"რომ არა ჭადრაკისებური გათვლები, რასაც აკეთებდა ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი, ძალიან რთული იქნებოდა ამ წნეხის გაძლება" - პრემიერი

ჩვენ გამოვიარეთ ძალიან რთული 3 წელიწადი და სერიოზული ზეწოლა გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ ამ პერიოდის განმავლობაში. ჩვენ გვიწევდა ბეწვის ხიდზე სიარული,  -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში, ჟურნალისტებს განუცხადა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან რთული პროცესები იყო, თუმცა მთავარი არის ის, რომ საზოგადოება დადგა ხელისუფლების გვერდით.

„რეალურად, რომ არა ჭადრაკისებური გათვლები, რასაც აკეთებდა ჩვენი ხელისუფლება, რასაც აკეთებდა, პირველ რიგში, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნებოდა ამ წნეხის გაძლება. პირდაპირი მოთხოვნები იყო, პირდაპირი ზეწოლა იყო. გახსოვთ, რამდენად რთული იყო, განსაკუთრებით ომის დაწყებიდან პირველი დღეები, როცა ჩვენგან ითხოვდნენ სანქციებთან მიერთებას, რაც პირდაპირ გამოიწვევდა, როგორც ესკალაციას, ასევე ეკონომიკის ჩამოშლას. ჩვენგან ითხოვნენ მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას, რაც ნიშნავდა პირდაპირ ქვეყნის ომში ჩართვას. გარდა ამისა, ჩვენ ბოლომდე ღიად მაინც არ ვსაუბრობთ იმ ზეწოლაზე, რომელიც ხორციელდებოდა დახურულ კარს მიღმა. იქ უკვე ღია ტექსტებით იყო საუბარი ომში ჩართვასთან დაკავშირებით, პარტიზანულ ომზე გადასვლასთან დაკავშირებით ოკუპაციის შემდეგ, ღია ტექსტებით მიდიოდა ამ ყველაფერზე საუბარი. ამას მოჰყვა მთელი პროცესები, რაც უკავშირდებოდა კანდიდატის სტატუსს. ერთადერთი მიზეზი,  რატომაც ჩვენ 2022 წლის ივნისში არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, იყო ჩვენი  უარი ომში ჩართვაზე. გვითხრეს ჩვენ უარი კანდიდატის სტატუსზე, რასაც მოჰყვა რევოლუციის მცდელობა, ეს ყველას ძალიან კარგად გახსოვთ. შემდეგ წელიწად-ნახევარი უარი კანდიდატის სტატუსზე, ამასაც ზუსტად იგივე მიზეზები ჰქონდა. ძალიან რთული პროცესები იყო, თუმცა მთავარი არის ის, რომ საზოგადოება დადგა ხელისუფლების გვერდით. რომ არა საზოგადოების თანადგომა, რა თქმა უნდა, ვერავითარი გათვლები და ვერავითარი სტრატეგიული სვლები ჩვენ ვერ მოგვცემდა ქვეყნის გადარჩენის საშუალებას. ხალხი და ხელისუფლება იდგა ერთად და სწორედ ამან მოგვცა მშვიდობის შენარჩუნების საშუალება“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მთავრობის მეთაურის თქმით,  ეს არის მიუღებელი მოვლენა და ქართულმა საზოგადოებამ სათანადოდ უნდა შეაფასოს.
 

"ეს არის ჩვეულებრივი სერგო ორჯონიკიძის ხელწერა. რასაც აკეთებდნენ ასეთი ადამიანები ერთი საუკუნის წინ, ბოლშევიკების სახით, იგივეს აკეთებენ დრეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები. არაფერი განსხვავება არ არის. განსხვავება არის მხოლოდ ქვეყნებში, დამოკიდებულება არის ზუსტად იგივე. როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენა და ეს ქართულმა საზოგადოებამ სათანადოდ უნდა შეაფასოს“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ხელისუფლებები განიცდიან პირდაპირ გავლენას გლობალური ომის პარტიისგან. 

