"ოპოზიციის მიმართ ხალხის მხარდაჭერა არის ნულოვანი" - ირაკლი კობახიძე

ბათუმში როცა იმყოფებოდა გერმანიის ელჩი, მასთან მივიდა მოქალაქე და შეაწუხა. ამასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში შემოვიდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ნოტა, სადაც ამბობენ, რომ თურმე ეს ყოფილა სისხლის სამართლის დანაშაული. დეპუტატებს შეურაცხყოფას რომ აყენებდნენ, ეს რატომ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული, რატომ შეიძლება, ჩვენთან მოქმედებდეს ორმაგი სტანდარტი? - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში - „აქტუალური თემა“ განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ელჩის სასამართლო სხდომაზე დასწრების მიზანი არის, რომ გავლენა მოახდინოს მოსამართლის გადაწყვეტილებაზე, რაც არის ვენეციის კონვენციის პირდაპირი დარღვევა. 

 

„როცა ხარ ელჩი, სასამართლო პროცესს რისთვის შეიძლება, დაესწრო. ინფორმაცია შეიძლება, სიტყვა-სიტყვით მოგაწოდონ, მათ შორის ოქმების სახით და ა.შ. ინფორმირების პრობლემა არ არის, რისთვის მიდიხარ სასამართლო სხდომაზე, როცა ხარ ელჩი? მიზანი არის, რომ გავლენა მოახდინო მოსამართლის გადაწყვეტილებაზე, ეს არის პირდაპირ ვენის კონვენციის დარღვევა. ჯერ პოლიტიკაში ერევი და მერე სასამართლოს დამოუკიდებლობაში, ეს არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. თქვენ გახსოვთ, რომ აშშ-ის საელჩოს თანამშრომელმა თავის დროზე ერთ-ერთი მოსამართლე დაიბარა და ანგარიში მოსთხოვა გვარამიას საქმეზე. ეს ის საქმე იყო, რომელზეც მოგვიანებით სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ქართველი მოსამართლე ჩხიკვაძის გადაწყვეტილება იყო სწორი და სამართლიანი. ასეთ დონეზე უხეშად, თავხედურად, ამის შემდეგ ბოდიში არ მოუხდიათ. აშშ-ის საელჩოს თანამშრომელმა დაიბარა მოსამართლე ჩხიკვაძე, ანგარიში მოსთხოვა და შემდეგ სანქცია დაუწესა, ვიზიტიდან მოხსნა კონკრეტული მოსამართლე, რომლის გადაწყვეტილება მოგვიანებით სტრასბურგის სასამართლომ ცნო სამართლიანად. არ მოუხდია ამერიკის საელჩოს ამაზე ბოდიში, რატომ? იმიტომ, რომ „დიფ სთეითი“ ეუბნება, რომ ბოდიში არ უნდა მოიხადოს, უნდა ჩაერიოს ხვალაც ამ სასამართლოს დამოუკიდებლობაში. იგივეა ამ შემთხვევაშიც, თავის დროზე მელიას შემთხვევა გახსოვთ, გამოვიდა ყველა საელჩო ერთმანეთის მიყოლებით და დაგმეს კანონის აღსრულება, კაცმა გირაო არ გადაიხადა, გირაო უნდა გადაეხადა და ჩვეულებრივად აღსრულდა კანონი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 

მისივე თქმით, მელიას საქმეზეც სამი წლის თავზე, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლების მოქმედება იყო თავიდან ბოლომდე სამართლიანი, აღსრულდა კანონი სწორად და სამართლიანად.

 

„რომელიმე საელჩომ მოიხადა ბოდიში ამასთან დაკავშირებით? არ მოუხდია, აქაც პირდაპირ ერევა მოსამართლის საქმიანობაში, აქვს მცდელობა ზეწოლის კონკეტულ ელჩს. აქაც არ ველოდებით არც ხვალ და არც სამი წლის შემდეგ, რადგან სამართლებრივი პრინციპები თავდაყირა არის დაყენებული ევროპის მასშტაბით. 

