“ყველაფერს გავაკეთებთ სასამართლოს დამოუკიდებლობის დასაცავად” - ირაკლი კობახიძე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან საუბარი გვქონდა ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება საქართველოში სასამართლო სისტემის ფუნქციონირებას და, კონკრეტულად, სასამართლოს დამოუკიდებლობას, სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზენაეს სასამართლოში, მოსამართლეებთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, სასამართლოს დამოუკიდებლობა არის ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი ქვაკუთხედი და, შესაბამისად, ამ საკითხთან მიმართებაში ხელისუფლება იქნება მაქსიმალურად პრინციპული.

 

პრემიერმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე, ასევე, საუბარი იყო მოსამართლეების მიმართ დაწესებულ სანქციებზე. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს ყველაფერი არის ტრაგიკული იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აწესებენ სანქციებს.

 

„ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა უზენაესი სასამართლოს შენობაში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია აქ მოსვლა და მოსამართლეებთან შეხვედრა. ჩვენ გვქონდა საუბარი ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება საქართველოში სასამართლო სისტემის ფუნქციონირებას, სასამართლოს დამოუკიდებლობას. ჩვენთვის სასამართლო დამოუკიდებლობის შემდგომი განმტკიცება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი.

ამ კუთხით, იცით, რომ არის კონკრეტული გამოწვევები, მათ შორის, ეს არის გამოხატული იგივე პირდაპირი ჩარევებით, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. გავიხსენეთ, იგივე, მოსამართლე ჩხიკვაძის საქმე, სხვა ჩარევები ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობაში და ასევე შევეხეთ, რა თქმა უნდა, სანქციებს, რომელიც დაწესდა სხვადასხვა ქვეყნის სტრუქტურების მხრიდან ქართველი მოსამართლეების მიმართ. კიდევ ერთხელ შემიძლია აღვნიშნო ის, რომ ეს ყველაფერი არის ტრაგიკული იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აწესებენ სანქციებს. ჯონ ლოკის ქვეყანაში, ინგლისში, დიდ ბრიტანეთში, აბსოლუტურად გაუგონარი მოვლენაა ე.წ. გონივრული ეჭვის საფუძველზე ისეთი სანქციების დაწესება, რომლებიც თავისი არსით უთანაბრდება სისხლის სამართლებრივ აქციებს. წარმოუდგენელი რამ იქნებოდა ასეთი რამ, დაახლოებით, 10-20 წლის წინ, მით უმეტეს, გასულ საუკუნეში კიდევ უფრო მეტად. რა თქმა უნდა, ასეთ მოვლენებს ჩვენ დავუპირისპირდებით იმით, რომ კიდევ უფრო მეტად განვამტკიცებთ სასამართლოს დამოუკიდებლობას. ამას ალტერნატივა არ აქვს. სასამართლოს დამოუკიდებლობა არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი ქვაკუთხედი და, შესაბამისად, აქ ვიქნებით მაქსიმალურად პრინციპულები,“- განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს ვინც მოქმედებს ბრიტანეთის სახელით, ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ხელყოფის მიზნით, იგივე ძალა 2012 წლამდე ბოლომდე მფარველობდა იმ სიმახინჯეს, რაც საქართველოს მართლმსაჯულებაში მოქმედებდა. 

 

