ეს არის ერთგვარი სპეკულაციები, როცა თქვენ ამბობთ, რომ თორნიკე რიჟვაძე ირაკლი ღარიბაშვილის კადრია, ეს არის არასწორი. ის იყო „ქართული ოცნების“ გუნდის კადრი და დღემდე არის „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.
მისივე თქმით, არასწორია კონკრეტულ ადამიანებზე კონკრეტული თანამდებობის პირების მიბმა.
„7 წლის წინ დაიკავა თანამდებობა თორნიკე რიჟვაძემ, ის იყო და არის „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ჩვენთან ასე არ ხდება ხოლმე, თქვენი მხრიდანაც არასწორია კონკრეტულ ადამიანებზე კონკრეტული თანამდებობის პირების მიბმა. თუ ვინმე იყო ჩართული იმ პროცესებში შვიდი წლის წინ, რომელიც უკავშირდებოდა მის მიერ თანამდებობის დაკავებას, ერთ-ერთი პირველი ვიყავი სწორედ მე. აქედან გამომდინარე, ეს არის ცარიელი სპეკულაციები. რაც შეეხება მის გადაწყვეტილებას, მან მიიღო ეს გადაწყვეტილება და უმჯობესია, თავად გააკეთოს კომენტარი, თუ საჭიროდ ჩათვლის, საკუთარ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა თორნიკე რიჟვაძეს იმისათვის, რომ ის შვიდი წლის განმავლობაში პროფესიონალიზმითა და ღირსებით ემსახურებოდა აჭარის უმნიშვნელოვანესი მხარის განვითარებას“, – განაცხადა პრემიერმა.
სულხან თამაზაშვილს აქვს დაგროვილი ძალიან დიდი გამოცდილება იმისათვის, რომ სათანადოდ წარმართოს მუშაობა აჭარის მთავრობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მისი გამოცდილება, პიროვნული თვისებები, მათ შორის მისი კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი იყო ის ძირითადი კრიტერიუმი, რომელთა საფუძველზეც არჩევანი შეჩერდა სწორედ სულხან თამაზაშვილზე.
„ბატონი სულხანი არის არა მხოლოდ პოლიციელი, არამედ ის იყო თბილისის პოლიციის ხელმძღვანელი. ეს არის ძალიან მაღალი თანამდებობა, რაც მოითხოვს განსაკუთრებულ უნარებს, განსაკუთრებულ თვისებებს, მათ შორის მენეჯერულ უნარებს. შესაბამისად, მას აქვს დაგროვილი ძალიან დიდი გამოცდილება იმისთვის, რომ სათანადოდ წარმართოს მუშაობა აჭარის მთავრობაში. მისი გამოცდილება, პიროვნული თვისებები, მათ შორის მისი კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი იყო ის ძირითადი კრიტერიუმი, რომელთა საფუძველზეც არჩევანი შეჩერდა სწორედ ბატონ სულხან თამაზაშვილზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.