 

გერმანიაში ვსწავლობდი სამი წელი და რასაც მასწავლიდნენ, საერთოდ არ აინტერესებთ, ფეხზე ჰკიდიათ სამართლებრივი პრინციპები, სამართლის უზენაესობა, სამართლებრივი სახელმწიფო, ადამიანის უფლებები, სასამართლოს დამოუკიდებლობა, საერთოდ არ აინტერესებთ, ხაზი აქვთ გადასმული ყველაფერზე, ეს არის დღევანდელი ტრაგიკული მდგომარეობა მთლიანად ევროპულ ბიუროკრატიაში, რადგან „დიფ სთეითი“ არის, რომელსაც არ აქვს არავითარი პრინციპები. 

 

ერთი საინტერესო დეტალია. ბათუმში როცა იმყოფებოდა გერმანიის ელჩი, მასთან მივიდა კონკრეტული მოქალაქე და შეაწუხა, ამასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში შემოვიდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ნოტა, სადაც ამბობენ რას - რომ ეს ყოფილა სისხლის სამართლის დანაშაული. კაცი ჩავიდა ბათუმში იმისათვის, რომ გაეპრავებინა პოლიციელისთვის ხელის გარტყმა და რომ შეაწუხა ვიღაცამ სიტყვიერად და სული შეუბერა, თურმე ეს ყოფილა სისხლის სამართლის დანაშაული. ამას წერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მარიამ ლაშხს და სხვა დეპუტატებს რომ მიუვარდნენ, შეურაცხყოფას რომ აყენებდნენ, მაშინ რატომ არ არის ეს სისხლის სამართლის დანაშაული, რატომ შეიძლება, ჩვენთან მოქმედებდეს ორმაგი სტანდარტი?. ფიშერთან მივიდა და სისხლის სამართლის დანაშაულია, ლაშხთან მივიდა და ეს არის გამოჩენილი სამოქალაქო აქტივისტი? რაშია საქმე? პოლიციელზე ხელის გარტყმის, ძალადობის გასამართლებლად ჩავიდა ბათუმში და ვიღაც რომ მივიდა, სიტყვიერად რომ შეაწუხა, თურმე ეს ყოფილა სისხლის სამართლის დანაშაული. ხომ სამარცხვინოა ეს ყველაფერი? სად არის გერმანია, სად არის აქ სამართლიანობა? სად არის ის, რასაც მე ვსწავლობდი 20 წლის წინ გერმანიაში? საერთოდ ხაზი გადაუსვეს ყველაფერს. ტრაგიკულია ეს მდგომარეობა, რაც მართლა შემაშფოთებელია, ტენდენციაც არის შემაშფოთებელი, აღარ არსებობს არაფერი წმინდა, რასაც ჰქვია სამართლებრივი პრინციპები, ადამიანის უფლებები, სამართლის უზენაესობა, სამართლებრივი სახელმწიფო, ყველაფერს აქვს ხაზი გადასმული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირის ელჩის მდგომარეობა არის სრულიად ტრაგიკული, რასაც დაავალებენ, იმ განცხადებას აკეთებს და თუ არ გააკეთებს, შესაძლოა, კარიერას დაემშვიდობოს.