 

„ჩვენ აქ მართლა გვიწევს ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ხალხი და ხელისუფლება. ეს ხელისუფლებები არის ხალხის მიერ არჩეული, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ ის, რომ ეს ხელისუფლებები განიცდიან პირდაპირ გავლენას გლობალური ომის პარტიისგან, ისინი არ არიან სუვერენული და ამ მდგომარეობაშია დღეს ეს ქვეყნები. თავისთავად მათი ნაბიჯები არის არასერიოზული, თუმცა ჩვენ უნდა დავრჩეთ კვლავაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში გამომდინარე იმ განსაკუთრებული დამოკიდებულებიდან, რომელიც ჩვენ ქართველებს გვაქვს ესტონელი, ლატვიელი და ლიეტუველი ხალხის მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვენეციის კომისია ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე წერს ხოლმე პოლიტიკურ დასკვნებს. 

 

„საერთოდ არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს მათ მოთხოვნას. ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ ვენეციის კომისია არის ერთ-ერთი ყველაზე არასერიოზული ევროპული სტრუქტურა. იმ არასერიოზულობის ფონზე, რაც ზოგადად არის ევროპულ სტრუქტურებში დამკვიდრებული, ამ ფონზეც კი, ვენეციის კომისია გამოირჩევა განსაკუთრებული არასერიოზულობით. სამართლებრივი ექსპერტიზის ცენტრიდან ეს ინსტიტუცია გარდაიქმნა ჩვეულებრივი პოლიტიკურ ორგანოდ, რომელიც ემსახურება გლობალური ომის პარტიის ინტერესებს. ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე წერს ხოლმე პოლიტიკურ დასკვნებს, რაც საერთოდ არ არის ვენეციის კომისიის საქმე. შესაბამისად, მათ დასკვნებს ჩვენ სერიოზულად ვერ მივიღებთ. კეთილი ინებონ, დადონ სამართლებრივი დასკვნები და განვიხილავთ სერიოზულად, მაგრამ პოლიტიკა არ არის ვენეციის კომისიის საქმე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელის გულზე დევს ორმაგი სტანდარტი და ასე ხდება, როდესაც ქვეყანა ექცევა გლობალური ომის პარტიის არსებითი გავლენის ქვეშ.

„ესეც არის აშკარა ორმაგი სტანდარტი. ლატვიის პრეზიდენტმა პირდაპირ მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ასევე, ევროპარლამენტარები ამ სამი ქვეყნიდან ითხოვენ ჩვენი ქვეყნისგან სანქციებზე მიერთებას. ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა, რომლებიც საერთოდ არ არიან ღვინის მწარმოებელი ქვეყნები, რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელებით, კონკრეტულად ღვინით, რუსეთის ფედერაციასთან. ხელის გულზე დევს ორმაგი სტანდარტი, უპრინციპობა. ასე ხდება, როდესაც ქვეყანა ექცევა გლობალური ომის პარტიის არსებითი გავლენის ქვეშ“, - განაცხადა პრემიერმა.


პრემიერის თქმით, ღალატის შესახებ ჩანაწერის აღდგენა კანონმდებლობაში იმისთვის გვჭირდება, რომ  კონკრეტულ ადამიანებს, მათ შორის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს უფრო მეტად შეეშინდებათ მომავალში  სამშობლოს ღალატის ჩადენის.

 

