ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა.

პირისპირ შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას. აღინიშნა ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების განვითარების დადებითი დინამიკა.

მხარეებმა ყურადღება დაუთმეს დაკავშირებადობისა და შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ პროექტებზე, რომლებიც საქართველოს სატრანზიტო  ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერებას ისახავს მიზნად. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება თურქმენეთის აქტიურ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ცენტრალურ აზიაში მშვიდობის უზრუნველყოფისკენ და საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე ისაუბრა.

პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთის პრეზიდენტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დარგობრივ უწყებებს შორის შეთანხმებების გაფორმება ხელს შეუწყობს თანამშრომლობის სფეროების შემდგომ გაფართოებას.

ირაკლი კობახიძემ სერდარ ბერდიმუჰამედოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

თურქმენეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტში უმასპინძლა.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი განიხილეს. 

 

„აშხაბადში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან.  განვიხილეთ საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მათ შორის ერთობლივი ეკონომიკური და ენერგეტიკული პროექტების სამომავლო პერსპექტივები.  

 

ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი პრიორიტეტია თურქმენეთთან მჭიდრო კავშირების გაღრმავება უსაფრთხო და სტაბილური შუა დერეფნის განვითარებისთვის.  

 

მჯერა, რომ ჩვენს პარტნიორობას შეუძლია, უზრუნველყოს მეტი მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება როგორც რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.  თურქმენეთის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით მოვიწვიე“, - წერს პრემიერ-მინისტრი.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თურქმენეთი, ენერგეტიკული თვალსაზრისით, ძალიან მდიდარი რესურსებით გამორჩეული ქვეყანაა. 

 

„ჩვენ შეგვიძლია, შევთავაზოთ თურქმენეთს ძალიან კონკრეტული დახმარება ენერგეტიკული რესურსების ტრანზიტის თვალსაზრისით. გარდა ამისა, ჩვენც გვაქვს ინტერესი, შევისყიდოთ ენერგეტიკული რესურსები თურქმენეთისგან. ამ საკითხებზე გვქონდა ძალიან საინტერესო საუბრები და ვფიქრობ, ძალიან კონკრეტული პროგრესი გვექნება ურთიერთობებში უახლოეს მომავალში იმ შეთანხმებებიდან გამომდინარე, რომლებსაც ხელი მოეწერა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო ეკონომიკურ თანამშრომლობას და ამ კუთხით ურთიერთობების განსავითარებლად ძალიან დიდი სივრცეა.

„თურქმენეთი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელთანაც გვაკავშირებს მჭიდრო და პოზიტიური პოლიტიკური თანამშრომლობა. ჩვენ დღეს საუბარი გვქონდა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ამ კუთხით არის ძალიან დიდი სივრცე იმისათვის, რომ განვავითაროთ ურთიერთობები. საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, განავითაროს საკუთარი როლი შუა დერეფნის ფარგლებში და ამ კუთხით თურქმენეთთან თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენ გვქონდა საუბარი ძალიან კონკრეტულ საკითხებზე, რომელთანაც არის დაკავშირებული ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება. ასევე ჩვენს მინისტრებს ჰქონდათ საუბარი ძალიან კონკრეტულ საკითხებზე, ხელი მოეწერა რამდენიმე მნიშვნელოვან შეთანხმებას. ვფიქრობთ, ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს თანამშრომლობის განვითარებას, როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური კუთხით. ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პოტენციალი არის ძალიან დიდი და ამას განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ. 
მე მქონდა ძალიან საინტერესო და პოზიტიური შეხვედრა ბატონ პრეზიდენტთან, სადაც განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის აბსოლუტურად ყველა ასპექტი“, -  განაცხადა პრემიერმა.