეთ ათვისება, სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი დივერსიფიკაცია და საინვესტიციო აქტივობის კიდევ უფრო მეტად წახალისება.
„სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასთან ერთად, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ შუა დერეფნის განვითარებას, რომელიც კასპიისა და შავი ზღვის გავლით აზიას ევროპასთან აკავშირებს. ჩვენი საერთო მიზანია აღნიშნული მარშრუტის გამტარუნარიანობის, ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის შემდგომი ზრდა.
ამ მიზნის მისაღწევად საქართველო ახორციელებს მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობა, დასრულებულია საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია და გრძელდება ჩვენი რკინიგზის რესურსების კიდევ უფრო მეტად განვითარება. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა რეგიონული სატრანსპორტო ქსელის განუყოფელ ნაწილად იქცა და მოხარულები ვართ, რომ ჩვენ წარმატებით დავასრულეთ ამ პროექტის განხორციელება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურისა და თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტები მომავალში კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალს, რაც ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვისაც არის მნიშვნელოვანი,“- განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოსა და აზერბაიჯანს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს.
„მოხარული ვარ, ვუმასპინძლო აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციას საქართველოში და თანათავმჯდომარის რანგში გავხსნა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-11 სხდომა.
საქართველოსა და აზერბაიჯანს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს. ჩვენი ხალხები საუკუნეების განმავლობაში გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ, ერთმანეთის ტრადიციებისა და ეროვნული ინტერესების პატივისცემით, და სწორედ ეს ურთიერთპატივისცემა იყო და რჩება ჩვენი პარტნიორობის მყარ საფუძვლად. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას თან სდევს უმაღლეს დონეზე არსებული რეგულარული პოლიტიკური დიალოგი. ამ კონტექსტში, მსურს, გამოვყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის ბოლო ვიზიტი საქართველოში, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ურთიერთობების განვითარებისა და კიდევ უფრო გაღრმავების ორმხრივი ინტერესი.
დღეს, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას. საქართველო ყოველთვის იყო რეგიონში მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და დიალოგის მტკიცე მხარდამჭერი. შესაბამისად, მივესალმებით ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შორის დაწყებულ სამშვიდობო პროცესს და იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისა და მისი ეკონომიკური განვითარების წინაპირობა გახდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო, აზერბაიჯანთან, რუმინეთსა და უნგრეთთან ერთად, მონაწილეობს „მწვანე ენერგიის დერეფნის“ განვითარებაში.
„საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განზომილებაა ენერგეტიკა. ერთობლივად განხორციელებული პროექტები - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი, ბაქო-სუფსის მილსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი უკვე მრავალი წელია ემსახურება ენერგორესურსების საიმედო ტრანზიტსა და რეგიონული და ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას.
საქართველო, აზერბაიჯანთან, რუმინეთსა და უნგრეთთან ერთად, მონაწილეობს „მწვანე ენერგიის დერეფნის“ განვითარებაში, რომლის მიზანია განახლებადი ენერგიის ტრანსპორტირება და სამხრეთ კავკასიის ევროპულ ენერგეტიკულ ბაზართან მჭიდრო დაკავშირება“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი ასევე მოიცავს თავდაცვის, კულტურის, განათლების, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ტურიზმისა და საბაჟო სფეროებს.
„მზად ვართ, გავაძლიეროთ არსებული კავშირები და ხელი შევუწყოთ ახალი ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას. ბატონო პრემიერ-მინისტრო, დღევანდელი სხდომა შესაძლებლობას გვაძლევს, შევაჯამოთ მიღწეული შედეგები, განვიხილოთ არსებული გამოწვევები და შევთანხმდეთ სამომავლო პრიორიტეტებზე. დარწმუნებული ვარ, რომ კომისიის მუშაობა ხელს შეუწყობს კონკრეტული ინიციატივების განხორციელებას და ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი ქვეყნებისთვის“, - აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მხარეებო საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესის დაჩქარებაზე შეთანხმდნენ.
„როგორც კომისიის სხდომაზე, ისე ორმხრივ შეხვედრაზე ჩვენ შევეხეთ საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხს და ამის ნაწილია გარეჯის მონასტერიც და შესაბამისი ტერიტორია. ჩვენ გამოვთქვით იმედი, რომ ძალიან სწრაფი ტემპით გაგრძელდება მუშაობა საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციაზე. არანაირი ცვლილება არ გვაქვს გასული მრავალი წლის განმავლობაში საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით და ჩვენ გვჭირდება სწრაფი წინსვლა და ეს არის ჩვენი თხოვნა და მოწოდება აზერბაიჯანული მხარის მიმართ, რაზეც ძალიან მეგობრული პასუხი მივიღეთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ დავაჩქარებთ პროცესებს, რომელიც იქნება დაკავშირებული საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციასთან“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მეგობრულ რეჟიმში უნდა იქნას განხილული ის მონაკვეთები, რაზეც შეთანხმება არ არის მიღწეული და ასეთი მონაკვეთი დაახლოებით თხუთმეტია.
მრავალი წელია არ გვაქვს არავითარი ცვლილება, არავითარი პროგრესი საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით და სადაც არ გვქონდა პროგრესი, იქ გვინდა, რომ სწრაფ პროგრესს მივაღწიოთ ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად. მეგობრულ რეჟიმში უნდა განვიხილოთ თითოეული მონაკვეთი, რაზეც შეთანხმება არ არის მიღწეული. ასეთი არის დაახლოებით, 15 მონაკვეთი, და თხუთმეტივე მონაკვეთთან დაკავშირებით ძალიან აქტიურად უნდა ვიმუშაოთ. მთავარია საკითხი პრინციპულად გადაიჭრას და ამისათვის არის არსებითი დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესის დასრულება, წინსვლა ამ მიმართულებით და სწორედ ამაზე გვქონდა დღეს საუბარი“, - განაცხადა პრემიერმა.
