არაკონსტიტუციური ხუთიანი არის სინამდვილეში ერთი პოლიტიკური პარტია და ამ პოლიტიკურ პარტიას ჰქვია უცხოური აგენტურა, ამას ჰქვია მეხუთე კოლონა. როდესაც ასეთ პოლიტიკურ სუბიექტს ესარჩლებიან ქვეყნის გარედან, ეს მეტყველებს თავისთავად იმ მხარეზე, რომელიც არის ამ გამოსარჩლების ავტორი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ალდე“ ტერორისტული აქტის მხარდამჭერად გამოვიდა, როდესაც არ დაგმო ალეკო ელისაშვილის მიერ განხორციელებული შესაბამისი ქმედება.
„ალდეს“ შეფასება რთული არ არის ქართული საზოგადოებისთვის. რაც შეეხება ზოგადად საერთაშორისო გამოხმაურებას, მე ყველას მოვუწოდებ ერთადერთ რამეს, რომ ნაცვლად ასეთი მშრალი პოლიტიკური განცხადებებისა, ჩახედონ სარჩელს, თუ რაიმე სამართლებრივად აქვთ სათქმელი, კეთილი ინებონ და ეს თქვან. ასევე შემდეგ, როცა გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორი შინაასისაც არ უნდა იყოს ის, ჩახედონ გადაწყვეტილების ტექსტს და თუ სამართლებრივი პრეტენზიები ექნებათ, ისაუბრონ სწორედ სამართლებრივ პრეტენზიებზე. ნუ გააკეთებენ უხეშ პოლიტიკურ განცხადებებს. ასეთი განცხადებები პირდაპირ არის უხეში ჩარევა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც ოპოზიციაში დაპირისპირებასა და თინა ბოკუჩავას განცხადებას ეხებოდა.
„ეს დაპირისპირება დიდი ხნის დაწყებულია და ამის მთავარი მიზეზია საერთო სისუსტე, რომელიც ჩანს ოპოზიციაში. აქამდე თვითონ მიიყვანეს საკუთარი თავი, როდესაც მოუწიათ ისეთი დავალებების შესრულება, რომლებმაც დააზიანა, პირველ რიგში, მათივე ინტერესები. როდესაც ისინი არ შევიდნენ პარლამენტში და როდესაც უღალატეს საკუთარ ამომრჩეველს, ბუნებრივია, დაისუსტეს საკუთარი თავი და ის დაპირისპირებები, რომლებიც გრძელდება და ამის მორიგი გამოხატულებაა ეს განცხადებაც, არის ზუსტად სისუსტის გამოვლინება“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ვერაფერს უპირისპირებენ იმ დასაბუთებულ სარჩელს, სადაც აღწერილია ერთადერთი რამ, რომ ეს პოლიტიკური პარტიები, მთელი ამ დროის განმავლობაში, დაწყებული 2003 წლიდან, არიან დაკავებულები მხოლოდ და მხოლოდ საბოტაჟით ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.
„სასამართლო პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართება. ერთი მხრივ, ჩვენმა მხარემ საკონსტიტუციო სასამართლოში, მოსარჩელე მხარემ წარადგინა ძალიან დასაბუთებული სარჩელი და ძალიან საინტერესო იყო მსჯელობაც ამ სარჩელის გარშემო და მეორე მხარეს ვხედავთ აბსოლუტურად არასწორ ტაქტიკას - დროის გაწელვის ტაქტიკას. ამას აქვს ერთი მარტივი ახსნა, რომ სინამდვილეში საპასუხო არაფერი აქვთ. მოისმინეთ ალბათ მათი პასუხები და თითოეული მათგანი არის სრულიად არადამაჯერებელი. არის მარტივი, მშრალი პოლიტიკური განცხადებები, თუმცა ვერაფერს უპირისპირებენ იმ დასაბუთებულ სარჩელს, სადაც აღწერილია ერთადერთი რამ, რომ ეს პოლიტიკური პარტიები, მთელი ამ დროის განმავლობაში, დაწყებული 2003 წლიდან არიან დაკავებულები მხოლოდ და მხოლოდ საბოტაჟით ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. მათი გამუდმებული ზრუნვის საგანია კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ან ძალადობით შეცვლა და ამას ისინი აკეთებენ ქმედითი მცდელობებით, რაც ძალიან თვალსაჩინოა. ეს არის აღწერილი კონსტიტუციურ სარჩელში და, რა თქმა უნდა, რაც ფაქტია, იმაზე რთულია რაიმე ხელშესახების დაპირისპირება,“- აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც სასამართლო პროცესზე ნიკა გვარამიას განცხადებას ეხებოდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით.