„შემიძლია, შეგახსენოთ რაც ხდებოდა საქართველოში 2012 წლამდე კონკრეტულად მართლმსაჯულების სისტემაში და როგორ შეიცვალა სისტემა 2012 წლის შემდეგ. სტატისტიკაზეც მქონდა საუბარი ორჯერ, სამჯერ, ზოგიერთ შემთხვევაში 20-ჯერაც არის გაუმჯობესებული სტატისტიკა. იგივე სტრასბურგის სასამართლოში მიუხედავად იმისა, რომ შეცვლილია სამართლებრივი კულტურა, ამაღლებულია სამართლებრივი კულტურა, სამჯერ ნაკლები საქმეები მიდის ქართულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში. ეს არის უტყუარი მტკიცებულება არა მარტო იმისა, რომ რადიკალურად გაუმჯობესდა 2012 წლის შემდეგ ვითარება სასამართლო სისტემაში, არამედ ეს არის მტკიცებულება, რომ დღეს ქართული მართლმსაჯულება ფუნქციონირებს ჯანსაღად. აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ მათ შორის ბრიტანულ სანქციებთან მიმართებითაც, ის ძალები, თუ ის ძალა, ე.წ. დიფ სთეითი იგულისხმება ამ ყველაფერში, რომელიც იწონებდა ათასგვარ მანკიერებასა და სიმახინჯეს ქართულ მართლმსაჯულებაში 2012 წლამდე, დღეს იწუნებს ჯანსაღ სასამართლო სისტემას. აქ არის პირდაპირი ლოგიკა - დღეს ვინც მოქმედებს ბრიტანეთის სახელით, ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ხელყოფის მიზნით, იგივე ძალა 2012 წლამდე ბოლომდე მფარველობდა იმ სიმახინჯეს, რაც საქართველოს მართლმსაჯულებაში მოქმედებდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ვერც ამ სცენარის პირობებში ვერ შეარყევდა ვერავინ საქართველოს დამოუკიდებლობას.

 

„ახლა უკვე მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანა ტრამპის არჩევამ. მთავარი შედეგი არის ის, რომ საზოგადოებამ ძალიან ბევრი რამ სხვანაირად გაიგო. უკვე ხედავთ, რომ ახალი ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებში საუბრობს იგივეს წინა ხელისუფლებაზე, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით  4 წლის განმავლობაში. ეს უკვე ძალიან ხელშესახები, მნიშვნელოვანი შედეგია. რაც შეეხება სამომავლო განვითარებას, ვნახოთ, ჩვენ ყველაფრისთვის ვართ მზად. არის 2 შესაძლო სცენარი, ერთი სცენარია, რომ ტრამპი ამარცხებს Deep State-ს, ამ შემთხვევაში ეს არის ჩვენთვის კარგი სცენარი, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებას საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, მაგრამ თუ ტრამპი ვერ დაამარცხებს Deep State-ს, ამ შემთხვევაში, არის რისკი იმისა, რომ ისევე გაგრძელდეს მოვლენების განვითარება, როგორც ეს გრძელდებოდა გასული 4 წლის განმავლობაში. ჩვენ ორივე სცენარისთვის ვართ მზად, ვერცერთი სცენარის პირობებში ვერავინ ვერ შეარყევს ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის თქმით, 2012 წლის შემდეგ სახეზეა ფუნდამენტური ცვლილება, რაც სტატისტიკითაც არის მკაფიოდ გამოხატული და დადასტურებული.

 

 

„მინდა კიდევ ერთხელ გავიხსენო ის ვითარება, რაც იყო შექმნილი ჩვენს ქვეყანაში, 2012 წლამდე, ზოგადად, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და უფრო კონკრეტულად, სასამართლოს მიმართულებით. ყველას გახსოვთ, რომ იყო არსებითი, ძალიან მძიმე პოლიტიკური კონტროლი და ზეწოლა სასამართლო სისტემაზე. ძალიან მძიმე პირობებში უწევდათ მაშინ მოსამართლეებს მუშაობა. შედეგიც სახეზე იყო და ეს გამოხატული იყო სტატისტიკით. კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო ის, თუ რა შედეგს მიაღწია სასამართლო სისტემამ 2012 წლის შემდეგ.  გამამართლებელი განაჩენები 0,1% და ნაკლები იყო მაჩვენებელი 2012 წლამდე, რაც იყო საერთო სისტემის შედეგი. დღეისათვის, დაახლოებით 9-10%-ს შეადგენს გამამართლებელი განაჩენების მაჩვენებელი რაც უკვე შეესატყვისება იმ საერთო პრაქტიკას, რომელიც არის ევროპულ ქვეყნებში დამკვიდრებული. გვაქვს ფუნდამენტური ცვლილება, რაც სტატისტიკითაც არის მკაფიოდ გამოხატული და დადასტურებული.

