"მზად ვართ აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის" - პრემიერი

აბსურდულია საუბარი იმაზე, რომ არის ქართველი ხალხი და აქეთ არის ხელისუფლება, ხელისუფლებას ირჩევს ხალხი და ყველამ პატივი უნდა სცეს დემოკრატიის კონცეფციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში - „აქტუალური თემა“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა სხვადასხვა საელჩოს მხრიდან დამოუკიდებლობის დღის მილოცვების გავრცელებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ტექსტებში ასეთი მსგავსება კოორდინაციის გარეშე შეუძლებელია.

„არის კოორდინაცია, როდესაც ხედავთ, რომ ამერიკული ხელისუფლების ერთ-ერთი შტო, ბრიტანეთის ხელისუფლება, ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა ერთი და იგივე ხელწერით, ლამის ერთი და იგივე ტექსტებით აგზავნიან მილოცვებს, აქ ხომ ჩანს პირდაპირ უხილავი ხელი. არის დიფ სთეითი, რომელიც აკოორდინირებს ამ ყველაფერს. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი რეალობა. რაც შეეხება საუბარს იმაზე, რომ არის ქართველი ხალხი და აქეთ არის ხელისუფლება, ხელისუფლებას ირჩევს ხალხი და ყველამ პატივი უნდა სცეს დემოკრატიის კონცეფციას. ჩვენ გვიმტკიცებდნენ თავხედურად იმას, რომ ხალხი იყო ენჯეოები. პირდაპირ ამ მესიჯებით გამოდიოდნენ. ყოფილი ელჩი გამოდიოდა, მაღალი თანამდებობის პირი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან პირდაპირ გვიცხადებდა, რომ ენჯეოები ლაპარაკობდნენ ქართველი ხალხის სახელით. საუბარია სუბიექტებზე, რომლებსაც არავითარი ფორმით არ აქვთ ლეგიტიმაცია მინიჭებული. არავითარი პროცედურა არ არსებობს ამისათვის, მაგრამ თურმე ეს ენჯეოები, 20-კაციანი და 50-კაციანი ენჯეოები წარმოადგენენ თურმე ქართველ ხალხს. დემოკრატიის კონცეფციას და ქართველი ხალხის ნებას უნდა სცენ პატივი. შეიძლება, ვიღაცას ეს ამბავი ეწყინოს, მაგრამ თვალი უნდა გაუსწორონ იმას, რომ მილიონ 120 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე გამოვიდა საარჩევნო უბნებზე გასული წლის 26 ოქტომბერს და მხარი დაუჭირა მოქმედ ხელისუფლებას. შეიძლება ეწყინოთ, მაგრამ ამას უნდა სცენ პატივი. მათ, შეიძლება სურდათ ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, მკვლელების დაბრუნება, რეკეტიორების დაბრუნება, ვინც ტერიტორიების 20% ჩააბარა, იმ ადამიანების დაბრუნება, თავის დროზე ვინც მედია მიიტაცა, მათი დაბრუნება, შეიძლება უნდოდათ და ეწყინათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, მაგრამ როდესაც ასე ხდება, ხალხის ნებას უნდა სცე პატივი და შენი წყენა შეიძლება გულში დაიტოვო, მაგრამ საჯაროდ არ უნდა გამოხატო. ასეთ აბსურდულ მდგომარეობაში იგდებენ საკუთარ თავს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ანალოგიურ მდგომარეობაშია ოპოზიციაც, რომელიც ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რაც ბოლომდე ანადგურებს.

„აქციებზეც კი ვეღარ გამოდიან სცენაზე ოპოზიციის წარმომადგენლები. პარტიების წარმომადგენლები ვერ ბედავენ სცენაზე გასვლას იმ ადამიანების წინაშეც კი, ვინც ამ ოთხ პარტიას დაუჭირა მხარი. ხომ ყველამ იცის, რომ აქციებზე გამოდიან ადამიანები, ვინც ამ ერთ, მეორე, მესამე, მეოთხე პარტიას დაუჭირა მხარი. ეს პოლიტიკოსებიც კი ვერ გამოდიან საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, იმ მდგომარეობამდე მიიყვანა დიფ სთეითმა ჩვენი რადიკალური ოპოზიცია. იგივე მდგომარეობაში ჰყავთ სამწუხაროდ კონკრეტული ელჩები, ჩინოვნიკები. ელჩები ვერ ასრულებენ საკუთარ მისიას, რაზეც წუხან, ამაზე გვაქვს ჩვენ კულუარული ინფორმაცია, რომ ელჩები ძალიან წუხან, ამასთან დაკავშირებით. ისინი ვერ მუშაობენ, როგორც დიპლომატიური წარმომადგენლები, მაგრამ არ აქვთ სხვა გზა, რადგან დიფ სთეითი არის ძლიერი და შესაბამისად, მარტივად შეუძლია ამ კოორდინაციის უზრუნველყოფა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანამ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ რთული გზა გაიარა, მათ შორის იყო ოთხი ომი და სისხლიანი ავტორიტარიზმის, აგენტურის მმართველობა, რომელმაც ქვეყანას სუვერენიტეტი დააკარგვინა, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანას სუვერენიტეტი დაუბრუნა და, დღეს, საქართველო არის დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებში. 