„ომის დაწყებამდე, ვიდრე სააკაშვილის რეჟიმი ომს დაიწყებდა, ერთი თვით ადრე დააინიცირეს შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში და ომის დაწყებიდან დაახლოებით ერთ თვეში მიიღეს კანონი, რომელიც ითვალისწინებდა სისხლის სამართლის კოდექსიდან ღალატის შესახებ ჩანაწერის ამოღებას. ანუ, კონკრეტულ ძალებს ჰქონდათ დაგეგმილი ღალატი, ეს ღალატი ჩაიდინეს და ამისათვის ამოიღეს ღალატის შესახებ მუხლი, არა მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსიდან, არამედ, საქართველოს კონსტიტუციიდანაც კი. ანუ, ეს იყო ჩვეულებრივი დაგეგმილი ღალატის ქრონიკა და საკანონმდებლო და საკონსტიტუციო ცვლილებებიც იყო ამისი შემადგენელი ნაწილი. ჩვენ იმისათვის გვჭირდება ღალატის შესახებ ჩანაწერის აღდგენა ჩვენს კანონმდებლობაში, რომ მაქსიმალურად მოხერხდეს ღალატის პრევენცია. სრულ პრევენციას ვერც ერთი კანონი ვერ უზრუნველყოფს, მაგრამ, კონკრეტულ ადამიანებს, მათ შორის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს უფრო მეტად შეეშინდებათ, მომავალში ჩაიდინონ სამშობლოს ღალატი. ეს არის ჩვენი ოპტიმისტური გათვლა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება რომ მიერთებოდა სანქციებს, ან უკრაინაში მებრძოლი მოხალისეები გაეგზავნა, დღეს ქვეყანაში იქნებოდა ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობა, ვიდრე უკრაინაშია.

 

„რეალურად, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით გასული 3 წლის განმავლობაში, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რომელსაც იღებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია. ჩვენ რომ მაშინ მიგვეღო გადაწყვეტილება სანქციებთან მიერთების, ან მებრძოლი მოხალისეების გაგზავნის თაობაზე, რა თქმა უნდა, დღეს ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი იქნებოდა სრულიად სხვაგვარად, ბევრად უფრო მძიმედ, ვიდრე თუნდაც უკრაინაში არსებული მდგომარეობაა. დღეს ყველაფერს ეფინება ნათელი. რაც რთული აღსაქმელი იყო საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის 2-3 წლის წინ, დღეს ბევრად უფრო იოლი აღსაქმელია,“- აღნიშნა პრემიერმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მზია ამაღლობელის გათავისუფლების თაობაზე არის ძალიან ღია და უხეში ჩარევა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად უზბეკეთში განაცხადა.

 

მისივე თქმით, მანამდეც იყო პირდაპირი და უხეში ჩარევები ქართულ არჩევნებში, როგორც გერმანელი პოლიტიკოსების, ისე ევროკავშირის ელჩის მხრიდან, რაც აბსოლუტურად მიუღებელია.

 

„მანამდე პირდაპირ და უხეშად ერეოდნენ ჩვენს არჩევნებში, ესენი იყვნენ გერმანელი პოლიტიკოსები, ესენი იყვნენ ევროკავშირის ელჩი და ა.შ. ახლა პირდაპირ და უხეშად ერევიან მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში და ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, მითუმეტეს, რომ გერმანია ყოველთვის იყო ცნობილი განსაკუთრებული პატივისცემით სამართლის უზენაესობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის მიმართ. გერმანიას ვეღარ ვცნობთ, აბსოლუტურად შეუძლებელია გერმანიის ცნობა, ეს არის ის სახელმწიფო, სადაც განსაკუთრებულად განვითარდა სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა და დღეს ეს იდეა არის თავიდან ბოლომდე ფეხქვეშ გათელილი გერმანელი ბიუროკრატების მხრიდან. ეს არის ჩემთვის, პირადად, ძალიან დასანანი მოვლენა, გამომდინარე იქიდან, რომ მე მაქვს იურიდიული განათლება მიღებული, სწორედ, გერმანიაში და როდესაც იქ ვსწავლობდი, სულ რაღაც 20 წლის წინ, სრულიად სხვა რამეს მასწავლიდნენ და დღეს სრულიად სხვაგვარად მოქმედებენ გერმანელი ბიუროკრატები,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

კითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა, რომ ახალი ახალი კანცლერის პირობებში შეიცვალოს დამოკიდებულებები და მიდგომები, პრემიერმა აღნიშნა, რომ თუ ახალი კანცლერი იქნება დამოუკიდებელი „დიფ სთეითის“ გავლენებისგან, ამ შემთხვევაში ცვლილებები იქნება.