„ყველამ იცის, რომ ეს არის ჩვეულებრივი აბსურდი და არ შეიძლება სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ ბატონი გვარამიას განცხადებებზე. უბრალოდ არასერიოზულია ასეთი განცხადებები. ეს არის ისტერიული მცდელობა, რომ საკუთარი ცოდვები გადაფარონ, თუმცა, საბოლოო ჯამში, საზოგადოება ხედავს იმას, თუ რამდენად მყარია ის სარჩელი, რომელიც წარდგენილია საკონსტიტუციო სასამართლოში“, - აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, თავიანთი განცხადებებით ისინი მხოლოდ და მხოლოდ ამყარებენ სარჩელს.
„გავიხსენებ განცხადებას ერთიანი ორგანიზმის შესახებ, რაც გააკეთა ბატონმა გვარამიამ. ესეც ძალიან საინტერესო განცხადება იყო, რომელიც მოსარჩელეს ძალიან გამოადგება ამ პროცესში. რეალურად, საკუთარი გამოსვლებით ისინი კიდევ უფრო მეტად ამყარებენ ამ სარჩელს. არის გარკვეული შიდა მოსაზრებები ოპოზიციაში იმასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა წასულიყვნენ ეს პარტიები საკონსტიტუციო სასამართლოში, მე ამას დავეთანხმებოდი. იმდენი რამე თქვეს სარჩელის გასამყარებლად, რომ მათთვის ნამდვილად კონტრპროდუქტიულია საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომებზე დასწრება,“- აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში უნდა არსებობდეს პოლიტიკური პარტიები, მაგრამ თითოეული მათგანი უნდა იყოს პოლიტიკური პარტია, რომელიც ემსახურება საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს.
„ოპოზიცია შეიქმნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს ამ სარჩელს. დღეს საქართველოში არ არსებობს ოპოზიცია. ამ პოლიტიკურ პარტიებს მოვიხსენიებთ ხან ოპოზიციად, ხან რადიკალურ ოპოზიციად, თუმცა, სინამდვილეში, მთავარი ფაქტი არის ის, რომ საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს. საქართველოში არის უცხოური აგენტურა. საქართველო უცხოური აგენტურის გარეშე, ეს არის ჩვენი სლოგანი. ჩვენ ვაუქმებთ უცხოურ აგენტურას ქართულ პოლიტიკაში. ჩვენს დემოკრატიულ სისტემაში, ქართულ პოლიტიკაში არ შეიძლება იყოს უცხოური აგენტურის ადგილი. საქართველოში უნდა არსებობდეს პოლიტიკური პარტიები. ეს შეიძლება იყოს მმართველი პარტია, ოპოზიციური პარტია, მაგრამ თითოეული მათგანი უნდა იყოს პოლიტიკური პარტია, რომელიც ემსახურება საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს. ჩვენს დემოკრატიულ სისტემაში და ქართულ პოლიტიკაში უცხოური აგენტურის ადგილი არ არის. ეს არის არაკონსტიტუციური ხუთიანი, რომელიც სინამდვილეში ერთი პარტიაა და ამ პარტიას ჰქვია უცხოური აგენტურა. თუკი რაიმე შეიძლება გაუქმდეს, ამ პროცესის საფუძველზე, ეს არის სწორედ უცხოური აგენტურა“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველამ პატივი უნდა სცეს სამართლის უზენაესობას ქვეყანაში.
