„მედიის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს ობიექტურობის სტანდარტების განსაზღვრას და შემდეგ ამ ყველაფრის აღსრულებას, ეს სტანდარტები ისედაც იყო დადგენილი, თუმცა არ არსებობდა ინსტიტუციური მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც აღსრულდებოდა შესაბამისი კანონმდებლობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს სოფელ შრომაში განუცხადა.
მისივე თქმით, ახალი რეგულაციების მიღების შემდეგ ქვეყანას ექნება როგორც სტანდარტები, ისე ამ სტანდარტების ამოქმედების ინსტიტუციური მექანიზმები.
„ჩვენ, ახალი კანონის მიღების შემდეგ, გვექნება როგორც სტანდარტები, ასევე ამ სტანდარტების ამოქმედების ინსტიტუციური მექანიზმები. აქედან გამომდინარე, ეს კანონპროექტი არის აბსოლუტურად გამართული და პარლამენტი სათანადო ვადებში უზრუნველყოფს ამ კანონის მიღებას,“- აღნიშნა პრემიერმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილმა ტყუილი თქვა გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიცია რთულ მდგომარეობაშია.
„სანქციების დაწესების შემთხვევაში მოხდებოდა ესკალაცია, ჩამოიქცეოდა ეკონომიკა. ყველაფერი იყო დღესავით ნათელი, თუმცა ამას ითხოვდნენ სწორედ ხელისუფლებისგან თავის დროზე ეს ადამიანები. დღეს სათქმელი არაფერი აქვთ და აქედან გამომდინარე უწევთ ტყუილების ლაპარაკი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, იმ პირობებში, როცა აშშ-ის მოქმედმა ხელისუფლებამ აღიარა, რომ კონკრეტული მექანიზმები, მათ შორის, USAID, NED და სხვა მექანიზმები გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანასა და მათ შორის, საქართველოში ვითარების ასარევად, NGO-ების გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს.
„აშშ-ის მოქმედმა ხელისუფლებამ აღიარა, რომ კონკრეტული მექანიზმები, მათ შორის, USAID, NED და სხვა მექანიზმები გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში ვითარების ასარევად. ასეთ პირობებში, მითუმეტეს, ალტერნატივა არ აქვს NGO-ების გამჭვირვალობას, არ შეიძლება NGO-ები და მათი დაფინანსება იყოს გამოყენებული, როგორც ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციის მექანიზმი. შესაბამისად, ბუნებრივია, ამ კანონის მიღებას არავითარი ალტერნატივა არ აქვს,“- აღნიშნა პრემიერმა.