 

იგივე, რომ ავიღოთ წინასწარი, ან ადმინისტრაციული პატიმრობა, სამჯერ მაღალი იყო მაჩვენებელი 2012 წლამდე და სამჯერ შემცირდა როგორც წინასწარი, ასევე ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი, რაც სისტემურ ცვლილებებზე მეტყველებს სასამართლო ხელისუფლებაში. ასევე, რაც შეეხება საგამოძიებო მოქმედებებზე შუამდგომლობას, ორჯერ არის შემცირებული დაკმაყოფილების მაჩვენებელი. ჯარიმებს რაც შეეხება, ხუთჯერ არის შემცირებული მოცულობა. გირაოს შეფარდების მაჩვენებელი თითქმის ორჯერ არის შემცირებული. ამ ყველაფრის კულმინაცია არის ის, რომ რამდენჯერმე ნაკლები სარჩელი შედის სტრასბურგის სასამართლოში. ვგულისხმობ სარჩელებს, რომლებიც შეიძლება იყოს დაკავშირებული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებთან მაჩვენებელი არის სამჯერ ნაკლები, რომც გამოვაკლოთ რუსეთთან  დაკავშირებული დავები  სტატისტიკას. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, რომ ზოგადად, სამართლებრივი კულტურა ქვეყანაში იზრდება. წესით, ამ ფონზე უნდა იზრდებოდეს სარჩელების რაოდენობაც, რაც იგზავნება ქვეყნიდან საერთაშორისო სასამართლოში, თუმცა, ამ ფონზეც კი სამჯერ არის შემცირებული ეს მაჩვენებელი, რაც მეტყველებს იმაზე, რომ თვისებრივად და რადიკალურად არის გაუმჯობესებული ვითარება საქართველოში სასამართლო სისტემაში და ეს სისტემა არის არა მხოლოდ უკეთესი იმასთან შედარებით, რაც იყო მანამდე, არამედ, ეს სტატისტიკაც ცხადყოფს იმას, რომ ეს სისტემა დღეს თვისებრივად ჯანსაღად ფუნქციონირებს. რა თქმა უნდა, ხარვეზები შეიძლება იყოს ნებისმიერ მართლმსაჯულების სისტემაში, ნებისმიერ ქვეყანაში, ყველაზე განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყნებშიც, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, მათ შორის, ამ სტატისტიკაზე დაყრდნობით, რომ თვისებრივად ჯანსაღად ფუნქციონირებს საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა, სასამართლო სისტემა არის ჯანსაღი, სამართლიანი და ამაში თითოეული თქვენგანის როლი არის განსაკუთრებული“, - განაცხადა პრემიერმა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით,  არსებული ხელისუფლების პირობებში  ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მიღწევა უკავშირდება სწორედ სასამართლო სისტემაში მდგომარეობის გაჯანსაღებას.

 

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან, მოსამართლეებთან შეხვედრა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში არის ფუნდამენტური ცვლილებები  განხორციელებული დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით და ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მიღწევა უკავშირდება სწორედ სასამართლო სისტემაში მდგომარეობის გაჯანსაღებას და ამ შედეგში თითოეული თქვენგანის წვლილი განსაკუთრებულია. რომ არა მოსამართლეები, რომლებიც კეთილსინდისიერად ემსახურებით სასამართლო სისტემას, სამართალს ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ამ მასშტაბის ცვლილებები არ დადგებოდა. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, თქვენი წვლილისთვის იმ საქმეში, რასაც ჰქვია დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღება, ადამიანის უფლებების უკეთ დაცვა. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც გვექნება ძალიან ბევრი წარმატებები და მუდმივი პროგრესი ამ მიმართულებით", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით,  სასამართლოს დამოუკიდებლობა არის ქვეყნის დამოუკიდებლობის და სახელმწიფო სუვერენიტეტის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი.

