სალომე ზურაბიშვილს ისევ ოპოზიცია დაუპირისპირა „დიფ სთეითმა“, ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება, სალომე ზურაბიშვილს, როგორც უკვე ვადაგასულ პროდუქტს ჩამოწერენ ქართული პოლიტიკიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის გაკრიტიკებას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, „დიფ სთეითს“ დაგეგმილი ჰქონდა სალომე ზურაბიშვილის ქართული პოლიტიკიდან ჩამოწერა და ის, რაც 31 მარტს საზოგადოებამ იხილა, იყო, სწორედ, ამის გამოხატულება.
„მე მქონდა ინტერვიუ საზოგადოებრივ მაუწყებელზე რამდენიმე დღით ადრე, შეგიძლიათ ნახოთ, მაშინ ვამბობდი, რომ „დიფ სთეითს“ უკვე დაგეგმილი ჰქონდა სალომე ზურაბიშვილის ჩამოწერა ქართული პოლიტიკიდან და რაც ვიხილეთ 31 მარტს, იყო, რეალურად, ამის გამოხატულება. თქვენ ნახეთ, რომ ისევ ოპოზიცია დაუპირისპირა სალომე ზურაბიშვილს „დიფ სთეითმა“, ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება, სალომე ზურაბიშვილს, როგორც უკვე ვადაგასულ პროდუქტს ჩამოწერენ ქართული პოლიტიკიდან,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, ისინი მძიმე ქმედებებში არიან ეჭვმიტანილები, როგორც წინა ხელისუფლების პირობებში, ისე დღესაც, ვინაიდან დაკავებულები არიან ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობით.
„სინამდვილეში, ამ ადამიანებს არაფერი აქვთ სათქმელი. თქვენ იცით, რომ ისინი საკმაოდ მძიმე ქმედებებში არიან ეჭვმიტანილები, განსაკუთრებით, წინა ხელისუფლების პირობებში, თუმცა არამარტო მაშინ, დღესაც ხედავთ, რომ ისინი მთლიანად არიან დაკავებულები ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობით,“- განაცხადა პრემიერმა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეების, ადამიანების ინტერესები, უფლებები უნდა იყოს დაცული მართლმსაჯულების სისტემის მიერ და ამ კუთხითაც ვითარება არის თვისებრივად გაჯანსაღებული და ჯანსაღი ქვეყნის სასამართლო სისტემაში.
„სამწუხაროა ის, რომ მანკიერებას, რაზეც ვსაუბრობდი, მფარველობდნენ ზუსტად იგივე ძალები, რომლებიც დღეს თავს ესხმიან ქართული დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემას. ამაშიც არის, ბუნებრივია, თავისი ლოგიკა, ვისაც მოსწონდა მანკიერებები სასამართლო სისტემაში თავის დროზე, მას არ მოსწონს დღევანდელი გაჯანსაღებული სასამართლო სისტემა.
დღეს სასამართლო სისტემაში ვითარება არის რადიკალურად განსხვავებული, უზრუნველყოფილია სასამართლოს და მოსამართლის დამოუკიდებლობა და ეს არის მთავარი მიღწევა, რასაც ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ თითოეული ჩვენგანი. ეს არის, ბუნებრივია, თითოეული მოსამართლის და ხელისუფლების სხვა შტოების პასუხისმგებლობაც, მათ შორის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების და მთელი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ თითოეული ჩვენგანი ამ საქმეს.
მთავარი არის ის, რომ ჩვენი მოქალაქეების, ადამიანების ინტერესები, უფლებები უნდა იყოს დაცული მართლმსაჯულების სისტემის მიერ, ამაზე უნდა ვიყოთ თითოეული ჩვენგანი ორიენტირებული და ამ კუთხითაც ვფიქრობ, რომ ვითარება არის თვისებრივად გაჯანსაღებული და ჯანსაღი ჩვენს სასამართლო სისტემაში“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე ყურადღება გაამახვილა გამუდმებულ თავდასხმაზე სასამართლო სისტემის მიმართ.
„კიდევ ერთხელ უნდა გაესვას ხაზი იმ სამწუხარო მოვლენას, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, მუდმივი და სტაბილური წინსვლის, პროგრესის და ფუნდამენტური გაჯანსაღების, ჩვენ ვხედავდით გამუდმებულ თავდასხმას სასამართლო სისტემაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, უფრო კონკრეტულად, მათ შორის, ჩვენ ვხედავდით საბჭოური მეთოდების გამოყენებით სასამართლო სისტემის ბრენდირების მცდელობას. გახსოვთ, რომ იყო კონკრეტული ტერმინები შერჩეული, რომლებითაც კონკრეტული ძალები ცდილობდნენ სასამართლო სისტემის სტიგმატიზებას, რაც არის საბჭოური მეთოდი და ჩვენთვის ეს არის კატეგორიულად მიუღებელი.
ამ ყველაფრის მიუხედავად, მოქალაქეები ხედავენ იმას, თუ რა ვითარებაა დღეს სასამართლო სისტემაში. ჩვენ მუდმივად ვატარებთ, მათ შორის, სოციოლოგიურ კვლევას და შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ამ ობიექტური სოციოლოგიური კვლევების თანახმად, გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, არცერთ კვლევაში 50%-იან მაჩვენებელს არ ჩამოცილებია ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ. მოსახლეობის უმრავლესობა, ყველა კვლევის თანახმად, რაც ჩატარდა ბოლო წლების განმავლობაში, ენდობა სასამართლოს, მის დამოუკიდებლობას და ეს არის, რა თქმა უნდა, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ერთია ფაქტი, მეორეა აღქმა და ამ შემთხვევაში, ფაქტი და აღქმაც ემთხვევა ერთმანეთს. მოსახლეობის უმრავლესობა ხედავს კარგად იმას, თუ რა ვითარებაა დღეს სასამართლო სისტემაში, როგორ არის გაჯანსაღებული საქართველოში სასამართლო სისტემა. ამასაც, რა თქმა უნდა, ყველა უნდა გავუფრთხილდეთ“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერის თქმით, ვიზალიბერალიზაციის საკითხი აბსოლუტურად არარელევანტურია დღეს და არის უბრალოდ კონკრეტული დავალება, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა შეასრულა ესტონეთში.
„ეს კონკრეტული კაცი იმდენად არასერიოზულია, რომ მასზე ვერ გავაკეთებ სერიოზულ კომენტარს. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, მე ვფიქრობ, რომ აქ რაიმე ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ის არის Deep State-ის დავალების ერთ-ერთი შემსრულებელი, რომელიც ახმოვანებს ხოლმე, თავისი აზრით, დამაშინებელ გზავნილებს, თუმცა ამით საზოგადოება, არცერთი გასული წლის განმავლობაში არ შეშინებულა და არც მოგვიანებით შეშინდება. ცაჰკნამაც თავის საკუთარ ქვეყანას უნდა მიხედოს. მე მგონია, რომ აბსოლუტურად არარელევანტურია დღეს ეს საკითხი, არის უბრალოდ კონკრეტული დავალება, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა შეასრულა ესტონეთში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.