„ევროკავშირის ელჩთან, დაახლოებით, 10 დღის წინ მქონდა სატელეფონო კომუნიკაცია. მე ამ კაცს პატივს ვცემ, თუმცა მისი მდგომარეობა არის სრულიად ტრაგიკული. თქვენ გაიხსენეთ ციტატა მისი განცხადებიდან სანქციებთან დაკავშირებით, რაც არის პირდაპირი მუქარა ქვეყნისა და ქართველი ხალხის მიმართ. როდესაც საუბარია სანქცირებაზე, ეს არის პირდაპირი მუქარა ხალხის მიმართ, ვინაიდან შეიძლება პირდაპირი გავლენა ჰქონდეს თეორიულად ამ ყველაფერს, თუნდაც ხალხის მდგომარეობაზე. ასეთი განცხადება შეიძლება გააკეთოს ყველამ გარდა ელჩისა. ელჩის ერთადერთი მისიაა, რომ იზრუნოს ურთიერთობების გაუმჯობესებაზე თავის სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში სახელმწიფოთა გაერთიანებასა და შესაბამის სახელმწიფოს შორის. შეიძლება ასეთი განცხადება გააკეთოს პირობითად ევროკომისარმა, ან ევროკომისიის სხვა წარმომადგენელმა, მაგრამ ელჩმა არ შეიძლება ასეთი განცხადება გააკეთოს. აქედანაც ჩანს, რომ ეტიკეტიც კი არ აინტერესებთ. სტატუსებიც არ აინტერესებთ, რასაც დაავალებენ, იმ განცხადებებს აკეთებენ. თუ არ გააკეთებს, შესაძლოა, კარიერას დაემშვიდობოს. საჯაროდ გამოვხატავ პატივისცემას პაველ ჰერჩინსკის მიმართ, მაგრამ მისი განცხადებები არის მიუღებელი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უხეშად არღვევს ვენის კონვენციას - ის პირდაპირ გამოვიდა არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე და პირდაპირ მოუწოდა ამომრჩეველს, მისულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და ხმა მიეცათ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. მისი მდგომარეობა არის ტრაგიკული, ის იძულებულია დაარღვიოს ვენის კონვენცია, რაც არის მთავარი სახელმძღვანელო დოკუმენტი ნებისმიერი ელჩისთვის, ერთგვარი ბიბლიაა ელჩისთვის ვენის კონვენცია და პირდაპირ აიძულებენ, რომ დაარღვიოს მისი მთავარი დოკუმენტი. 
არის ტოტალური კოორდინაცია და ელჩებს არ აქვთ არაფრის რესურსი ქვეყანაში. რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ, 0 რესურსი აქვთ, რომ რაიმე შეცვალონ თუნდაც საკუთარ განცხადებებში,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, იმდენად არის ყველაფერი მოშლილი რადიკალურ ოპოზიციაში, რომ თავად ოპოზიციის ლიდერები ვერ ბედავენ სცენაზე ასვლას.

 

„თვითონ ოპოზიციური პარტიები არის საერთოდ მოშლილი და ამას ყველა ხედავს. შიდა დაპირისპირებებიც აქვთ უკვე. რაც შეეხება ხალხის მხარდაჭერას, ეს არის ნულოვანი. დღეს მაგალითად, 150 ქართველი ხალხია გამოსული რუსთაველის გამზირზე. ასეთია მათი მდგომარეობა. სუხიშვილების ანსამბლის წარმომადგენელი, ქალბატონი ნინო სუხიშვილი გამოვიდა სცენაზე და მარტივი რაღაც თქვა - მამული, ენა, სარწმუნოება და იქ მე არ ვიცი, რა კონტინგენტი იყო წარმოდგენილი, მაგრამ მას დაუსტვინეს - მამული, ენა სარწმუნოებას დაუსტვინეს. ეს უბრალოდ გადახვევა. რაც შეეხება საერთო სურათს - საერთო სურათი არის ის, რომ მაქსიმალური მობილიზაციის ფონზე, ირონიით არ ვამბობ ამას, გუშინ გამოვიდა 3000 ქართველი ხალხი. ამას ვამბობ იმიტომ, რომ ქართველ ხალხს უწოდებენ ამას. გუშინ იყო 3000 ქართველი ხალხი, დღეს იყო 150 ქართველი ხალხი.  რა თქმა უნდა, ასეთი მხარდაჭერის პირობებში არავითარი რესურსი არ აქვს ოპოზიციას. თვითონ ოპოზიციის პარტიული ლიდერები ვერ ბედავენ სცენაზე ასვლას, იმდენად არის ყველაფერი მოშლილი რადიკალურ ოპოზიციაში“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით,  ეს ყველაფერი აბსოლუტურად ხელოვნურია.