 

„სასამართლოს დამოუკიდებლობა არის ქვეყნის დამოუკიდებლობის და სახელმწიფო სუვერენიტეტის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი და ატრიბუტი. აქედან გამომდინარე, ჩვენ სასამართლოს დამოუკიდებლობას უნდა გავუფრთხილდეთ ზუსტად ისე, როგორც ვუფრთხილდებით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტს. არავითარი განსხვავება არ არის ამ კუთხით. ზუსტად ისევე უნდა გავუფრთხილდეთ სასამართლოს დამოუკიდებლობას, როგორც ვუფრთხილდებით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტს, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საკუთარი სამშობლოს, ქვეყნის წინაშე. მთავრობა არის მზად, მაქსიმალური მხარდაჭერა გაუწიოს სასამართლო ხელისუფლებას. იქნება ეს ფინანსური, მატერიალური კუთხით, გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა ამ საკითხებთან დაკავშირებით და მაქსიმალური გულისხმიერებით მოვეკიდებით თითოეულ საკითხს, რომელიც დაისმება სასამართლო ხელისუფლების მხრიდან. გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა. კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ მადლობა, რომ ემსახურებით სახელმწიფოს, იმისათვის, რომ ემსახურებით სამართალს. ძალიან დიდი პატივია ჩემთვის თქვენთან შეხვედრა, კიდევ ერთხელ მადლობა თქვენს მიერ გაწეული და მომავალში გასაწევი საქმიანობისთვის. თქვენზე დგას ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის ეფექტიანობის შემდგომი განმტკიცება და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც გვექნება მუდმივი პროგრესი ამ მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა 2012 წლიდან დღემდე ვერავინ შეარყია და ვერც მომავალში ვერავინ შეარყევს. 

 

„ბოლო ასეთი შემთხვევა ჩვენ გვქონდა დიდი ბრიტანეთთან, როგორც მოგეხსენებათ, ისინი შეეხნენ ორ მოსამართლეს, ეს არის ტრაგიკული მოვლენა. კარგად მოგეხსენებათ, ვინ იყო ჯონ ლოკი, ცნობილი ინგლისელი მოაზროვნე განმანათლებელი და ის იყო ერთ-ერთი, ვინც საფუძველი ჩაუყარა სამართლებრივ აზროვნებას ინგლისში და შესაბამისად დიდი ბრიტანეთშიც. ჯონ ლოკის ქვეყანაში დღეს გვეუბნებიან, რომ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ კონკრეტული მოსამართლეები გარეული იყვნენ კორუფციულ გარიგებებში. არავითარი კონკრეტიკა და ამას რომ თავი დავანებოთ, საუბარია გონივრულ ეჭვზე. უხეშად რომ ვთქვათ, ჯონ ლოკი ალბათ საფლავში იტრიალებს, როდესაც ასეთ რამეს ხედავს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების მხრიდან. სანქციები პრაქტიკულად თავისი არსით უთანაბრდება სისხლის სამართლებრივ სასჯელს ანუ შეზღუდვების ხარისხი არის იმდენად მაღალი, რომ სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკის მიხედვითაც რომ ვიმსჯელოთ, გაუთანაბრდება ეს სანქციები სისხლის სამართლებრივ სასჯელს. თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, რა სტანდარტი მოქმედებს ასეთი ტიპის სანქციების შეფარდების დროს და გვეუბნებიან, რომ გონივრული ეჭვი ყოფილა საკმარისი, ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე საუბარი კორუფციულ გარიგებებზე, ყოფილა საკმარისი იმისათვის, რომ ასეთ ტიპის სანქციები დააწესოს უცხო ქვეყნის ხელისუფლებამ ქართველი მოსამართლეების მიმართ. მართლა ტრაგიკულია, სხვა შეფასებას ეს ყველაფერი არ იმსახურებს. 