„გასული 35 წელი იყო ძალიან რთული ჩვენი ქვეყნისთვის, იყო ოთხი ომი - სამოქალაქო ომი, აფხაზეთში ომი, ცხინვალის რეგიონში ომი, შემდეგ კიდევ ერთი ომი 2008 წელს და ეს ყველაფერი დამოუკიდებლობის აღდგენიდან პირველი 20 წლის განმავლობაში გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ, ამის გარდა იყო სხვადასხვა ტიპის პრობლემები. თავიდან საკმაოდ მყიფე იყო ხელისუფლება, იმიტომ რომ ახალი ჩამოყალიბებული იყო და არც დასცალდა შედგომა, როდესაც მოხდა ხელისუფლების გადატრიალება 1991 წლის ბოლოს. შემდეგ იყო შევარდნაძის ხელისუფლება, იქაც იყო თავისი პრობლემები და ამის შემდეგ, 2003 წლის რევოლუციის საფუძველზე, რომელიც, სწორედ, „დიფ სთეითმა“ მოაწყო გარედან, საქართველოში ჩამოყალიბდა სისხლიანი ავტორიტარიზმი, ქვეყანამ დაკარგა სუვერენიტეტი. რეალურად, ქვეყანას ჰყავდა გარედან დანიშნული ხელისუფლება 9 წლის განმავლობაში და ამან უმძიმესი პრობლემები გამოიწვია. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ - ეს იყო ადამიანების მკვლელობა, წამება, ეს იყო ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, ტოტალური მედია-მონოპოლია, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 %-ის დაკარგვა, ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ პრობლემებისა, რომელიც საქართველოში აგენტურის მმართველობამ გამოიწვია. თუმცა 2012 წლის შემდეგ, ჩვენ დავიბრუნეთ სუვერენიტეტი. თავდაპირველად, ეს სუვერენიტეტიც იყო ძალიან მყიფე და გახსოვთ პირველი 8 წელიწადი, მას შემდეგ რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ჩვენ გვიწევდა უამრავ კომპრომისზე წასვლა, იმის გამო, რომ უნდა გვევლო ბეწვის ხიდზე. ძალიან ბევრი მტკივნეული გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მათ შორის იყო ე.წ. კოჰაბიტაცია, რომელიც მთლიანად გარედან იყო თავს მოხვეული „დიფ სთეითის“ მიერ. მაშინ, როდესაც იყო საუბარი დამნაშავეების დასჯაზე, პირდაპირ სახელები და გვარები იყო, რომ ეს შეგიძლია დაიჭირო, ეს არ შეგიძლია დაიჭირო. პირდაპირ გვარები ჰქონდა ჩამოწერილი მაშინ „დიფ სთეითს“ და ამას აკეთებდნენ ევროპული და ამერიკული ბიუროკრატიის ხელით. მაღალი რანგის პოლიტიკოსები, ჩინოვნიკები პირდაპირ გამოდიოდნენ ამერიკიდან და ევროპიდან და გვიკრძალავდნენ დამნაშავეების დასჯას. ასევე იყო კოალიცია და ამ კოალიციაში დიდი დოზით იყვნენ წარმოდგენილები „დიფ სთეითის“ აგენტურა. ასე გამოვიარეთ პირველი ოთხი წელი, შემდეგ ასევე რთული იყო მომდევნო 4 წელი და, საბოლოო ჯამში, ბოლო 4 წელი იყო გადამწყვეტი ბრძოლა დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის. ეს იყო საკვანძო ფაზა ამ ბრძოლაში და ჩვენ მოვახერხეთ, თვისებრივად, სუვერენიტეტის მოპოვება ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს, ხედავთ, რომ ვართ ნამდვილად დამოუკიდებელი, როგორც არასდროს, შეგვიძლია, დამოუკიდებლად განვსაზღვროთ საკუთარი ბედი და აღარ ვართ დამოკიდებული ამ მანკიერ განზრახვებზე, რაც შეიძლება გარედან ჰქონდეთ ჩვენი ქვეყნის მიმართ. პატარა ქვეყანა ვართ და, რა თქმა უნდა, ანგარიშის გაწევაც მოგვიწევს ბევრი რამისთვის, მაგრამ ჩვენი მხრიდან არ იქნება დაშვებული რაიმე პრინციპული კომპრომისები, პირველ რიგში, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ხარჯზე,“- აღნიშნა პრემიერმა.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გრძელდება ბრძოლა ახალ ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს“ შორის და იმის მიხედვით, თუ საით გადაიხრება ბალანსი, შესაბამისად განახლდება ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის. 

