სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს - რას ითხოვს პროკურატურა

თბილისის საქალაქო სასამართლოში „თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე (კრიპტოვალუტის საქმე) სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს არ ესწრება ბრალდებული ბაჩიაშვილი. მან ქვეყანა 2 მარტს დატოვა.

დღევანდელ სხდომაზე ბაჩიაშვილმა დისტანციურად ჩვენება უნდა მისცეს. დააკმაყოფილებს თუ არა აღნიშნულს სასამართლო, ეს უცნობია.

პროკურატურა ბიზნესმენის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 2 500 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს.

როგორც საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ აღნიშნა, გიორგი ბაჩიაშვილმა 2 მარტს, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სავარაუდოდ უკანონო გზით დატოვა. სადრაძის თქმით, ბრალდებულმა არ შეასრულა გირაოს პირობები და დაარღვია კანონი, რაც მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველია.

რაც შეეხება ბაჩიაშვილის უძრავ-მოძრავ ქონებას, რომელიც დაყადაღებულია, პროკურორის თქმით, გირაოს პირობების დარღვევის გამო, აღსასრულებლად უნდა მიეცეს შესაბამის ორგანოს.

აღკვეთის შეცვლის შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. როგორც ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა განმარტა, ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვს, შესაბამისად, მის მიმართ კიდევ ერთი პატიმრობის გამოყენების საფუძველი აღარ არსებობს.

„დაპატიმრებულია ადამიანი და მეორედ დავაპატიმროთ? გირაოს პირობების დარღვევა აღკვეთის შეცვლის პირობაა, მაგრამ მიზანი რა უნდა იყოს? ამის აღსრულება და პირის დაპატიმრება. ის დაპატიმრებულია, ორჯერ ხომ ვერ დავაპატიმრებთ?“- განაცხადა მახარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი გიორგი ბაჩიაშვილს კრიპტოვალუტის მითვისებას ედავება. გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აკრძალული ჰქონდა.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილ შეფს კიდევ ერთი ბრალდება წარუდგნეს. ბაჩიაშვილს  „მტკვარი ჰესის“ საქმეზე სამსახურებროვი მოვალეობის შეუსრულებლობას ედავებიან.

ბაჩიაშვილს ბრალი ასევე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზეც აქვს წაყენებული. მას ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.