 

მანამდე იყო აშშ-ის წინა ადმინისტრაციის სანქციები სავიზო შეზღუდვები, ესეც არის თომას ჯეფერსონის ქვეყანა და ნამდვილად ტრაგიკულია, რომ თომას ჯეფერსონის ქვეყანაში გამოდიან ხელისუფლების წარმომადგენლები, ასანქცირებენ ქართველ მოსამართლეებს და მოგვიანებით გეუბნებიან, რომ არ აქვთ არავითარი მტკიცებულებები. ღია წყაროებიდან, პრესიდან, ტელევიზიებიდან, მიიღეს ინფორმაცია გარკვეულ სავარაუდო ქმედებებთან დაკავშირებით, ესეც ტრაგიკულია, სხვა სახელი არ შეიძლება ამას დაერქვას. ჯეფერსონის ქვეყანაში არ შეიძლება, ასეთი გადაწყვეტილებები მიიღებოდეს. ეს არის პირდაპირ შეიძლება ითქვას, პოლიტიკური ჩარევის მცდელობა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ვერავითარი შედეგი ვერ ექნება. ამის გარანტი არის ხელისუფლება, ამის გარანტი ხართ თქვენ, მოსამართლეები და ამ ყველაფერში ჩვენი მხრიდან, როგორც აღმასრულებელი, ასევე შემიძლია გადმოგცეთ საკანონმდებლო ხელისუფლების პოზიციაც, თითოეული შტოს დამოკიდებულება იქნება ძალიან მკაფიო. ჩვენ ვერ დავუშვებთ ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ვერავითარ შეზღუდვას. ესენი არიან ის ძალები, იგივე ძალა, რომელიც თავის დროზე იწონებდა იმ მანკიერებას, რომელიც პოლიტიკური კონტროლის სახით მოქმედება 2012 წლამდე ჩვენს ქვეყანაში. რასაც იწონებდნენ ისინი მანამდე, იმის საპირისპიროს იწუნებენ დღევანდელ დღეს, როდესაც სასამართლო არის დამოუკიდებელი და სასამართლო სისტემა ფუნქციონირებს ჯანსაღი ფორმით. ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა 2012 წლიდან დღემდე ვერავინ შეარყია და ვერც მომავალში ვერავინ შეარყევს. თითოეული ჩვენგანი უნდა ვიყოთ ამის გარანტი და აუცილებლად ვიქნებით ამის გარანტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იყო რამდენიმე გახმაურებული შემთხვევა. ირაკლი კობახიძემ გაიხსენა მოსამართლე ჩხიკვაძის საქმე, რომელსაც აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მოსთხოვა ანგარიში კონკრეტულ საქმეზე, რაც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

 

მისივე თქმით, მოგვიანებით, ასევე, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ მოსამართლე ჩხიკვაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რასთან დაკავშირებითაც მას მოსთხოვეს ანგარიში, იყო აბსოლუტურად სამართლიანი.

 

