როდესაც თავს ესხმი სამართალდამცველ ორგანოებს, თუ გაგივიდა, შეგიძლია, შეარყიო სახელმწიფოს სიძლიერე, ჩვენ ამას არ დავუშვებთ - ირაკლი კობახიძე

სიკვდილით დასჯის მიმართ ჩვენ გვაქვს განსხვავებული დამოკიდებულება, თუმცა თავისთავად, როდესაც საქმე ეხება პოლიციელებსა და პოლიციელზე თავდასხმას, იქ კანონმდებლობის გამკაცრებას ალტერნატივა არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ვინმე თუ შეძლებს, შეარყიოს სამართალდამცავი სტრუქტურები, ძალიან მარტივად შეძლებს სახელმწიფოს ძლიერების შერყევასაც, რაც დაუშვებელია.

„თქვენ ხედავდით, რომ საქართველოში კონკრეტული ძალები, არაკეთილმოსურნეები ცდილობდნენ, პირველ რიგში, სამართალდამცველ ორგანოებზე თავდასხმით შეერყიათ სახელმწიფოს ძლიერება. დღესაც ისინი ღიად უჭერენ მხარს ადამიანებს, რომლებმაც სწორედ პოლიციელებზე თავდასხმით გამოიჩინეს თავი, რატომ – ყველამ იცის, როდესაც თავს ესხმი სამართალდამცველ ორგანოებს, თუ გაგივიდა, შეგიძლია, შეარყიო სახელმწიფოს სიძლიერე. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. ჩვენს ქვეყანაში გვაქვს განსხვავებული სანქციები, მაგრამ ზოგადად სიმკაცრეს ამ სფეროში არ აქვს ალტერნატივა. თუ ვინმე შეძლებს, შეარყიოს სამართალდამცავი სტრუქტურები, ძალიან მარტივად შეძლებს სახელმწიფოს ძლიერების შერყევასაც, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. შესაბამისად, მიმართულება სწორია, უბრალოდ ჩვენ სხვა ტიპის სანქციები უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ დავუპირისპირდეთ სახელმწიფოს ძლიერების შერყევის ნებისმიერ მცდელობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ლოგიკურია ის, რომ საპარლამენტო გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ მოითხოვა ინფორმაცია „პივიტის“ შესახებ, ალოგიკურია ის, რომ ISFED-ი აქამდე მალავდა პარალელური ხმის დათვლის შედეგებს. ბუნებრივია, არავითარი ახსნა-განმარტება ამას არ ჰქონდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უზბეკეთში განუცხადა.

მისივე თქმით, ISFED-ი არის ორგანიზაცია, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში მოქმედებდა საქართველოს მიმართ არაკეთილმოსურნე ძალების დაკვეთით.

პრემიერის განცხადებით, სწორედ ამის შედეგი იყო თავის დროზე პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება და ახლა უკვე მათი არგამოქვეყნება.

„ეს ყველაფერი მეტყველებს ერთადერთ რამეზე – ISFED-ს ჰქონდა ერთადერთი დავალება, რამენაირად ეჭვქვეშ დაეყენებინა საპარლამენტო არჩევნების შედეგები ყოველგვარი მიზეზისა და საფუძვლის გარეშე. იმავეს აკეთებდა ეს კომპანია 2020 წელს, მაშინ მათ იკადრეს ის, რომ გააყალბეს მთლიანად პარალელური დათვლის შედეგები. ახლა, მეორედ, იგივე ვეღარ გაბედეს, ვინაიდან აზრი არ ჰქონდა ამ ყველაფერს, თუმცა გაყალბების მაგივრად, გაუყალბებელი „პივიტი“ აღარ გამოაქვეყნეს. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ნათელია. ყველაფერი დევს ხელის გულზე. ISFED-ი არის ორგანიზაცია, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ისეთი ძალების დაკვეთით მოქმედებდა, რომლებსაც არ ჰქონდათ კეთილი ზრახვები საქართველოს მიმართ. ამის შედეგი იყო თავის დროზე პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება და შემდეგ მათი არგამოქვეყნება. რა თქმა უნდა, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს. მეტიც, მგონია, რომ არა მხოლოდ 2024 წლის დათვლის შედეგებით, არამედ 2020 წლის დათვლის შედეგებით უნდა დაინტერესდეს პროკურატურა. პირველ რიგში, იქ მგონია, რომ შეიძლება ბევრი საინტერესო დეტალი გაირკვეს შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით“, – განაცხადა პრემიერმა.