გაერთიანებულმა სამეფომ სასანქციო სიაში საქართველოს კიდევ ოთხი მოქალაქე შეიყვანა. სია გაერთიანებული სამეფოს სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სანქცირებულთა შორის არიან გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი, შს მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძე და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კარლო კაციტაძე.
ე.წ. შავ სიაში შეყვანა ნიშნავს, რომ აღნიშნულ პირებს უწესდებათ ფინანსური სანქციები, კერძოდ, გაეყინებათ ფინანსური აქტივები და ეკონომიკური რესურსები. ამასთან, აღნიშნულ პირებთან ფინანსური საქმიანობა იკრძალება, ხოლო სანქციების დარღვევა ან მათთვის თავის არიდება ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეგულაციები, შედგენილია „სანქციების აქტის“ ფარგლებში (2018 წლის სანქციებისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ კანონის შესაბამისად) და ითვალისწინებს ფინანსური სანქციების დაწესებას, კერძოდ, სახსრების გაყინვას.
ცნობისთვის, გაერთიანებულმა სამეფომ 2024 წლის 19 დეკემბერს სანქცირებულთა სიაში შეიყვანა ვახტანგ გომელაური, სულხან თამაზაშვილი, მილერი ლაგაზაური, ზვიად ხარაზიშვილი და ალექსანდრე დარახველიძე. 2025 წლის 2 აპრილს კი სანქცირებულთა სიას დაემატა მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე.