აჭარაში მოგვარებულია პრობლემების ძირითადი ნაწილი, ვბრუნდებით გურიაში - პრემიერი

ინტენსიურად წარიმართება გზის გაწმენდითი სამუშაოები, დღის განმავლობაში, საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ მოწყვეტილი სოფლები დაკავშირებოდნენ გარესამყაროს, ახლა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ოზურგეთში განუცხადა.

 

მისივე თქმით, საკმაოდ ბევრია ისეთი სოფელი, რომლებსაც არ მიეწოდებათ ელექტროენერგია შესაბამისი დაზიანების გამო და ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, რაზეც დღეს სხდომის ფარგლებში იმსჯელეს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, შეუფერხებლად მუშაობენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ კრიტიკული გამოძახების დროს ბრიგადა ვერ მისულიყო ადგილზე.

 

„ეს დღეები ინტენსიურად წარიმართება გზის გაწმენდითი სამუშაოები. დღის განმავლობაში, საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ მოწყვეტილი სოფლები დაკავშირებოდნენ გარესამყაროს და სამაშველო სამსახურებმა იმუშავეს განსაკუთრებულად ინტენსიურად ამისთვის. ახლა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა, საკმაოდ ბევრია ისეთი სოფელი, რომლებსაც არ მიეწოდებათ ელექტროენერგია შესაბამისი დაზიანების გამო და ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, რაზეც დღეს გვქონდა მსჯელობა. აქტიურად წარიმართება მუშაობა შემდეგი დღეების განმავლობაში იმისათვის, რომ სრულად აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება. იმედი გვაქვს ამინდის, ხვალიდან აღარ არის პროგნოზირებული თოვა და იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი გააიოლებს სამაშველო და გზის გაწმენდის სამუშაოებს. ასევე, ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოებს. დანარჩენს დაველოდოთ, ჩვენ ყველა სცენარისთვის ვართ მომზადებულები. პრიორიტეტებს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არის გზების გაწმენდა, კომუნიკაციის აღდგენა, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა, სურსათით უზრუნველყოფა. კარგია ის, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები შეუფერხებლად მუშაობენ. არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ კრიტიკული გამოძახების დროს ვერ მისულიყო ბრიგადა ადგილზე, შესაბამისად, აქაც მაქსიმალურად ვიქნებით მობილიზებულნი,“- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და ყველა სამსახურის, რომლებმაც ოპერატიულად იზრუნეს პრობლემის აღმოფხვრაზე. 

 

„ძირითადად გურიაზე ვართ კონცენტრირებული გამომდინარე იქიდან, რომ ყველაზე მეტი პრობლემა ამ რეგიონშია, თუმცა ჩვენ გავეცანით დღეს აჭარაში არსებულ მდგომარეობას. ამ დღეების განმავლობაში ინტენსიურად წარიმართებოდა სამუშაოები, პრობლემები ყველაზე მეტად იყო ბათუმში, ქობულეთში, ასევე ხელვაჩაურში, თუმცა ინტენსიური სამუშაოების შედეგად გზები არის არსებითად გაწმენდილი. რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, არის ლოკალური შემთხვევები, თუმცა როგორც  გვითხრეს, მაქსიმუმ ხვალისთვის ყველგან იქნება უკვე ელექტროენერგია ჩართული. ინტენსიურად წარიმართება სამუშაოები და მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, ყველა სამსახურის იმისათვის, რომ ოპერატიულად იზრუნეს პრობლემების მოგვარებაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


პრემიერმა უპასუხა შეკითხვას თუ რატომ ავრცელებენ ოპონენტები დეზინფორმაციას და სპეკულირებენ   სტიქიასთან ბრძოლის პარალელურად.

„ეს  მათი ხასიათია უბრალოდ, დაკვეთაა როგორც ჩანს. ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული თავიდან ბოლომდე პრობლემების მოგვარებაზე და ნაკლები ყურადღება უნდა დავუთმოთ მათ განცხადებებს“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ის ბრუნდება გურიაში, სადაც ადგილზე გაეცნობა ვითარებას და გასცემს მითითებებს იმასთან დაკავშირებით, თუ სრულად როგორ უნდა გამოსწორდეს ყველა საკითხი.

 

„უნდა აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება, მოსახლეობის, დაახლოებით, 20 %-ს არ მიეწოდება დღეს ელექტროენერგია და აქ არის, რა თქმა უნდა, ინტენსიური სამუშაოები ჩასატარებელი. ჩვენ ახლა დავბრუნდებით გურიაში და, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად დავინტერესდებით არსებული ვითარებით. გვექნება მითითებები იმასთან დაკავშირებით, თუ სრულად როგორ უნდა გამოსწორდეს ყველა საკითხი,“- განაცხადა პრემიერმა.