"ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში სრული ფიასკოსთვის არის განწირული" - ირაკლი კობახიძე

ოპოზიცია განადგურდა გარე ძალების ხელით, საბოლოო ჯამში, გარედან იწერება სცენარები, გარეთ ვინც წერს კონკრეტულ სცენარებს, მათ არ აქვთ საზოგადოების პულსის სწორი აღქმა ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის შეფასებით, გარე ძალებმა პრაქტიკულად თვითონ გაანადგურეს ოპოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდათ სრულიად სხვა მიზანი - ოპოზიცია მოეყვანათ ხელისუფლებაში.
„არის სრული ქაოსი და რა თქმა უნდა, ეს ასე წარიმართება მომავალშიც და ეს ძალიან კარგია. იმ შემთხვევაში, თუ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, სრული ფიასკოსთვის არიან განწირული. ჩვენ 64-ვე მუნიციპალიტეტში ძალიან დიდი უპირატესობით მოვიგებთ როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებს. საბოლოო ჯამში ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავისითაც სუსტდებიან, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ აქტიურად განვაგრძოთ ზრუნვა ამ პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე, უნდა მომზადდეს შესაბამისი სარჩელი, რომელიც შევა საკონსტიტუციო სასამართლოში. ვიდრე კოლექტიური “ნაცმოძრაობა” რჩება ოფიციალურ პოლიტიკაში, მანამდე ეს ქვეყანა ვერ დაისვენებს, აგენტურა არ უნდა იყოს პოლიტიკურ სპექტრში წარმოდგენილი. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ბოლომდე გავაჯანსაღოთ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, პოლიტიკური სისტემა, ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ შეუქცევადად განვითარდეს დემოკრატიული თვალსაზრისით ჩვენი ქვეყანა მომავალში”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება ემსახურებოდა იმას, რომ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ვერავინ დაპირისპირებოდა გაუმჭვირვალე დაფინანსების მეშვეობით. 

 

„ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ „ენჯეოების“ გამჭვირვალობისთვის და კონკრეტული ძალები იბრძოდნენ გამჭვირვალობის წინააღმდეგ, მიზეზი იყო მარტივი - რეალურად ეს თანხები ხმარდებოდა საქართველოში რევოლუციური პროცესების გაღვივებას და ამას ყველა ხედავდა. ჩვენ სწორედ იმისათვის მივიღეთ კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“, რომ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ვერავინ დაპირისპირებოდა გაუმჭვირვალე დაფინანსების მეშვეობით. ჯერ მოვისმინეთ ჩვენ აშშ-ის ახალი ხელისუფლების აღიარება წინა ადმინისტრაციის ქმედებებთან დაკავშირებით. პირდაპირ განაცხადა ახალმა ადმინისტრაციამ, რომ კონკრეტულად მაგალითად USAID-ის NED-ის თანხები ხმარდებოდა რევოლუციურ პროცესებს, ქვეყნის არევას სხვა სახელმწიფოში, ეს არის პირდაპირი აღიარება. ახლა უკვე ჩვენ ვხედავთ აღიარებას ევროპული სტრუქტურებიდან. ყველაფერი დღესავით ნათელია. ხედავთ, ვინ აფინანსებს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოში არიან რადიკალიზმის გაღვივებითა და სიძულვილს დათესვით დაკავებული, ესენი არიან ყველაზე მდიდარი „ენჯეოები“, პოლიტიკური პარტიებიც კი, რომლებსაც კონსტიტუციის დარღვევით აფინანსებდნენ კონკრეტული ფონდები. ყველაფერი ხელის გულზე დევს ისედაც, მაგრამ ჩვენ ბოლომდე უნდა გავხადოთ ეს ყველაფერი გამჭვირვალე, რათა ბოლომდე იყოს მტკიცედ დაცული საქართველოს უსაფრთხოება, ეს არის უსაფრთხოების თემა. „ენჯეოები“, გარე დაფინანსება, გაუმჭვირვალე დაფინანსება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, გახდეს ქვეყნის არევის ინსტრუმენტი, ჩვენ ამას ვუპირისპირდებოდით წარსულში და დავუპირისპირდებით კიდევ უფრო მტკიცედ მომავალშიც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


მთავრობის მეთაურის თქმით, 9 აპრილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე გამოხმაურებები ცარიელი სპეკულაციებია.