„ძალიან კარგად გვახსოვს ყველას რამდენიმე გახმაურებული შემთხვევა, მაგალითად მოსამართლე ჩხიკვაძის საქმე, როდესაც კონკრეტულ მოსამართლეს მოსთხოვეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე. ეს არის ქმედება, რომელსაც პირდაპირ კრძალავს საქართველოს კონსტიტუცია, კონკრეტული საელჩოს წარმომადგენელი მივიდა მოსამართლესთან და მას მოსთხოვა ანგარიში კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, საუბარია აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციის წარმომადგენელზე. დღეს ადვილია უფრო საუბარი ამ თემაზე, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ყოფილ ადმინისტრაციაზე, რომელსაც დღეს უკვე აშშ-ის მოქმედი ხელისუფლება აკრიტიკებს, პირველ რიგში, სწორედ, დემოკრატიის მიმართულებით და სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტის მიმართულებით არასწორ და უხეშ ქმედებებში. რეალურად, ამას ჩვენ ვხედავდით ჩვენი ქვეყნის მაგალითზე. ყოფილი ადმინისტრაციის კონკრეტული წარმომადგენელი შეხვდა მოსამართლეს, მას მოსთხოვა ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის წინააღმდეგ ანგარიში კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და საინტერესო დეტალი, ასევე, არის ის, რომ ამ საქმის გამო მოსამართლეს ერთგვარი სანქცია დააკისრეს - მას ვიზიტი გაუუქმეს. ესეც არის თავისთავად საინტერესო, ერთგვარი აღიარება იყო ეს ყველაფერიც, ვიზიტები განიხილება, როგორც ზემოქმედების ინსტიტუტი მოსამართლეების მიმართ. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი პრაქტიკა, რასაც ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ. ეს საქმე წავიდა მოგვიანებით სტრასბურგის სასამართლოში და სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ მოსამართლე ჩხიკვაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რასთან დაკავშირებითაც მას მოსთხოვეს ანგარიში, იყო აბსოლუტურად სამართლიანი. თუმცა ფაქტი რჩება ფაქტად - მიღებული იყო სამართლიანი გადაწყვეტილება, მოსამართლეს მოსთხოვეს ანგარიში და დასაჯეს ვიზიტის გაუქმებით. ასეთი ფაქტები, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია, ჩვენ ვერავის მივცემთ საშუალებას, რომ ასე უხეშად სცადონ შეჭრა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ქართული სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, არის დამოუკიდებელი და მომავალშიც აუცილებლად იქნება დამოუკიდებელი,“- განაცხადა პრემიერმა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რატომღაც, სწორედ, ამ პრივილეგირებული მოსამართლეების ნაწილს გამოჰქონდა უცნაური გადაწყვეტილებები.

 

„სელექციური პრივილეგიები - იცით, როგორი პრაქტიკა იყო დანერგილი, 20-25 ერთი და იგივე მოსამართლე სარგებლობდა კონკრეტული პრივილეგიებით. რატომღაც მაინცდამაინც ამ მოსამართლეებს, ყოველ შემთხვევაში, მათ ნაწილს გამოჰქონდა უცნაური გადაწყვეტილებები, ეს პრაქტიკაც არის კატეგორიულად მიუღებელი. აქაც აშკარად ჩანდა, რომ კონკრეტული პრაქტიკა გამოიყენებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობისთვის. ბუნებრივია, ამასაც უნდა დავუპირისპირდეთ,“- აღნიშნა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იყო სურვილი, რომ სამ უცხოელს გადაეწყვიტა ის, თუ ვინ რჩებოდა სასამართლო სისტემაში და ვინ დაინიშნებოდა  უვადოდ განწესებული გათავისუფლებული მოსამართლის ადგილას. მისივე განცხადებით, ბუნებრივია, ხელისუფლებას ასეთ ნაბიჯზე წასვლა არც უფიქრია.

 

„მე მაშინ პარლამენტის წევრი ვიყავი, როდესაც ჩვენ, ასევე, გვქონდა დისკუსიები ე.წ. „ვეთინგთან“ დაკავშირებით, რომელიც იყო შეფუთული ლამაზი სახელით - კეთილსინდისიერების შემოწმება. სინამდვილეში, ჩვენგან, პირდაპირ, მოითხოვდნენ სასამართლოს დამოუკიდებლობის დათმობას. სამ უცხოელს უნდა გადაეწყვიტა ის, თუ ვინ რჩებოდა სასამართლო სისტემაში. მეტიც, თუ ვინ დაინიშნებოდა გათავისუფლებული მოსამართლის ადგილზე, კონსტიტუციის წინააღმდეგ უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი. მოგეხსენებათ, კონსტიტუციით ძალიან მყარად არის დაცული მოსამართლის დამოუკიდებლობა, მათ შორის, გარანტირებულია მოსამართლის უვადოობის პრინციპი და, ამ ყველაფრის ფონზე, სამ უცხოელს უნდა გადაეწყვიტა უვადოდ განწესებული მოსამართლის ბედი. მეტიც, უნდა დაენიშნა ახალი მოსამართლეები. ამ მასშტაბით ითხოვდნენ ჩვენგან სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას. ბუნებრივია, არც გვიფიქრია ასეთ ნაბიჯზე წასვლა,“- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა მაგალითად მოიყვანა რუსთავი 2-ის საქმე, როდესაც უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლე ფაქტობრივად ქვეყნის მტრად გამოაცხადეს. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს იყო სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლის, მათ შორის, გარე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელების მცდელობა.