„ჩვენ ძალიან მკაფიო გზავნილი გვაქვს პატიმრებთან დაკავშირებით, ვინც იყო ჩართული ძალადობაში, მათ შორის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორებთან მიმართებითაც ვრცელდება ეს გზავნილი. ვინც იყო ჩართული ძალადობაში, ყველას შეუძლია, თავი დააღწიოს პატიმრობას, იგივე ვრცელდება ბატონ ბურჭულაძეზეც. თუ იქნება მისი მხრიდან სინანულის გამოხატულება, თუ იქნება მონანიება, აღიარება, ამ შემთხვევაში ის ძალიან მარტივად დატოვებს საპატიმროს, ყოველგვარი მოთხოვნა უპირობო გათავისუფლების შესახებ, პრინციპულად ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებს.
„იცით, რომ არჩევნებსა და ინაუგურაციას შორის, წინა ადმინისტრაციამ შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან, რაც იყო ძალიან უხეში ნაბიჯი და ეს ყველაფერი იყო იმ უხეში ნაბიჯების გაგრძელება, რასაც ვხედავდით ჩვენ წინა ადმინისტრაციის პირობებში. გახსოვთ, როგორ იტყუებოდა უხეშად მაშინდელი ელჩი, როგორ ესხმოდნენ თავს ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს მაშინდელი ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ამის კულმინაცია იყო სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება საქართველოსთან.
ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ქალბატონ ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ჩვენი სურვილი - აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი და ზუსტად ამის გარშემო გვქონდა საუბარი შეხვედრაზე,“- აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც ჯო უილსონის კორუფციულ სკანდალში გახვევას ეხებოდა.
„ჩვენ უნდა დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია, მაგრამ როდესაც კონკრეტული ადამიანი, პოლიტიკოსი ამდენ აბსურდულ განცხადებას აკეთებს, მაგალითად საქართველოსთან დაკავშირებით, იქ აშკარაა, რომ ამის უკან რაღაც უნდა იდგეს. კონკრეტულად რა იდგა ამის უკან, ამას დაადგენს შესაბამისი ამერიკული გამოძიება. ჩვენ ასევე ვიხილეთ კონკრეტული პოლიტიკოსების მოხსენიება ლობისტურ კონტრაქტებში და ეს არის არასწორი პრაქტიკა. ჩვენთის ეს არის კორუფციული პრაქტიკა, რაც აბსოლუტურად მიუღებელია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მაშინდელმა ხელისუფლებამ შემდეგ ტოტალურად გააყალბა არჩევნები, დაიწყო ომი, რის შემდეგაც ბიძინა ივანიშვილს მოუწია დისტანცირება იმ პროცესებისგან, რომლებიც უკავშირდებოდა ხელისუფლებას.
„ბატონი ბიძინა ივანიშვილი არა მხოლოდ სხვა ტიპის საქველმოქმედო პროექტებს ახორციელებდა, არამედ საჯარო მსახურების ხელფასებსაც კი ასუბსიდირებდა. ასეთ ფონზე ასეთი სამარცხვინო იაფფასიანი განცხადებების კომენტირებას საერთოდ არ მგონია აზრი ჰქონდეს. ბატონი ბიძინა ივანიშვილი 2008 წლამდე ეხმარებოდა სახელმწიფოს, ჯარის რესურსების გაძლიერებაში, პოლიციის რესურსების გაძლიერებაში, საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენციის საქმეში ჰქონდა თავისი წვლილი, ის ემსახურებდა სახელმწიფოს განმტკიცების საქმეს, თუმცა ეს ყველაფერი ვერ დააფასა მაშინდელმა ხელისუფლებამ. შემდეგ გააყალბეს ტოტალურად არჩევნები, შემდეგ დაიწყო ომი, უმრავი სხვა პროცესი განვითარდა 2008 წლიდან მოყოლებული, რის შემდეგაც მთლიანად მოუწია ბატონ ბიძინა ივანიშვილს დისტანცირება იმ პროცესებისგან, რომლებიც უკავშირდებოდა ხელისუფლებას. მანამდე ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყო პირდაპირ ჩართული სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებაში, ეს ეხებოდა განსაკუთრებით, ჯარს, პოლიციას, საჯარო სამსახურს და მან ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ მიმართულებით ინსტიტუტების განმტკიცებაში, რაც ვერ დააფასეს იმ ადამიანებმა, რომლებიც კორუფციით იყვნენ დაკავებული“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც ჯარს არ ჰქონდა ტანსაცმელი, ბიძინა ივანიშვილი ზრუნავდა ჯარისკაცებისთვის ტანსაცმლის და უნიფორმების შეძენაზე, რაც „ნაცმოძრაობის“ დახმარება არ არის.
