ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღები და მისასალმებელია ის გზავნილები, რომლებიც მოვისმინეთ პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უზბეკეთში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა უნდა გაიწმინდოს არაფორმალური გავლენებისგან და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება, იყოს უზრუნველყოფილი სამართლიანობა.
„ჩვენ აბსოლუტურად ვიზიარებთ ამ გზავნილებს. ჩვენ ამ დროის განმავლობაში ვსაუბრობდით იმ არაფორმალურ გავლენებზე, რომლებსაც არასწორი მიმართულებით მიჰყავდა პროცესები როგორც აშშ-ში, ისე ევროკავშირში და ამის ერთ-ერთი მსხვერპლი იყო ჩვენი ქვეყანა. იმის გამო, რომ არაფორმალურად იმართებოდა აშშ, მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში და დღემდე, სამწუხაროდ, არაფორმალურად იმართება სტრუქტურების უდიდესი ნაწილი ევროკავშირში, ჩვენს ქვეყანას მიადგა საკმაოდ დიდი ზიანი. იყო უამრავი უსამართლობა ჩვენი ქვეყნის მიმართ. რა თქმა უნდა, უნდა გაიწმინდოს ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა არაფორმალური გავლენებისგან, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება, იყოს უზრუნველყოფილი სამართლიანობა, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის მიმართ. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღები და მისასალმებელია ის გზავნილები, რომლებიც მოვისმინეთ პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან“, – განაცხადა პრემიერმა.
იდენტური ხელწერით არის დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ, ესაა მორიგი დასტური, რომ ყველაფერი იმართება ერთი ხელიდან, რომელსაც ეწოდება „დიფ სთეითი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად უზბეკეთში განაცხადა.
კითხვაზე, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის მიერ აშშ-ში პროტესტის დამფინანსებლად ე.წ. ფასიანი პრობლემების შემქმნელების დასახელებას შეეხებოდა, პრემიერმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ეს განცხადებაც არის აბსოლუტურად ლოგიკური და ყველა სახელმწიფოს ინტერესშია, გათავისუფლდეს არაფორმალური გავლენებისგან.
„მე მგონია, რომ პრეზიდენტის ეს განცხადებაც არის აბსოლუტურად ლოგიკური, მით უმეტეს, რომ ხელწერა არის ზუსტად იდენტური. ზუსტად იდენტური ხელწერით არის დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს თანხვედრა ხელწერაში, რა თქმა უნდა, არის იმის მორიგი დასტური, რომ ყველაფერი იმართება ერთი ხელიდან, რომელსაც ეწოდება „დიფ სთეითი“, ანუ გლობალური ომის პარტია. რა თქმა უნდა, ყველა სახელმწიფოს ინტერესშია, რომ გათავისუფლდეს ასეთი არაფორმალური გავლენებისგან, მცდელობებისგან, რომელიც არის მიმართული სხვადასხვა სახელმწიფოს ძლიერების შერყევისკენ. ეს არის ჩვენი ინტერესიც და მოხარულები ვართ, რომ დღეს უკვე ჩვენს ინტერესებს ემთხვევა აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის ინტერესები“, – აღნიშნა პრემიერმა.
ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებები ვერ მოქმედებენ დამოუკიდებლად. ისინი არიან პირდაპირ დამოკიდებულნი „დიფ სთეითის“ დავალებებზე, ინსტრუქციებზე, გლობალური ომის პარტიის დავალებებზე და ამ ქვეყნებს, სამწუხაროდ, დაკარგული აქვთ სუვერენიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უზბეკეთში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო რჩება ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანასთან.
„ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას არ აქვს სერიოზული ახსნა. ეს არის იმის შედეგი, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებები ვერ მოქმედებენ დამოუკიდებლად. ისინი არიან პირდაპირ დამოკიდებულნი „დიფ სთეითის“ დავალებებზე, ინსტრუქციებზე, გლობალური ომის პარტიის დავალებებზე და ამ ქვეყნებს, სამწუხაროდ, დაკარგული აქვთ სუვერენიტეტი. სხვა ახსნა არ შეიძლება მოეძებნოს იმას, რომ ეს ქვეყნები, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, საბაბებს იყენებენ, რათა ხელოვნურად გააფუჭონ ურთიერთობები ჩვენს ქვეყანასთან. ისინი არ უფრთხილდებიან იმ ისტორიულ მეგობრობას, რომელიც ჩამოყალიბებულია საქართველოსა და ესტონეთს, საქართველოსა და ლიეტუვას, საქართველოსა და ლატვიას შორის. არ აინტერესებთ არაფერი, მათ შორის საკუთარი ხალხების ინტერესები და ხელოვნურად აფუჭებენ ურთიერთობებს ჩვენს ქვეყანასთან და ქართველ ხალხთან. ამას არ აქვს არავითარი რაციონალური ახსნა. ზოგადად, ძალიან არასერიოზულია ის ვითარება, რომელიც არის ჩამოყალიბებული ბალტიისპირეთის ხელისუფლებებში. კონკრეტულ კადრებს თუ გადავხედავთ, აშკარა ხდება, რომ იქ მაინცდამაინც სერიოზულად არ ხდება საკადრო პოლიტიკის წარმოება. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, თუმცა, ჩვენ კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს, რომ ვრჩებით და დავრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანასთან “, – განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ქართველ თანამდებობის პირებს, აგრეთვე „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.
ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები, თქვენ ხედავთ, რომ ლამის ნახევარი მსოფლიო ალაპარაკდა ჩვენი გზავნილებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში, ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავარია, რომ საბოლოოდ სწორად დალაგდეს აღქმები, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში.
„მთავარია, რომ „დიფ სთეითისგან“, „გლობალური ომის პარტიისგან“, მისი გავლენებისგან გათავისუფლდეს ყველა ევროპული ქვეყანა, საბოლოო გათავისუფლდეს ამერიკის შეერთებული შტატები. ამ შემთხვევაში პრინციპები იქნება დაცული. თუ სხვანაირად განვითარდა მოვლენები, ამ შემთხვევაში კვლავაც სერიოზული გამოწვევების წინაშე იქნება ისეთი პრინციპები, როგორიც არის სამართლებრივი სახელმწიფო, სამართლის უზენაესობა, დემოკრატია და ა.შ. „დიფ სთეითის“ და „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის პირობებში თქვენ ხედავდით, რომ ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე დადგა ეს პრინციპები. იმედი ვიქონიოთ, რომ ის ტენდენცია გაგრძელდება, რომელსაც დღეს ვხედავთ ჩვენ, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპის ცალკეულ ქვეყნებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.