 

 

„დაახლოებით მილიონი დოლარი, არასრული სამი მილიონი ლარი სჭირდება იმას, რომ ყოველდღე 300 კაცი დააყენო რუსთაველის გამზირზე. წარმოიდგინეთ როცა ვსაუბრობ „დიფ სთეითზე“, რამდენი რესურსი აქვთ მათ ფინანსური. წელიწადში სჭირდება მილიონი დოლარი იმისათვის, რომ 300 კაცი ყოველდღე დააყენო რუსთაველის გამზირზე. მათთვის რა თქმა უნდა, დარტყმა იყო USAID-ისა და NED-ის დაფინანსების გაუქმება, ყველა თვალსაზრისით. მაგრამ, როცა მილიონი დოლარი ჰყოფნის იმას, რომ დღეში 300 კაცი დააყენო რუსთაველის გამზირზე, ეს ხელოვნური მუხტი შეგიძლია შემოინახო. აბსოლუტურად ხელოვნურია ეს ყველაფერი. ხვალ მომეცით მილიონი დოლარი და 365 დღის განმავლობაში ყოველდღე დაგიყენებთ 300 კაცს რუსთაველის გამზირზე“, -  , - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საერთოდ ყველაფერი გაუნადგურეს რადიკალურ ოპოზიციას და ეს ხდება იმიტომ, რომ მათ ყველაფერს გარე პატრონები უგეგმავენ.

„ოპოზიცია რომ თავისით იღებდეს გადაწყვეტილებებს საკუთარ ინტერესებთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტშიც იქნებოდნენ, ამ ტრიბუნას გამოიყენებდნენ, ასე თავს არ მოიჭრიდნენ ქუჩაში, რესურსი ბევრად მეტი ექნებოდათ, მაგრამ როდესაც ვიღაც ხან ოკეანის გაღმიდან, ხან ოკეანის გამოღმიდან რაღაცებს გიგეგმავს და ქვეყნის და საზოგადოების პულსზე ხელი არ უჭირავს, ასეთ დროს ასეთ მდგომარეობამდე მიდის ოპოზიცია. თვითონ რომ დაეგეგმათ საკუთარი ბედი, სხვანაირად წარიმართებოდა პროცესები, მაგრამ პატრონებმა, რომლებიც გარედან ავალებდნენ რაღაცებს, მიიყვანეს ამ მდგომარეობამდე ოპოზიცია, რასაც ჰქვია სრული განადგურება. ხვალ რომ ჩატარდეს არჩევნები და ჩატარდება ოთხ თვეში თვითმმართველობის არჩევნები, ისინი თუ მიიღებენ მონაწილეობას, ყველა დაინახავს, რომ მათი მხარდაჭერა, ოქტომბრის მხარდაჭერასთან შედარებითაც კი ბევრად უფრო შემცირებული იქნება, იმიტომ, რომ ეს არის დღევანდელი ტრაგიკული მდგომარეობა, სადამდეც მიიყვანა დიფ სთეითმა, ანუ გარე პატრონმა ეს ჩვენი ე.წ ოპოზიციონერები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა სუს-ს და მის ხელმძღვანელს, ანრი ოხანაშვილს, რომელმაც სამართლის აღსრულება უზრუნველყო.

„ზოგადად, როგორც აღმოჩნდა, გიორგი ბაჩიაშვილს, სამწუხაროდ, სჩვევია ზღაპრების მოყოლა. თუ მართალია და დავუშვათ რომელიღაც ქვეყნის სპეცსამსახურებს უნდოდა მისი მკვლელობა და მერე უნდოდათ, რომ ეს გადაებრალებინათ ბიძინა ივანიშვილისთვის, ამ შემთხვევაში, მისთვის საშველი ყოფილა პატიმრობა, რომელიც ახლა აქვს საქართველოში. ამ ყველაფერს გამოძიება აჩვენებს, აქაც მე ვერ ვიქნები კომპეტენტური, რომ დეტალებზე ვისაუბრო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამართალი აღსრულდა, ეს არის ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის მთავარი, სამართლის უზენაესობა განუხრელად უნდა იყოს დაცული. აქ ჩატარდა მცირე ოპერაცია, მცირე, თუ არა მცირე - ეს ცალკე საკითხია და სუს-ს, მის ხელმძღვანელს - ანრი ოხანაშვილს ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა, რომელმაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყო სამართლის აღსრულება. შეურაცხმყოფელი იყო სახელმწიფოსთვის ის ფორმა, რა ფორმითაც ბაჩიაშვილმა, თავის დროზე, დატოვა ქვეყანა და, სწორედ, ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის, რომ აღდგა სამართლის უზენაესობა და კანონი აღსრულდა,“- განაცხადა პრემიერმა.