 

„ამის იმედი დავიტოვოთ. თუ ახალი კანცლერი იქნება დამოუკიდებელი „დიფ სთეითის“ გავლენებისგან, გლობალური ომის პარტიის გავლენებისგან, ამ შემთხვევაში ცვლილებები იქნება, თუმცა ჩვენ წინასწარ გაგვიჭირდება ამის თქმა, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ხედავთ, სადამდე შეიძლება მიიყვანოს კონკრეტული ქვეყნები გლობალური ომის პარტიის, „დიფ სთეითის“ გავლენამ და ეს ყველაზე კარგად ჩანს ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითზე, რომლებსაც საერთოდ აქვთ დაკარგული სუვერენიტეტი და შესაბამისად, ყოველგვარი პრინციპები, რაც არის ძალიან სამწუხარო ჩვენთვის, გამომდინარე განსაკუთრებული დამოკიდებულებიდან, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ესტონელი, ლატვიელი და ლიეტუველი ხალხის მიმართ,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოში კონკრეტული მედიასაშუალებები პოლარიზაციის მთავარ წყაროდ არიან ქცეულნი, რაც, მათ შორის, აღიარებულია ეუთო/ოდირის დასკვნებით და ეს არ შედის საზოგადოების ინტერესებში.

 

„სიძულვილისგან და სიცრუისგან უნდა იყოს დაცლილი ქართული მედია. ეს არის ჩვენი საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ეგზისტენციური ამოცანა. თავიდან ბოლომდე ხელოვნურად თავსმოხვეულია ის სიძულვილი და სიცრუე, რასაც ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში და საზოგადოებაში. ამ მეთოდებს იყენებენ კონკრეტული ძალები ჩვენი საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. იმისათვის, რომ ასეთი რამ დასრულდეს, ან მინიმუმ შეიზღუდოს, საჭიროა შესაბამისი კანონების მიღება.

გადავხედოთ, ვინ დარდობს ამ კანონზე  - ესენი არიან კონკრეტული ტელევიზიები, რომლებიც ემსახურებიან სიძულვილსა და სიცრუეს, გარე-დაკვეთების საფუძველზე. სხვას რატომ არ აღელვებს ეს ცვლილებები. არიან კონკრეტული ტელევიზიები, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს ქვეყანაში სიცრუის და სიძულვილის დათესვას, პოლარიზაციის გაღვივებას, რადიკალიზმს და მარტო ისინი დარდობენ, აქედან გამომდინარე, ყველაფერი კარგად ჩანს. რატომ არ აწუხებს სხვა ტელევიზიებს ის, რომ მათ არ შეეძლებათ სიძულვილის და სიცრუის ტირაჟირება, ალბათ იმიტომ, რომ ეს არ შედის მათ ინტერესებში. მაგრამ არიან კონკრეტული მედიასაშუალებები, რომლებსაც აქვთ ერთადერთი დაკვეთა - დათესონ სიძულვილი და სიცრუე, მაქსიმალურად, ჩვენს ქვეყანში და მხოლოდ ისინი და მათი პოლიტიკური პარტიები დარდობენ. რაც შეეხება აღსრულებას, ყველაფერი იქნება ძალიან მარტივად. ყველას შეეძლება დააკვირდეს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც შესაბამისი სახელმწიფო ორგანო მიიღებს. იმდენად მკაფიო კრიტერიუმებია განსაზღვრული დღეს მოქმედი კანონითაც, რომ აქ დიდი სივრცე ინტერპრეტაციისთვის არც არის დატოვებული, ეს ნორმები მანამდეც მოქმედებდა, უბრალოდ იყო არაეფექტური, ვინაიდან თვითრეგულირების სივრცეში ხვდებოდა შესაბამისი ნორმების აღსრულება. აქედან გამომდინარე, საერთოდ არ ხდებოდა მათი აღსრულება. თვითრეგულირებიდან ეს ყველაფერი გადავა რეგულირებაში, ანუ კონკრეტული სახელმწიფო ორგანო იქნება პასუხისმგებელი შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაზე, დანარჩენს საზოგადოება დააკვირდება და საზოგადოება იმსჯელებს იმაზე, თუ რამდენად ობიექტურად მოქმედებს შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტი,“- აღნიშნა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აშშ-ის ყოფილი ელჩი თავის დროზე ამბობდა, რომ ამერიკული კანონი იყო ბევრად უფრო რბილი, ვიდრე საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი გამჭვირვალობის შესახებ, რაც იყო სამარცხვინო ტყუილი. 

