პარლამენტთან აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არის „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც, შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა.
მანამდე პარლამენტთან აქციაზე სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით ორი პირი დააკავეს.
პარლამენტთან აქცია შუადღიდან დაიწყო, როცა, პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობდა. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მხრიდან ხდება ქართული არმიის გასამართლება და ამას ვერ შეეგუებიან.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა 2008 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში შემავალი სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსი მამუკა ყურაშვილი და 2004-2006 წლებში სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა. ასევე, დღესვე დაიკითხა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, რომელიც 2004-2006 წლებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.