ეს შანტაჟია, რომელიც გრძელდება უკვე სამი წელია, უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად დაიწყო ეს შანტაჟი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ბრიტანეთის თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე მსჯელობას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არავისთვის არის საინტერესო და უბრალოდ არის სამწუხარო რეალობა.
„ჯერ იყო დე-ფაქტო სანქციები, ახლა უკვე ფორმალური სანქციებით მუქარა და შანტაჟი. ეს არავისთვის არ არის საინტერესო, უბრალოდ არის სამწუხარო რეალობა, რასაც ხაზი უნდა გაესვას,“- აღნიშნა პრემიერმა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ბრიტანეთის თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე მსჯელობა არის ერთგვარი უსუსური შანტაჟის მცდელობა.
„ეს შანტაჟი დაიწყო 3 წლის წინ უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად, თქვენ იცით, რომ კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდათ ჩვენ მიმართ და მათ შორის კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდათ ბიძინა ივანიშვილის მიმართ. შანტაჟი უკავშირდებოდა ამ ყველაფერს, თუმცა უშედეგო იყო ეს შანტაჟი, გამომდინარე იქიდან, რომ არც ბიძინა ივანიშვილი, არც ხელისუფლება მთლიანად, არავითარ შემთხვევაში არ გადადგამდა არავითარი შანტაჟის პირობებშიც ისეთ ნაბიჯს, რომელიც პირდაპირ ნიშნავდა ქვეყნის განადგურებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, თუ როგორ აფასებს მთავრობის მეთაური ფაქტს, რომ ოპოზიცია უარყოფს, თითქოს არ სთხოვდნენ არც ისინი და არც ელჩები საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დაწყებისთანავე, 25 თებერვლიდან დაიწყო რადიკალური ოპოზიციის მიერ დაორგანიზებული აქციები თბილისში და ჰქონდათ, სწორედ, ორი მოთხოვნა : ერთი იყო სანქციებთან მიერთება, მეორე კი - უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა მთავრობის ოფიციალური თანხმობით.
„თქვენ გახსოვთ, 25 თებერვლიდან დაიწყო რადიკალური ოპოზიციის მიერ დაორგანიზებული აქციები თბილისში და ჰქონდათ, ძირითადად, ორი მოთხოვნა : ერთი იყო სანქციებთან მიერთება და მეორე - უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა მთავრობის ოფიციალური თანხმობით. შემდეგ უკრაინის ხელისუფლებამ ამ ორი საბაბით გაიწვია ელჩი საქართველოდან და ამაზეც გახსოვთ რადიკალური ოპოზიციისა და მათი პატრონების რეაქცია. ისინი ამტყუნებდნენ საქართველოს ხელისუფლებას და არა უკრაინის ხელისუფლებას. არც ერთი მათგანი არ გამოსულა მაშინ და არ უთქვამს, რომ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო უსამართლო და მოთხოვნა სანქციებთან მიმართებაში, ისევე როგორც მებრძოლი მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით, იყო აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი. მაშინ ისინი მხარს უჭერდნენ უკრაინის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას და აკრიტიკებდნენ კიდეც საქართველოს ხელისუფლებას იმის გამო, რომ უკრაინამ მიიღო გადაწყვეტილება ელჩის გაწვევის თაობაზე. ყველაფერი დევს ხელის გულზე, არქივი არ იშლება და ეს არქივი მეტყველებს იმაზე, რომ ისინი ითხოვდნენ სანქციებთან მიერთებას, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას. უფრო მეტიც, ამბობდნენ, რომ რცხვენოდათ ქართველობის იმის გამო, რომ ჩვენ არ მივუერთდით სანქციებს და უკრაინაში მებრძოლი მოხალისეები არ გავგზავნეთ. ეს ნიშნავდა პირდაპირ ესკალაციას, საქართველოს ჩართვას სამხედრო კონფლიქტში, ამ მოთხოვნებს უერთდებოდა მთელი რადიკალური ოპოზიცია, მათი პატრონების დაკვეთით,“- განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გვარამიას და რასა იუკნევიჩიენეს არ აქვთ არავითარი რესურსი, ცარიელ განცხადებებს აკეთებენ.
„გვარამია და რასა იუკნევიჩიენე ერთად რა რესურსის მატარებლები არიან, კარგად მოგეხსენებათ. მათ არ აქვთ არავითარი რესურსი, ეს არის ცარიელი განცხადებები, ასეთ განცხადებებს ვისმენთ უკვე მრავალი წელია. შეუძლიათ, აკეთონ განცხადებები. ფაქტი არის ერთი, ქვეყანა განაგრძობს წინსვლას და განვითარებას როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე დემოკრატიული, პოლიტიკური თვალსაზრისით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით,ევროპარლამენტი გამოვიდა, დაახლოებით 500 ხმით დაამტკიცა რეზოლუცია, სადაც მოითხოვა სანქციებთან მიერთება და ეს მოიწონა რადიკალურმა ოპოზიციამ დანარჩენი ყველაფერი არის ტყუილი და სპეკულაცია.
„არა თუ განცხადებები არ ყოფილა, მინდა შეგახსენოთ ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია. მთელი ევროპარლამენტი ადგა და მიიღო რეზოლუცია, სადაც ჩაიწერა მოთხოვნა სანქციებთან მიერთების შესახებ. რაზეა აქ საერთოდ საუბარი. მანამდე, გახსოვთ თქვენ კონკრეტული პრეზიდენტების, კონკრეტული ევროპარლამენტარების და ბევრი სხვა პოლიტიკოსის თუ ბიუროკრატის განცხადება, რასაც დიდი მოწონებით ხვდებოდა რადიკალური ოპოზიცია. არქივი არ იშლება, არსებობს არქივი. ევროპარლამენტი გამოვიდა, დაახლოებით 500 ხმით დაამტკიცა რეზოლუცია, სადაც მოითხოვა სანქციებთან მიერთება და ეს მოიწონა რადიკალურმა ოპოზიციამ. ამის შემდეგ რაზეა საუბარი, დანარჩენი ყველაფერი არის ტყუილი და სპეკულაცია“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავარია, საგარეო დაფინანსება არ ემსახურებოდეს ქვეყნის საწინააღმდეგო გარკვეულ პროცესებს, სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო პროცესებს.
„ჩვენ ინტენსიურ რეჟიმში გავაგრძელებთ თანამშრომლობას ყველასთან, ვინც არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნის განვითარებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არ შეიძლება, ქვეყნის გარედან ფინანსდებოდეს რევოლუციური ქმედებები, პროპაგანდა გარკვეული მიმართულებით, ამ ყველაფერს ემსახურებოდა NED-ის დაფინანსება.
„NED-ის ხაზით ძალიან მძიმე აქტივობები ფინანსდებოდა ჩვენს ქვეყანაში, ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, შესაბამისად, რაც ნაკლები იქნება ამ მიმართულებით წამოსული დაფინანსება, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის. არ შეიძლება, ქვეყნის გარედან ფინანსდებოდეს მაგალითად, რევოლუციური ქმედებები, პროპაგანდა გარკვეული მიმართულებით. ამ ყველაფერს ემსახურებოდა NED-ის დაფინანსება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დაფინანსება შეიზღუდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.