“რეალურად, მე აქცენტი მქონდა პარალელზე, 36 წლის წინაც მოქმედებდა გარე ძალა, სხვა გარე ძალა და დღესაც მოქმედებს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გარე ძალა. რაც შეეხება ტოლობის ნიშანს, ზუსტადაც რომ მე ვსვამ ტოლობის ნიშანს იმიტომ, რომ ზუსტად
ისეთივე მეთოდებით მოქმედებს დღეს Deep State-ი, ახლა უკვე არა ამერიკის, მაგრამ ევროპული ბიუროკრატიის, ევროპული სტრუქტურების გამოყენებით, როგორც თავის დროზე, 36 წლის წინ მოქმედებდა საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საბჭოთა “კაგებე”. მეთოდები არ შეცვლილა, საბჭოთა “კაგებეს” მეთოდებით მოქმედებს Deep State-ი და რაც ყველაზე დასანანია, ამაში ის იყენებს ევროპულ ბიუროკრატიას. ეს უნდა დასრულდეს. ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება ძალიან მკაფიო პოზიცია მომავალშიც. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები და დავიცვათ ჩვენი საზოგადოების ინტერესები. საზოგადოების ინტერესებშია ერთიანობა და არა სიძულვილი და გახლეჩვა. შესაბამისად, ჩვენ ორიენტირებულუ ვიქნებით სწორედ აქეთკენ, რომ არავის მივცეთ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩვის საშუალება და პირიქით, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მაქსიმალურად საზოგადოების გაერთიანებისკენ. ჩვენ ვართ მთავრობა, ჩვენ ვართ შესაბამისად ყველას მთავრობა, ყველას ხელისუფლება და რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე უნდა ვიზრუნოთ, მათ შორის, იმ ადამიანებზე, რომლებიც გარე დაკვეთით სიძულვილს ხელოვნურად თესავენ ჩვენს საზოგადოებაში. ისინიც უნდა შემოვაბრუნოთ ჩვენ სწორი მიმართულებით”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მიხეილ სააკაშვილის მიერ ცეცხლის გახსნის ბრძანების გაცემაზე Factcheck-ის განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ Factcheck“-ი არის „კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული მთავარი გამყალბებელი ორგანიზაცია, ამიტომ, საინტერესო არ არის, რას ამბობენ ისინი.

„რაც შეეხება 2008 წლის ომს, რეალურად, ყველამ ყველაფერი იცის ამ ომთან დაკავშირებით. ჩვენ ვაკვირდებოდით მოვლენებს, მე ძალიან კარგად მახსოვს 7 აგვისტოს ღამეც, 8 აგვისტო - როდესაც გამოცხადდა კონსტიტუციური წყობილების აღდგენა და როდესაც ზარ-ზეიმით გვიცხადებდა მაშინდელი რეჟიმი, თუ როგორ იღებდნენ სოფელს სოფელზე, როგორ იყვნენ შესული ცხინვალში და როგორ მიიწევდნენ წინ როკის გვირაბისკენ. არავითარი თავდაცვის რეჟიმი, მთლიანად საუბარი იყო შეტევაზე, რომელსაც ახორციელებდა რეჟიმი და შემდეგ მათ ხელი მოაწერეს ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც პირდაპირ ჩაიწერა, რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო სწორედ სააკაშვილის რეჟიმმა და ასევე ჩაიწერა ის, რომ ამას მოჰყვა რუსეთის საპასუხო რეაქცია, მართალია, გადაჭარბებული, მაგრამ საპასუხო რეაქცია. ამას ხელი მოაწერა მთელმა ევროპამ, პრაქტიკულად, ევროსაბჭოს წევრმა ყველა ქვეყანამ და რაც ყველაზე გასაოცარია, ამას ხელი მოაწერა სააკაშვილის რეჟიმმა, ასევე ე.წ. ოპოზიციამ, დღევანდელი ე.წ. ჟურნალისტის, გიორგი თარგამაძის სახით. თქვენ ხედავთ, რასთან გვაქვს ჩვენ საქმე. რაც გააკეთეს, იმაზე, საბოლოო ჯამში, ხელი მოაწერეს. ეს არის უდიდესი დანაშაული. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი სააკაშვილის რეჟიმს, ეს არის მაინც ყველაზე დიდი დანაშაული, რაც სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ და, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა დარჩეს შეფასების გარეშე. როგორც კი ასეთ დანაშაულს დატოვებ შეფასების გარეშე, მაშინვე გრჩება რისკი სამომავლოდ და თქვენ ხედავდით, რომ გასული სამი წლის განმავლობაში, სწორედ, იმავე ძალების მეშვეობით სურდათ კონკრეტულ ძალებს საქართველოში მეორე ფრონტის გაღვივება. აქაც, რა თქმა უნდა, რომ ჰქონოდათ ამის საშუალება, ისევე გააღვივებდნენ ომს, როგორც ეს გააკეთეს 2008 წელს და ქვეყანას ჩააგდებდნენ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში, ვიდრე 2008 წელს ჩააგდეს. თუმცა მადლობა ღმერთს, საზოგადოებამ მათ არ მისცა ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალება და შესაბამისად, ახალი ფრონტის გაჩაღების საშუალება ჩვენს ქვეყანაში,“- განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი იყო ხოლმე ბევრად უფრო დაბალი და  ქვეყანა გეგმას ყოველთვის გადაჭარბებით ასრულებდა.

 

„6% არის წინასწარი პროგნოზი, თუმცა, პირველი ორი თვის მაჩვენებელი არის ბევრად უფრო მაღალი - 9,4%. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი იმედი, რომ 6%-ს ბევრად გადავაჭარბებთ. ეს ხდებოდა ხოლმე წინა წლების შემთხვევაშიც, პროგნოზი იყო ხოლმე ბევრად უფრო დაბალი და შემდეგ გეგმას ვასრულებდით ხოლმე გადაჭარბებით, ვფიქრობთ რომ წელსაც იქნება ეს შესაძლებელი. ვფიქრობთ, რომ წელს 6%-ზე მაღალი ზრდა გვექნება. ამისათვის დამატებით ინიციატივებსაც წარვუდგენთ საზოგადოებას“, - განაცხადა პრემიერმა.