„საჯარო წერილის გაგზავნამდე ჩვენ გავგზავნეთ არასაჯარო წერილი და სულისკვეთება იყო, დაახლოებით, იგივე, ჩვენ საჯაროდ ვითხოვთ პასუხს კითხვაზე - როგორ უყურებს ახალი ადმინისტრაცია საქართველოსთან ურთიერთობას. ჩვენი მხრიდან პოზიცია დაფიქსირებულია, ყველაფერი დევს მაგიდაზე. ვამბობთ, რომ ვართ მზად ურთიერთობების გადატვირთვისთვის, სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის. ველოდებით პოზიციას. ხომ არის საუბარი იმაზე, რომ საქართველოს არ უნდა დასავლეთისკენ სიარული. თუ არ გვინდა, ვცადოთ აბა, იქნებ გვინდა, ამას ხომ საჯაროდ ვაცხადებთ. დავიწყოთ მოლაპარაკება სტრატეგიულ პარტნიორობაზე და შევთანხმდეთ რაღაცებზე. ეს არის ჩვენი ზოგადი გზავნილი. გრძელდება ბრძოლა ახალ ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს“ შორის და იმის მიხედვით, თუ საით გადაიხრება ბალანსი, შესაბამისად განახლდება ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის,“- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „დიფ სთეითი“ შეეცდება, შეაფერხოს ელჩის დანიშვნა, თუმცა თუ უშუალოდ ტრამპის ადმინისტრაცია ჩაერევა ამ ყველაფერში, გადაწყვეტილება უფრო სწრაფად იქნება მიღებული. 

„აშშ-ში საქართველოს ელჩის კანდიდატურა გაგზავნილია უკვე რამდენიმე კვირაა. ვერ ვიტყვით, რომ ეს პროცესი ხელოვნურად იწელება, გამომდინარე იქიდან, რომ სტანდარტული პრაქტიკის მიხედვითაც შეიძლება, თუნდაც, 3-4 თვე გაგრძელდეს აღნიშნული პროცესი. არსებული რეალობიდან გამომდინარე, იმ სტატუს კვო-დან გამომდინარე, რაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობებში, ალბათ მნიშვნელოვანია, რომ ელჩი მალე დაინიშნოს. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით თანხმობას წარდგენილ კანდიდატურაზე და როგორც კი მივიღებთ, მაშინვე გაცხადდება ამ კანდიდატის ვინაობა. ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება მალე დაინიშნოს ელჩი და აქაც ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად წამოწევს თავს „დიფ სთეითი“, რომელიც, რა თქმა უნდა, შეეცდება, შეაფერხოს ელჩის დანიშვნა, თუ უშუალოდ ჩაერევა ამ ყველაფერში ტრამპის ადმინისტრაცია, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება უფრო სწრაფად იქნება მიღებული,“- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსთვის ფასი აქვს მხოლოდ დამოუკიდებელ და სუვერენულ შეერთებულ შტატებს. 

კითხვაზე, რომელიც კონგრესმენ ჯო უილსონის საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი გზავნილს შეეხებოდა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ის იღებს დავალებებს „დიფ სთეითისგან“ და მიჰყვება ინსტრუქციებს.

„ჯო უილსონი ასეთი კაცია - ვინც პირველი გავა კავშირზე, იმას მოემსახურება. ამ შემთხვევაში, პირდაპირ „დიფ სთეითს“ ემსახურება, პირდაპირ იღებს დავალებებს, არის სუსტი კაცი, დამყოლი კაცი, ასე ვთქვათ და მარტივად მიჰყვება ინსტრუქციებს. ხანდახან, დღეში 6-7 ე.წ. პოსტი გაუვრცელებია „ფეისბუქზე“, იღებს დავალებას და ამ დავალებების მიხედვით მოქმედებს, ამიტომ მას არ აქვს რაიმე განსაკუთრებული ფასი, შეიძლება პაიკს ბევრად დიდი ფასი ჰქონდეს საჭადრაკო დაფაზე, ვიდრე აქვს მას. პაიკის ფასიც არ აქვს. საინტერესო არ არის ეს ადამიანი პიროვნულად. საინტერესოა ის ინიციატივები, რომლებსაც მისი სახელით აყენებს ხოლმე „დიფ სთეითი“. ბუნებრივია, კოორდინაციაშია ოპოზიციასთან. „დიფ სთეითი“ რაღაცას ავალებს ჯო უილსონს, შემდეგ ავალებს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, ახვედრებს ერთმანეთს, მარტივი კოორდინაციაა. ეს ასე იქნება, რა თქმა უნდა, მაგრამ რაც „დიფ სთეითს“ შეეხება ჩვენთვის არაფერს აქვს ფასი, ჩვენთვის ფასი აქვს დამოუკიდებელ, სუვერენულ აშშ-ს. ტრამპის ადმინისტრაციამ ასეთი პირობა გასცა, რომ ის დაამარცხებდა „დიფ სთეითს“ და შესაბამისად, აშშ-ს დაუბრუნებდა სუვერენიტეტს. ამას ველოდებით სრული მოთმინებით,“- განაცხადა პრემიერმა.