რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაყოფას "ოცნებამ" მხარი დაუჭირა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაყოფას და მის ბაზაზე ორი დამოუკიდებელი უწყების - რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩამოყალიბებას "ქართული ოცნების" პარლამენტმა, მესამე მოსმენით, მხარი დაუჭირა.

„მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებების შესაბამისად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები რეგიონული განვითარების მიმართულებით - რეგიონული განვითარების სამინისტროს, ხოლო ინფრასტრუქტურული მიმართულებები - ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცემა.

კერძოდ, ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციაში, რომელიც არსებული სამინისტროს სამართალმემკვიდრე გახდება, ისეთ საკითხები შევა, როგორიცაა წყალმომარაგება, გაზმომარაგება, საავტომობილო გზების მშენებლობა და განვითარება, ნარჩენების მართვა, ინტერნეტიზაცია და ა.შ.

რაც შეეხება რეგიონული განვითარების სამინისტროს, ის მაღალმთიანი რეგიონების განვითარებით იქნება დაკავებული, მას დაეკისრება რეგიონული განვითარების ფონდის მართვა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სტრუქტურაში შემავალ სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირების კონტროლი.

უკვე ცნობილია, რომ რეგიონულ განვითარებას კახა გულედანი უხელმძღვანელებს, ინფრასტრუქტურას კი, მოქმედი მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე.