საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი აქვს 2023 წლის დეკემბრიდან, ეს შესანიშნავი შეთავაზება და საჩუქარია, რომელიც ევროკავშირს შეეძლო მოეცა ჩვენს გაერთიანებაში გასაწევრიანებლად, მაგრამ გასული წლის ივნისიდან საქართველოსთან ამ საკითხზე საუბარი შეჩერდა, რადგან ქვეყანა შორდება ევროკავშირს, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა.
„თქვენ კვლავ გაქვთ კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ახლა არაფერი ხდება. თავისუფალი და პლურალისტური ჟურნალისტიკა არის დემოკრატიის საფუძველი. ქართველების გადასაწყვეტია, როგორი სახელმწიფო და საზოგადოება გსურთ, თუმცა თუ ევროკავშირის წევრობა გსურთ, უნდა გქონდეთ თავისუფალი და პლურალისტური მედიაგარემო, ეს არის პირობა, და თუ არ გექნებათ, ვერ შემოგვიერთდებით. ამიტომ, საინტერესოა აკადემიური ანგარიში ამ საკითხზე“, – განაცხადა ფიშერმა.
ამასთან, გერმანიის ელჩს კითხვა დაუსვეს სანქციებთან დაკავშირებით.
„გერმანიამ გამოსცა შეზღუდვები შესვლაზე ზოგიერთი ქართველის მიმართ, რომელთაც პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ადამიანის უფლებების დარღვევაზე საქართველოში მიმდინარე აქციების მონაწილეების მიმართ. ჩვენ გვაქვს პირადი მონაცემების დაცვის კანონი, რის გამოც აკრძალული გვაქვს ინფორმაციის გასაჯაროება“, – აღნიშნა ელჩმა.