„ჯარს ტანსაცმელი რომ არ ჰქონდა და ბიძინა ივანიშვილი ზრუნავდა ჯარისკაცებისთვის ტანსაცმლის შეძენაზე და უნიფორმების შეძენაზე, ეს არ არის „ნაცმოძრაობის“ დახმარება, ან როდესაც საჯარო სამსახურში იყო გამოწვევები კორუფციის კუთხით, როდესაც დანამატებს უხდიდა საჯარო მოსამსახურეებს, ეს არ მგონია იყოს ნაცმოძრაობის დახმარება, ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცება“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, საქართველოს აქვს ძალიან მეგობრული ურთიერთობები აზერბაიჯანულ მხარესთან და ეს ყველაფერი მოლაპარაკების საგანია.
„ჩვენ გვაქვს ძალიან მეგობრული ურთიერთობები აზერბაიჯანულ მხარესთან. დაელოდეთ მოვლენების განვითარებას, ეს ყველაფერი მოლაპარაკების საგანია. გარდა ბოლო 5 წლისა, მანამდე იყო კიდევ 30 წელი. 35 წელია ვერ განხორციელდა საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაცია და რაც ვერ განხორციელდა 35 წლის განმავლობაში, იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში განხორციელდება. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას,“- აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ წლის ბოლოსაც ეს პროგნოზი გადაჭარბებით შესრულდება.
„ამ ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები. ეს არის, პირველ რიგში, საერთო ეკონომიკური გარემო, რომელიც არის შექმნილი, ჩვენი სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, სათანადო საგადასახადო სისტემა და ბიუროკრატიის სიმარტივე. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ეკონომიკურ პროცესებს, მათ შორის ინვესტიციების განხორციელებას საქართველოში. ასევე, ცალკე მინდა გამოვყო, განსაკუთრებით ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკური გუნდის ძალიან ეფექტური და ეფექტიანი მუშაობა. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც ასევე ხელი შეუწყო მაღალი ტემპის შენარჩუნებას, არის კორუფციის დამარცხება ზედა დონეზე. ამ კუთხით გვქონდა გამოწვევები, თუმცა პრინციპულად გადავჭერით ეს საკითხი. შესაბამისად, მივიღეთ ის შედეგი, რომ შევინარჩუნეთ ეკონომიკური ზრდის იგივე ტემპი, რაც გვქონდა გასულ წელს, მაშინ, როდესაც თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ თუნდაც ჩვენს რეგიონს, ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, ყველგან არის ეკონომიკური ზრდის ტემპი შემცირებული რეგიონული და გლობალური პროცესებიდან გამომდინარე და ამ ფონზე, ჩვენ მოვახერხეთ იგივე ტემპის შენარჩუნება.კორუფციასთან ბრძოლა ამის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო“, - აღნიშნა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სტარეტეგიული პარტნირობის აღდგენის შემთხვევაში, ამას მოჰყვება ყველა მიმართულებით გაგრძელება იქნება ეს სანქციები თუ ნებისმიერი სხვა.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი ნაბიჯი გადადგმული, ჩვენ გვაქვს უამრავი საჯარო განცხადება გაკეთებული, კონკრეტული ნაბიჯები გვაქვს გადადგმული იმისათვის, რომ აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა. ზოგადი პასუხი იყო, რომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა ორ ქვეყანას შორის. ჩვენ კონკრეტულ თემებზე ამ კუთხით არ გვქონია საუბარი. უფრო პირველი და გაცნობითი შეხვედრა იყო და უფრო ზოგადი შინაარსის იყო ეს შეხვედრა. ზოგადად საუბარი გვქონდა ჩვენ ჩვენს სურვილზე, აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა და მზად ვართ ამაზე მუშაობისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ეს არის იმ ძალების ინტერესებში, რომლებსაც აქვთ გადამწყვეტი გავლენა ევროპულ ბიუროკრატიაზე.