„სანდოობას რაც შეეხება, ასეც და ისეც უცხადებდნენ უნდობლობას. თქვენ გახსოვთ რომელიმე საქმე, რომელიც გამოიძია ამ სამსახურმა და მას ნდობა გამოუცხადეს? ხომ არ გახსოვთ ასეთი რამ, ამიტომ ეს არის ცარიელი საბაბი. რაც შეეხება თვითონ ცვლილებებს, თავის დროზე არ არსებობდა ეს სამსახური, ხელოვნურად გამოიყო, ეს იყო რაღაც ძალდატანება, აქაც, საქმე ეხებოდა სუვერენიტეტში ჩარევას და მოგვთხოვეს რაღაც ხელოვნური ორგანოს შექმნა მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური მოდელი. კონსტიტუციური მოდელის მიხედვით არსებობს კონკრეტული ორგანოები და ამის იქით ვერ წახვალ ჩვეულებრივი კანონმდებლობით, ანუ კონსტიტუციის ქვემდებარე კანონმდებლობით. ამ მოდელის მიხედვით არის აღმასრულებელი სტრუქტურები, არის პროკურატურა და ის ფუნქციები, რომლებიც გადანაწილდა შემდეგ ამ სამსახურზე, კონსტიტუციის მიხედვით არის პროკურატურის და მთავრობის კომპეტენციის სფეროში. ყველაფერს ვაბრუნებთ კონსტიტუციის ჩარჩოში. რაც შეეხება სანდოობას, ერთი საქმე გამახსენეთ, სადაც ნდობა გამოუცხადა ოპოზიციამ ან NGO-მ ამ სამსახურის მიერ გამოძიებულ საქმეს. ამიტომ, ეს ცარიელი სპეკულაციებია. ყველაფერი ჯანსაღდება. ეს ძალდატანებული ე.წ. რეფორმა შემოტრიალდება უკან და არავითარი რეფორმა ეს არ იყო. რეალურად, ყველაფერი დაუბრუნდება იმ სწორ ჩარჩოებს, რომელ ჩარჩოებშიც იყო გამოძიება თავი დროზე მოქცეული, ანუ არის გენინსპექციები, პროკურატურა, პროკურატურა არის 6 წლით არჩეული გენპროკურორით, დამოუკიდებელი ორგანო აღმასრულებელი ხელისუფლებისგან“, -  განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, თუ მოხდა იდენტიფიცირება და თუ არის გატარებული  რაიმე სამართლებრივი ზომები   იმ სამართალდამცველების მიმართ, რომლებზეც არსებობს კითხვები უფლებამოსილების გადაჭარბებასთან დაკავშირებით.  

„ამასთან დაკავშირებით კომპეტენტური არიან შესაბამისი ორგანოები, იგივე სამსახური, რომელიც ახლა უქმდება, შემდეგ გადავა ეს შესაბამისი უწყებების ფუნქციებში, იგივე პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო. შესაბამისი უწყებები გაგვცემენ ამ ყველაფერთან დაკავშირებით პასუხს. როცა საუბარია ე.წ. დამოუკიდებელ უწყებაზე და ეს საგამოძიებო სამსახური არის ე.წ. დამოუკიდებელი უწყება, რატომ ჰქვია ამას დამოუკიდებელი? იმიტომ, რომ მე უფლება არ უნდა მქონდეს, ჩავერიო მათ საქმიანობაში, არც უნდა მოვიკითხო მე. როგორც მთავრობის მეთაურმა,  არ შეიძლება მოვიკითხო საერთოდ ეს საქმეები, ასეთი ტიპის აბსურდთან გვაქვს საქმე. რომ ყოფილიყო, მაგალითად ეს ყველაფერი შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვეშ, იქ იქნებოდა სხვანაირი შესაძლებლობა. ზოგადად, პრინციპი არის ის, რომ როდესაც საქმე ეხება გამოძიებას, კითხვების ადრესატი არის შესაბამისი უწყება ან უწყებები, ამიტომ, მე ვერ ვიქნები აქ რელევანტური ადრესატი“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.