 

„მიუხედავად იმისა, რომ მე ამერიკული ფარას კანონი დიდად არ მომწონს, თავად ამ კანონპროექტის ინიცირების იდეა ძალიან მომეწონა ერთი მარტივი მიზეზის გამო, გახსოვთ ურცხვი ტყუილი, რომელსაც ავრცელებდა ამერიკის ყოფილი ელჩი „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით. ის ამბობდა, რომ ამერიკული კანონი იყო ბევრად უფრო რბილი, ვიდრე საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, ეს იყო სამარცხვინო ტყუილი. დღეს ყველაფერს ნათელი მოეფინა, აქედან გამომდინარე, პარლამენტარებმა მიიღეს აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება სიტყვასიტყვით ამერიკული კანონის თარგმნისა და მისი ინიცირების თაობაზე. დანარჩენს დაველოდოთ, რა თქმა უნდა, ეს კანონი არის ბევრად უფრო მკაცრი, ვიდრე ის კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, თუმცა სიცრუეს მოეფინება საბოლოო ჯამში ნათელი და იქნება ეფექტური მექანიზმები ამოქმედებული იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა საქართველოში. მით უფრო აქტუალურია ეს ყველაფერი, რომ დღეს აშშ-ის მოქმედი ხელისუფლება პირდაპირ საუბრობს იმ დანაშაულებრივ მიზნებზე, რომლებსაც ემსახურებოდა USAID-ის, NED-ის და სხვა შესაბამისი ფონდების დაფინანსება, აქედან გამომდინარე, აქტუალობა კიდევ უფრო მეტად გაზრდილია ამ კანონის და პარლამენტმა უნდა მიიღოს შესაბამისი კანონმდებლობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, როგორს სქესი არის ორი, გენდერიც არის ორი კონკრეტული NGO-ების მოსაზრებებისგან განსხვავებით.

 

„რაც შეეხება სქესს და გენდერს, არავითარი განსხვავება არ არსებობს ამ ორ ცნებას შორის, თუმცა არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ, რომ განსხვავება წარმოაჩინონ. ჩვენ ვერავითარ ზღვარს ვერ გავავლებთ ამ ორ ცნებას შორის. სქესი და გენდერი არის ერთი და იგივე რამ, ეს არის ჩვეულებრივად სინონიმები. როგორს სქესი არის ორი, გენდერიც არის ორი კონკრეტული NGO-ების მოსაზრებებისგან განსხვავებით.

რაც შეეხება NGO-ების ჩართულობის თემას, ესეც არის მნიშვნელოვანი საკითხი. თქვენ იცით, რომ იყო თავსმოხვეული მოვლენა, როდესაც  ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში პირდაპირ იყვნენ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები. არასამთავრობო ორგანიზაციას იმიტომ ჰქვია არასამთავრობო ორგანიზაცია, რომ ის საზოგადოების გადმოსახედიდან აქტიურობს და არ არის ჩართული უშუალოდ გადაწყვეტილების მიღებაში ხელისუფლების მხრიდან. აქ იყო ჩვეულებრივად აღრეული ეს პროცესები და შესაბამისად, ჩვენ ვაწესრიგებთ ლოგიკიდან გამომდინარე ამ ურთიერთობებს. საზოგადოებრივი ორგანიზაცია უნდა დარჩეს საზოგადოებრივ ორგანიზაციად და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ სახელმწიფო ორგანოებმა. ეს არის უმარტივესი სამართლებრივი ლოგიკა, რომელსაც დაეფუძნა ამ კანონის მიღება“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.