 

„ასევე იყო უამრავი სხვა გადაწყვეტილება, რომელთა კრიტიკაშიც პირდაპირ იყვნენ ჩართულები არა მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ უცხოელი სუბიექტებიც. მათ შორის, იყო საელჩოების, ელჩების, სხვა უცხოური ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებები. გავიხსენოთ რუსთავი 2-ის საქმე - უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლე, პირდაპირ, ლამის ქვეყნის მტრად გამოაცხადეს. ეს საქმეც წავიდა სტრასბურგის სასამართლოში და ყველას გახსოვთ, თუ როგორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული სტრასბურგის სასამართლოს მიერ. აქაც გამოჩნდა, რომ, სინამდვილეში, საქმე გვქონდა არა ვიღაცის გულწრფელ ემოციებთან სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, არამედ ეს იყო სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლის, მათ შორის, გარე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელების მცდელობა. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი პრაქტიკა. ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, ჩვენ ამას მომავალშიც, აუცილებლად, დავუპირისპირდებით, გამომდინარე იქიდან, რომ სამართლიანობა და სამართალი არის ის, რასაც ჩვენ განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ. ზოგადად, სტრასბურგის სასამართლომ ყველა შეკითხვას გასცა პასუხი. როდესაც საუბარი იყო სასამართლოსთან დაკავშირებით, კრიტიკული განცხადებები, ჩვენ ყოველთვის ვთხოვდით ხოლმე ყველა შესაბამის სუბიექტს, წარმოედგინათ კონკრეტული საქმეები, რასთან დაკავშირებითაც მათ ჰქონდათ კრიტიკული შეხედულებები. სასამართლოს შესახებ ზოგადი საუბარი ჩვენთვის იყო მიუღებელი. არც ერთ ჯერზე მათ არ წარმოუდგენიათ ასეთი საქმეები. მეტიც, ჩვენ ვეუბნებოდით, რომ ნებისმიერ სისტემაში შეიძლებოდა ყოფილიყო პრობლემური საქმეები, სადაც ვიღაცას შეიძლებოდა ჰქონოდა განცდა, რომ რაღაც სამართლიანად არ გადაწყდა. ნებისმიერ ქვეყანაში ხდება ასეთი რამ. საქართველოსთან დაკავშირებით ვითხოვდით კონკრეტულ საქმეებს და ვერც ერთ ჯერზე ვერ წარმოგვიდგინეს ვერც ერთი ასეთი საქმე, რასთან დაკავშირებითაც შეიძლებოდა ყოფილიყო მკაფიო განცდა იმისა, რომ რაღაც საკითხი უსამართლოდ გადაწყდა. იყო დაახლოებით 10 გახმაურებული საქმე, ყველასთან დაკავშირებით იმავე სუბიექტებს - პარტიებს, „ენჯეოებს“, უცხოელებს ჰქონდათ კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი და ისინი აკრიტიკებდნენ შესაბამის სასამართლო გადაწყვეტილებებს. ყველა ეს საქმე წავიდა სტრასბურგის სასამართლოში და უკლებლივ ყველა ამ საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილებები იყო სამართლიანი. აქ ყველაფერი, ვფიქრობ, აბსოლუტურად ცხადი და ნათელია. დანარჩენი ყველაფერი არის უბრალოდ პოლიტიკური ინტერესი იმისა, რომ ვიღაც ჩაერიოს სასამართლო დამოუკიდებლობაში და არის უბრალოდ სპეკულაციები. რა თქმა უნდა, სპეკულაციებზეც ჩვენ გვექნება შესაბამისი პასუხი,“- განაცხადა პრემიერმა.