"ოპოზიცია ღიად თანამშრომლობს უცხოურ სტრუქტურებთან, იმისათვის, რომ დააზიანონ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესები" - პრემიერი

როდესაც მიიღებოდა კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“, NGO-ების ნაწილი საუბრობდა, რომ მათ არ სურდათ სტიგმატიზება და საკუთარი თავის წარმოჩენა უცხოური გავლენის აგენტებად, ახლა კი, არათუ უცხოური გავლენის აგენტებად, არამედ პირდაპირ უცხოურ ორგანიზაციებად რეგისტრირდებიან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ესტონეთში დარეგისტრირებას შეეხებოდა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ერთგვარი აღიარება იმისა, რომ ისინი არიან უსამშობლოები.

 

„ეს არის ერთგვარი აღიარება იმისა, რომ ისინი არიან უსამშობლოები, ამის პირდაპირი, გადატანითი და ყველანაირი მნიშვნელობით. როდესაც შენ რეგისტრირდები უცხოურ ორგანიზაციად და, რეალურად, აწარმოებ საკუთარ საქმიანობას საქართველოში, ეს ყველაფერზე მეტყველებს.

თქვენ გახსოვთ, თავის დროზე, როდესაც მიიღებოდა კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“ ისინი საუბრობდნენ, რომ არ სურდათ სტიგმატიზება და საკუთარი თავის წარმოჩენა უცხოური გავლენის აგენტებად. არათუ უცხოური გავლენის აგენტებად, ისინი პირდაპირ რეგისტრირდებიან უცხოურ ორგანიზაციებად. აქ ყველაფერი დღესავით ნათელია. სინამდვილეში, აქ არაფერ შუაში იყო სტიგმატიზაცია და სხვა საკითხები, რეალურად, ესენი არიან უსამშობლო ორგანიზაციები, რომელთა ერთადერთი დაკვეთა და დავალებაა - დაუპირისპირდნენ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს,“- განაცხადა პრემიერმა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ხაზარაძე ადრე საუბრობდა ჩინური ინვესტიციების მნიშვნელობაზე ანაკლიაში და დღეს უკვე საუბრობს, თითქოს ჩინური ინვესტიცია არის დანაშაული ქვეყნის წინაშე. 

„თავის დროზე ხაზარაძე იყო პასუხისმგებელი ინვესტორების მოზიდვაზე და მას ჰქონდა სრული თავისუფლება, მას შეეძლო ამერიკელი, ევროპელი, ჩინელი ინვესტორების მოზიდვა, ნებისმიერი ინვესტორის მოზიდვა. მაშინ ხაზარაძე საუბრობდა ჩინური ინვესტიციების მნიშვნელობაზე ანაკლიაში და დღეს უკვე საუბრობს იმაზე, თითქოს ჩინური ინვესტიცია არის დანაშაული ჩვენი ქვეყნის წინაშე. მან ვერ მოიზიდა ვერც ვერავითარი ამერიკული, ვერ ევროპული ინვესტიციები, შესაბამისად, ყველაფერი დევს ხელის გულზე. რასაც ამბობს ხაზარაძე, ეს არის ცარიელი სპეკულაცია და მანიპულაცია, თუ თავის დროზე მას სურდა ამერიკელი ინვესტორების მოზიდვა, ამისთვის ჰქონდა მინიჭებული ყველანაირი შესაძლებლობა, თუმცა ეს არ, ვერ გააკეთა. დღეს მისი მხრიდან ყველანაირი საუბარი ამერიკულ ინვესტიციებზე, არის ცარიელი სპეკულაცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ISFED-ის ეს მცდელობები წარუმატებლობისთვისაა განწირული.

 

„თქვენ გახსოვთ, რა მოხდა 2020 წელს, მაშინ მათ ჩაატარეს პარალელური დათვლა და გააყალბეს რეალურად დათვლის შედეგები. ახლა ვეღარ მოახერხეს დათვლის შედეგების გაყალბება, თუმცა აღარ აქვეყნებენ ამ შედეგებს. ყველაფერი არის დღესავით ნათელი. 2020 წელსაც და 2024 წელსაც მათი ერთადერთი ამოცანა იყო ისეთი აღქმის შექმნა, რომელიც „გაყალბებულად“ წარმოაჩენდა არჩევნებს, თუმცა ყველა ხედავს, რომ არჩევნები ჩატარდა სუფთად, ძალიან მაღალ დონეზე, შესაბამისად ISFED-ის ეს მცდელობები წარუმატებლობისთვისაა განწირული,“- განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, ეს სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი ქვეყნის ღალატი.

 

„ეს არის სერგო ორჯონიკიძის ხაზი. ასეთი ქმედებები ალბათ ექცევა სისხლის სამართლის კოდექსის ნორმების ქვეშ, თუმცა ეს არის არა ჩემი არამედ შესაბამისი უწყებების გადასაწყვეტი, მაგრამ დღესავით ნათელია, თუ რას აკეთებენ ეს ადამიანები. ისინი ღიად თანამშრომლობენ უცხოურ სტრუქტურებთან, იმისათვის, რომ დააზიანონ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესები. ეს სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი ქვეყნის ღალატი, თუმცა, ეს არის ჩემი პოლიტიკური შეფასება. სამართლებრივი შეფასებები უნდა გაკეთდეს შესაბამისი უწყებების მხრიდან“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, ახლა არის განსხვავებული მიდგომები  ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციაში, თუმცა ევროკავშირი არ ცვლის საკუთარ მიდგომებს, მათ შორის, ომთან მიმართებით. 

„ჩვენ უნდა დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას, მთავარია, რომ ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ ვიყოთ სრულად კონცენტრირებული საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვაზე. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და ამოცანა“, -  აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერი მოუწოდებს ყველას, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და მისი პრინციპები.

 

„ეს არის პირდაპირი პოლიტიკური ჩარევა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ეს არის დღესავით ნათელი. მე ყველას მოვუწოდებ, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, მისი პრინციპები. ასევე დაიცვან კონვენციები, რომლითაც არიან შებოჭილი უცხოელი ელჩები, რომლებიც მუშაობენ საქართველოში. დღემდე სამწუხაროდ, ეს პრინციპები და კონსტიტუციური ნორმები დაცული არ არის, იმედია, მომავალში ეს ყველაფერი გამოსწორდება“, - განაცხადა  ირაკლი კობახიძემ.