"სტიქიის ზონაში აქტიურ რეჟიმში გრძელდება სამუშაოები, ვითარება კვლავაც საკმაოდ რთულია" - პრემიერი

მაქსიმუმი კეთდება პრობლემების მოსაგვარებლად, სირთულეები არის ბევრი, გამომდინარე იქიდან, რომ იყო უპრეცედენტო დიდთოვლობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოფელ შრომაში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, თოვლით დაფარულ გზის მონაკვეთებზე აქტიურად წარიმართება გაწმენდითი სამუშაოები.

„ადგილობრივები როგორც ამბობენ, 1972 წელს იყო ბოლოს ამ მასშტაბის დიდთოვლობა რეგიონში. შესაბამისად, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, თუ რამდენად დიდია სტიქიის მასშტაბი. არის თოვლით დაფარული გზის მონაკვეთები და აქტიურად წარიმართება გაწმენდითი სამუშაოები. თავიდან ბოლომდე არის მობილიზებული უკლებლივ ყველა უწყება, გუშინდელი დღიდან უკვე ჯარის ჩათვლით, იმისათვის, რომ ეს სამუშაოები სათანადო ვადებში შესრულდეს. სირთულეები, პრობლემები რჩება, მაგრამ სრული მობილიზაციით განაგრძობენ უწყებები მუშაობას“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საჭიროა გზის გაწმენდა სოფლებში და ამაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. 

„რეალურად ამ სოფლების შემთხვევაშიც არის ზუსტად იგივე სამუშაოები ჩასატარებელი, რაც სოფელი შრომის შემთხვევაში, საჭიროა გზის გაწმენდა და ამაზე მუშაობა წარიმართება. არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება, ერთ დღეშიც ვერ მოხერხდეს გზის გაწმენდა და ალტერნატიული საშუალებებით შევლენ როგორც მაშველები, ასევე თავდაცვის ძალების წარმომადგენლები შესაბამის სოფლებში იმისათვის, რომ შესაბამისი დახმარებით უზრუნველყონ მოსახლეობა. ევაკუაცია ნაკლებად აქტუალურია, როგორც ჩარევის ზომა, თუმცა რაც შეეხება სოფლებში შესვლას, უკლებლივ ყველა სოფელში უნდა შევიდეთ იმისათვის, რომ მოსახლეობას ადგილზე გავუწიოთ დახმარება. ეს არის გეგმა, რომელიც გვაქვს დასახული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კითხვაზე, რომელიც სტიქიასთან დაკავშირებით, შალვა პაპუაშვილის გუშინდელი განცხადების არასწორ ინტერპრეტაციას შეეხებოდა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც საჭიროა გარკვეული საკითხების უფრო ზუსტად რეგულირება და მათ შორისაა მედიასთან დაკავშირებული საკითხების.

 

„ზოგადად, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა. არის რაღაც მოვლენები, რასთან დაკავშირებითაც სპეკულაციები არის მიუღებელი და სტიქია არის ერთ-ერთი ასეთი. სტიქიის დროს, ყველა ერთ მუშტად უნდა იყოს შეკრული, თუმცა აქაც, სამწუხაროდ, კონკრეტული ძალები ცდილობენ სპეკულაციების აგებას. რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც საჭიროა გარკვეული საკითხების უფრო ზუსტად რეგულირება, მათ შორის, მედიასთან დაკავშირებული საკითხების უფრო ზუსტად რეგულირება. სპეკულაციები განსაკუთრებულად მიუღებელია ასეთ პერიოდში,“- აღნიშნა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სოფელი შრომა და რამდენიმე მიმდებარე სოფელი მთლიანად იყო მოწყვეტილი ოზურგეთს. 

 

„ღამის განმავლობაში დილამდე მაშველებმა ძალიან აქტიურად იმუშავეს და მთლიანად გაიწმინდა გზის ეს მონაკვეთი. შესაბამისად, კომუნიკაცია არის აღდგენილი, გზის არარსებობის გამო ელექტროენერგიაც ჯერ კიდევ არის შეწყვეტილი და გზის გაწმენდა იძლევა იმის საშუალებას, რომ უახლოეს საათებში ელექტროენერგიის მიწოდებაც აღდგეს. „ენერგო-პროსთან“ გვქონდა ამაზე საუბარი და დაგვპირდნენ, რომ უახლოეს საათებში ეს პრობლემა მოგვარდება, ანალოგიურად ყველა სხვა დასახლების შემთხვევაში მსგავსი სამუშაოები არის ჩასატარებელი. გრძელდება აქტიურად მუშაობა იმისათვის, რომ აღდგეს კომუნიკაცია, სადაც საჭიროა, აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება და ეს სამუშაოები გაგრძელდება. 

 

ასევე მაქსიმალურად, სადაც ამის საჭიროება იქნება, უზრუნველვყოფთ მოსახლეობას სურსათით, მედიკამენტებით. ძალიან აქტიურად მუშაობს სასწრაფო დახმარების ბრიგადები. აქამდე არ გვაქვს არც ერთი კრიტიკული შემთხვევა, როდესაც იყო გადაუდებელი აუცილებლობა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ვერ შეძლო ადგილზე მისვლა. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში სასწრაფო დახმარების ბრიგადები ახერხებდნენ ადგილზე მისვლას და სასწრაფო დახმარების გაწევას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა მაშველებს, სასწრაფო დახმარების ბრიგადებს, სამხედროებს, ადგილობრივ ხელისუფლებას და ყველას, ვინც ჩართულია შესაბამის სამუშაოებში. 

 

„მადლობა ყველას, მაშველებს, რომლებიც არიან ჩართული აქტიურად ამ სამუშაოებში, სასწრაფო დახმარებას, სამხედროებს, რომლებიც გუშინ ჩაერთვნენ შესაბამის სამუშაოებში, ყველას განსაკუთრებული მადლობა. ადგილობრივ ხელისუფლებას მადლობა, დღისა და ღამის განმავლობაში ისინი აქტიურად მუშაობენ იმისათვის, რომ ყველა პრობლემა გადაიჭრას. რა თქმა უნდა, რჩება სერიოზული სირთულეები და პრობლემები. ჯერ კიდევ არის დასახლელები, რომლებიც მთლიანად მოწყვეტილია გარესამყაროს, შესაბამისად, იქ მაქსიმალური ყურადღება იქნება გამახვილებული, რათა კომუნიკაცია აღდგეს. სხვადასხვა საშუალება იქნება ჩართული ამ პრობლემების მოგვარებაში“, - განაცხადა პრემიერმა.