საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის პოლიტიკურ ურთიერთობებს, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაღრმავებას.
მხარეებმა ყურადღება დაუთმეს დაკავშირებადობის მნიშვნელობას და შუა დერეფნის განვითარების კუთხით საქართველოსა და უზბეკეთის თანამშრომლობას.
პრემიერ-მინისტრმა იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერებას ისახავს მიზნად.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსა და იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ქვეყანა ინვესტორებს მრავალმილიონიან ბაზრებზე წვდომის სახით სთავაზობს. ამ კონტექსტში აღინიშნა ტურიზმის, ენერგეტიკის, უძრავი ქონების, წარმოების, ლოჯისტიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში ინვესტირების კუთხით არსებული პოტენციალი.
მხარეებმა ასევე განიხილეს ტურიზმის, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ორი ქვეყნის თანამშრომლობას საერთაშორისო, მრავალმხრივ ფორმატებში.
პრემიერ-მინისტრმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შავკატ მირზიოევმა საქართველოს მთავრობის მეთაურს, დელეგაციასთან ერთად, უზბეკეთის პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.
უზბეკეთის პრეზიდენტთან გვქონდა შინაარსობრივი და ნაყოფიერი განხილვა საქართველო-უზბეკეთის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც კობახიძე აღნიშნავს, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა მზადყოფნა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების და პარტნიორობის განმტკიცებისათვის.
„მქონდა პატივი შევხვედროდი უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, შავკატ მირზიოევს. გვქონდა შინაარსობრივი და ნაყოფიერი განხილვა საქართველო-უზბეკეთის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების შესახებ, ხაზგასმით აღვნიშნეთ ჩვენი ურთიერთობების განსაკუთრებული ბუნება, რომელიც დაფუძნებულია მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემაზე. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა თანამშრომლობის გაღრმავებისკენ და ჩვენი პარტნიორობის განმტკიცებისათვის ახალი შესაძლებლობების გამოვლენისკენ როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ სფეროებში“, – აღნიშნავს პრემიერი.
საქართველოსა და უზბეკეთს აქვთ განსაკუთრებული ისტორიული კავშირები, ყველა მიმართულებით გვაქვს ურთიერთობების გაღრმავების ძალიან დიდი რესურსი, ახლა მთავარია, აღვასრულოთ ის მიზნები, რაც დავისახეთ ამ ორი დღის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უზბეკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა როგორც პრეზიდენტთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარესთან.
„ვასრულებთ ჩვენს ვიზიტს უზბეკეთში. გვქონდა ძალიან საინტერესო, ძალიან მეგობრული შეხვედრები როგორც პრეზიდენტ მირზიოევთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარესთან. ჩვენ განვიხილეთ პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხები. გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა და ვისაუბრეთ ამ თანამშრომლობის გაღრმავებაზე. შევეხეთ ასევე ჩვენს ეკონომიკურ თანამშრომლობას და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეკონომიკური კომისიის სხდომაზე განხილული იქნა ჩვენი თანამშრომლობის ძალიან კონკრეტული ასპექტები, რის საფუძველზეც განისაზღვრა კონკრეტული მიმართულებები, კონკრეტული მიზნები, ამოცანები და ჩვენ შევჯერდით პრეზიდენტთან იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ყველაფრის საფუძველზე განისაზღვრება კონკრეტული გზამკვლევი, რომელსაც დაეფუძნება ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება. ჩვენ დავისახეთ ძალიან ამბიციური მიზანი, გავასამმაგოთ უახლოეს წლებში ჩვენი სავაჭრო ბრუნვა რაც არის ამბიციური ამოცანა, თუმცა არის აბსოლუტურად მიღწევადი. არის კონკრეტული მიმართულებები, სადაც შესაძლებელია ძალიან სწრაფი ტემპით თანამშრომლობის განვითარება. ჩვენ ასევე შევეხეთ განათლების, კულტურის, სპორტის სფეროში თანამშრომლობას. ზოგადად ინტერესი გვაქვს ძალიან დიდი თითოეული ამ მიმართულებით. არის განსაკუთრებული ისტორიული კავშირები ჩვენს ქვეყნებს შორის, აქედან გამომდინარე, ყველა მიმართულებით გვაქვს ურთიერთობების გაღრმავების ძალიან დიდი რესურსი, ახლა მთავარია, რომ აღვასრულოთ ის მიზნები, რაც დავისახეთ ამ ორი დღის განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.