„ეს არ არის სინამდვილეში ევროკავშირის საკითხი, ეს არის იმ ძალების ინტერესებში, რომლებსაც აქვთ გადამწყვეტი გავლენა ევროპულ ბიუროკრატიაზე. მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანია ევროპის დასუსტება, მათ შორის ეკონომიკის, დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტება და ამის გამოვლინებაა ის პროცესები, რომლებიც ვითარდება ევროპის ქვეყნებში. იცით, რომ ევროპას აქვს არსებითი პრობლემები, მათ შორის, ეკონომიკური კუთხით. მას შემდეგ, რაც დაეკარგა წვდომა ევროპას მაგალითად იაფ რუსულ ენერგორესურსებზე, შეიქმნა სერიოზული გამოწვევები ენერგეტიკისა და ზოგადად ეკონომიკის სფეროში. ბევრი მიმართულებით არის სერიოზული გამოწვევები და ასევე თქვენ ხედავთ, რომ მოშლილია დემოკრატიული სისტემები პრაქტიკულად მთელი ევროპის მასშტაბით. ლიდერების რეიტინგები არის ხშირ შემთხვევაში 20 %-ზე ქვემოთ ჩამოსული. ამ ყველაფერს განაპირობებს ის პროცესები, რომლებიც კომპლექსურად ვითარდება კონკრეტული ძალების მხრიდან ევროპის დასასუსტებლად, რაც არის ძალიან სამწუხარო პროცესი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროპა საკუთარ თავში იპოვის იმის ძალას, რომ შემოატრიალოს ეს პროცესი უკეთესობისკენ,“- აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, ეს არის სამწუხარო და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ეს დამოკიდებულება შეიცვლება.
„სამწუხარო დამოკიდებულებაა, ეს არის შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, რაც იმედია, შეიცვლება მომავალში,“- აღნიშნა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეკვეთილის პროექტი მთლიანად გურიისთვის, ამ რეგიონისთვის ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი იყო იმისათვის, რომ სხვა ეკონომიკური პროცესების სტიმულირებაც მომხდარიყო.
„პარაგრაფი შეკვეთილში ან პარაგრაფის სასტუმროებს თბილისში, თავისთავად აქვს საქველმოქმედო შინაარსი. რომ ავიღოთ შეკვეთილის პროექტი, მთლიანად გურიისთვის, ამ რეგიონისთვის და შავი ზღვისპირა რეგიონისთვის ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი იყო იმისათვის, რომ სხვა ეკონომიკური პროცესების სტიმულირებაც მომხდარიყო. არის უმნიშვნელოვანესი პროექტები, რომლებიც მთლიანობაში ხელს უწყობს შესაბამისი ეკონომიკური პროცესების სტიმულირებას“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირის ჩასატარებლად პარლამენტში დამტკიცებულ კანონს ეხებოდა.
„სინამდვილეში ამ კანონპროექტს არავითარი განსაკუთრებული სიახლე არ შემოაქვს. საუბარია კონკრეტული ტიპის ტურნირებზე, მაგალითად პოკერის ტურნირზე, რომელიც საერთაშორისო სპორტულ არხებზე გადაიცემა და საუბარია აქ კონკრეტული საგადასახადო რეგულაციების შემოღებაზე. შესაბამისად, აქ არ შემოდის არავითარი განსაკუთრებული ცვლილება. ფართო დისკუსია საერთოდ არ იყო საჭირო ამ საკითხთან დაკავშირებით. მე თვითონ მაგალითად საერთოდ არ ვიყავი საქმის კურსში, იმდენად უმნიშვნელო არის ის ცვლილება თავისი შინაარსით. ლობისტი ყველა კანონს შეიძლება ჰყავდეს. დიდი ფული თუ შეიძლება სადმე შემოვიდეს, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში საბოლოოდ. ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ. რაც შეეხება ლობისტებს, რეალურად, ლობისტები კი არ ჰყავს, ინიციატორები ჰყავს ამ კანონონპროექტს. კიდევ ერთხელ, ეს არ არის რაიმე არსებითი ცვლილება, მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს გავიგე მას შემდეგ, რაც დაინიცირდა, მერე გაკეთდა კონკრეტული განცხადებები. იმიტომ არ ვიცოდი, რომ ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი. მას რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არსებულ რეგულაციებში არ შეაქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
