9 აპრილი ერთის მხრივ, ეს არის უდიდესი ტრაგედიის დღე, თუმცა, ამასთან, ეს არის დღე, რომელმაც ქვეყანას, ქართველ ხალხს მოუტანა გაერთიანება და დამოუკიდებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, 9 აპრილი შეგვახსენებს, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის მიმართ ურთიერთობას და სიყვარულს.
„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ 9 აპრილის გმირების ხსოვნას, პატივს მივაგებთ მათ გმირობას. 9 აპრილი ერთის მხრივ, ეს არის უდიდესი ტრაგედიის დღე, თუმცა, ამასთან, ეს არის დღე, რომელმაც ქვეყანას, ქართველ ხალხს მოუტანა გაერთიანება და დამოუკიდებლობა. 9 აპრილის ტრაგედიიდან ზუსტად ორ წელიწადში საქართველომ ოფიციალურად გამოაცხადა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. მე მახსოვს ის დღეები, კვირები, თვეები, ის რამდენიმე წელი, როდესაც შეიცვალა დამოკიდებულება საზოგადოებაში და სიძულვილს სძლია სიყვარულმა. შესაბამისად, ეს ყველაფერი ჩვენ შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, სწორედ ჩვენი გმირების ბრძოლის საფუძველზე. ეს ყველაფერი შეგვახსენებს ასევე იმას, რომ ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ერთმანეთის მიმართ ურთიერთობას და სიყვარულს“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გარე ძალებს აბსოლუტურად გამოცლილი აქვთ ენერგია და ისინი ცდილობდნენ, კონკრეტული პროვოკაცია გამოეყენებინათ დამატებითი ენერგიის მისაღებად.
„ჩვენ ამას ვერ ავყვებოდით, ვერ ავყვებოდით მათ სცენარს და რაც მთავარია, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ერთიანობას საზოგადოებაში, ჩვენ უნდა მოვერიდოთ ნებისმიერ ისეთ ქმედებას, რომელიც გარე ძალებს მისცემს ჩვენი საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩის საშუალებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მივიღეთ აბსოლუტურად არამარტო პრაგმატული გადაწყვეტილება, არამედ პირველ რიგში ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეესაბამება ჩვენი საზოგადოების ინტერესებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რაც დავწერე - ალბათ ჩვენი გმირების სულები ჩვენგან სწორედ ასეთ გადაწყვეტილებას ელოდნენ, გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება მიმართული არა დაპირისპირების გაღვივებისკენ, არამედ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნებოდა მიმართული სწორედ საზოგადოების გამთლიანებისკენ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გარე ძალებს არ მივცეთ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩის საშუალება და პირიქით, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საზოგადოების გასაერთიანებლად სიყვარულის გარეშემო. საზოგადოებას უნდა აერთიანებდეს სიყვარული, ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ხელოვნურად დაგვყონ სიძულვილის გაღვივებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, დღეს უკვე სხვა გარე ძალები ცდილობენ, ხელოვნურად გახლიჩონ ქართული საზოგადოება და მოქმედებენ ზუსტად იგივე მეთოდებით, რა მეთოდებითაც მოქმედებდა თავს დროზე საბჭოთა „კაგებე“.
„ზუსტად იგივე პროცესები წარიმართებოდა საქართველოში დაახლოებით 35 წლის წინ, როდესაც მაშინდელი საბჭოთა „კაგებე“ ცდილობდა ხელოვნურად ქართული საზოგადოების გახლეჩას და სამწუხაროდ, ამას მიაღწიეს გარკვეული პერიოდის შემდეგ 9 აპრილიდან. დღეს ვხედავთ, რომ უკვე სხვა ძალები, მაგრამ გარე ძალები ასევე ცდილობენ, ხელოვნურად გახლიჩონ ქართული საზოგადოება, დათესონ სიძულვილი და ეს უცხო ძალები მოქმედებენ ზუსტად იგივე მეთოდებით, რა მეთოდებითაც მოქმედებდა თავის დროზე საბჭოთა „კაგებე“. ვგულისხმობ ე. წ. დიფ სთეითს. ყველაზე სამწუხარო და დასანანი ის არის, რომ „დიფ სთეითი“ მოქმედებს ევროკავშირის და აშშ-ის გამოყენებით, მანამდე მოქმედებდა ოფიციალური სტრუქტურების გამოყენებით. მადლობა ღმერთს, ამ ეტაპზე აშშ-ში ვითარება არის შეცვლილი, მაგრამ დღემდე ბრიუსელის ბიუროკრატია გამოიყენება იმისათვის, რომ საქართველოში ხელოვნურად დათესონ სიძულვილი. დღევანდელი დავალებაც, რომელიც მიიღო უცხოურმა აგენტურამ, ემსახურება სწორედ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას. არიან ადამიანები, რომლებიც ყველა თარიღს იყენებენ სიძულვილის დასათესად, საზოგადოების გასახლეჩად. ეს არის დამკვიდრებული პრაქტიკა და დღევანდელ დღეს მათ სცადეს, 9 აპრილი, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი დღე გამოეყენებინათ კიდევ ერთხელ საზოგადოების გასახლეჩად. რა თქმა უნდა, ზუსტად ისე, როგორც დამარცხდა თავის დროზე 34 წლის წინ, საბჭოთა „კაგებე“, როცა ჩვენ გამოვაცხადეთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, ზუსტად ასევე ამ გარე ძალებზე გაიმარჯვებს საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების იდეა. ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ სიძულვილს, აუცილებლად გაგვაერთიანებს სიყვარული და განვაგრძობთ ბრძოლას იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა 9 აპრილის გმირების წინაშ, ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის. ჩვენი საერთო ოცნება არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ასევე ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ეს არის პასუხისმგებლობა გმირთა სულების წინაშე“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა გადაამოწმებს ყველა გრანტის მიზნობრიობას და ამის მიხედვით გასცემს თანხმობას გრანტთან დაკავშირებით.
„საქართველოს მთავრობა გადაამოწმებს ყველა გრანტის მიზნობრიობას და ამის მიხედვით გასცემს თანხმობას გრანტთან დაკავშირებით. ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ გრანტებისა და „ენჯეოების“ მეშვეობით, საქართველოში ხელოვნურად დათესონ სიძულვილი და ხელოვნურად გახლიჩონ საზოგადოება. ეს კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ ჩვენ წინ აღვუდგეთ სიძულვილის ხელოვნურად დათესვას ჩვენს საზოგადოებაში,“- განაცხადა პრემიერმა.