თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი ყოველთვის ასრულებდა ძალიან საინტერესო პლატფორმის როლს მნიშვნელოვან საკითხებზე აზრთა გაცვლისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ღონისძიება ქმნის ძალიან კარგი პლატფორმას იმისთვის, რომ გაიმართოს დისკუსიები სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე.
„წლევანდელი თემა, მშვიდობა და მშვიდობის როლი კეთილდღეობის უზრუნველყოფაში, სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.
ამ ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება რეგიონების განვითარებაზე. აქაც, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობას. სწორედ მშვიდობამ მოგვცა ჩვენ იმის საშუალება, რომ მაქსიმალურად გვეზრუნა ჩვენს ქვეყანაში რეგიონების თანაბარ სოციალირ-ეკონომიკურ განვითარებაზე. გვაქვს ძალიან დიდი, განსაკუთრებული წინსვლა ბოლო წლების განმავლობაში სწორედ რეგიონების განვითარების თვალსაზრისით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კონფერენციას ესწრებიან ჩვენი მეზობელი ქვეყნების ქალაქების წარმომადგენლები, 40-მდე ადგილობრივი მერი, საკრებულოს თავმჯდომარე. ჩვენთვის სწორედ რეგიონულ ჭრილში ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა სხვადასხვა ქვეყანასთან, განსაკუთრებით, ჩვენი რეგიონის ქვეყნებთან.
ასევე ძალიან მოხარული ვართ, რომ ამ ღონისძიებას ესწრებიან ძალიან მაღალი რანგის სპეციალისტები, ექსპერტები, რომლებიც ამ 2 დღის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებენ საინტერესო დისკუსიებში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღონისძიება იქნება საინტერესო თითოეული თქვენგანისთვის. ყველას გისურვებთ ნაყოფიერ დისკუსიებს და წარმატებებს”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმ დიდი ზეწოლისა, რომელიც იყო ბოლო წლების განმავლობაში, ხელისუფლებამ მოახერხა საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება და არამხოლოდ შეინარჩუნა მშვიდობა, არამედ საქართველო მუდმივად ახერხებს მშვიდობის მხარდაჭერას რეგიონშიც.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩვენი ქვეყნისთვის და მოხარულები ვართ, რომ მეთოთხმეტედ ვმასპინძლობთ ამ ღონისძიებაზე ძალიან მაღალი რანგის სტუმრებს. წლევანდელი კონფერენციის თემაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი - ეს არის მშვიდობის როლი ქვეყნის მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის და, ზოგადად, მსოფლიოს მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც გასული 35 წლის განმავლობაში გამოიარა 4 სხვადასხვა ომი. აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას ყველაზე კარგად ესმის მშვიდობის ფასი. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ განვამტკიცოთ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - ეს საკმაოდ კარგად გამოგვდის, მიუხედავად იმისა, რომ გასული რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ძალიან დიდი ზეწოლა ჩვენს ქვეყანაზე, მოვახერხეთ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება. არამხოლოდ ქვეყანაში ვინარჩუნებთ მშვიდობას, არამედ ვახერხებთ რეგიონშიც ჩვენს გარშემო მშვიდობის მხარდაჭერას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვისაც. არის სხვადასხვა ტიპის სირთულეები ჩვენს ფართო რეგიონში და ამ ვითარებაში, საქართველო ყოველთვის, მთელი წლების განმავლობაში, დადებით როლს ასრულებდა მშვიდობის განვითარებაში და შესაბამისად რეგიონში მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფაში. დღევანდელი სამყარო არის ძალიან დიდი გამოწვევებით სავსე, როდესაც საქმე ეხება კონკრეტულად მშვიდობას - ჩვენ გვაქვს ფართო რეგიონში მიდინარე სამხედრო კონფლიქტი, მასშტაბური ომი, ჩვენს გარშემო, სამწუხაროდ, არის არაერთი ომი და ასეთ ვითარებაში საჭიროა, ვისაუბროთ მშვიდობის მნიშვნელობაზე,“- განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიღებული დავალებების შედეგად საბოლოო ჯამში ნადგურდება ისევ ოპოზიცია.
„ოპოზიციის წარმომადგენლები დადიან ინსტრუქციების მისაღებად, საკუთარი აზრიც არ აქვთ, პირდაპირ არის ჩვეულებრივი აგენტურა, დადიან სხვადასხვა უცხოურ ოფისში ინსტრუქციების, დავალებების მისაღებად და მერე ასრულებენ ამ დავალებებს. თუმცა კარგი ის არის, რომ ამ დავალებების შედეგად საბოლოო ჯამში ნადგურდება ისევ ოპოზიცია, გარედან რთულია პულსზე ხელის დაჭერა და პულსის შეგრძნების ქონა, აქედან გამომდინარე, გარედან ისინი იღებენ ხოლმე ისეთ დავალებებს, რომლებიც ისევ და ისევ ოპოზიციის განადგურებას იწვევს. იარონ ასეთ თათბირებზე, მიიღონ ინსტრუქციები, დავალებები, სადამდეც მიიყვანა ოპოზიცია ამ ყველაფერმა, უკვე ვნახეთ, სადამდეც მიიყვანს მომავალში, ამასაც ვნახავთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციაში არის ტრაგიკული მდგომარეობა.
„არავითარი კრიზისი არ არსებობს, კრიზისი არის მხოლოდ ოპოზიციაში. ოპოზიციაში არის უმძიმესი, ტრაგიკული მდგომარეობა, ეს არის თუ რაიმეს შეიძლება, ეწოდოს კრიზისი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ნაცმოძრაობის“ ექსპერტები წინასწარმეტყველებდნენ, რომ ლარის კურსი დღეს უკვე უნდა ყოფილიყო 3,1-ზე მეტი, რაც ჩავარდა, რადგან ლარის კურსი დღეს არის სტაბილური, ეროვნული ბანკი ახერხებს რეზერვების სწრაფად შევსებას.
„ისინი აცხადებდნენ, რომ გვექნებოდა მინუსი ეკონომიკური ზრდის კუთხით და 4 თვის განმავლობაში გვაქვს 8,8 პროცენტი ეკონომიკური ზრდა. ამის შედეგია ის, რომ სავალუტო ფონდმა გაზარდა საკუთარი პროგნოზი 6 პროცენტიდან 7,2 პროცენტამდე. ჩვენ დიდი იმედი გაქვს, რომ 7,2 პროცენტზე მაღალიც გვექნება წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდა. ისინი წინასწარმეტყველებდნენ მაღალ ინფლაციას და ინფლაცია არის 3-პროცენტიანი ზღვრის მიმდებარედ. შესაბამისად, ყველაფერი არის აბსოლუტურად მყარად და ქვეყანა ვითარდება ეკონომიკური თვალსაზრისით სწორად, გვაქვს ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი ხარისხი, გვაქვს ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი და გვაქვს სტაბილური ლარის კურსი, ივსება სავალუტო რეზერვები, ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. ამას უკავშირდება პროგნოზის გაუმჯობესება სავალუტო ფონდის და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, განახლება ნებისმიერ სისტემას სჭირდება და ცვლილებები მათ შორის ამ მიზანს ემსახურება.
„ცვლილებებს, რა თქმა უნდა, ზოგადად ვერ გამოვრიცხავთ. ყველა ცვლილება წაადგა შესაბამისი დარგების სწორი მიმართულებით განვითარებას. ამ მაგალითზე ვისაუბრე, როდესაც საზოგადოებას წარვუდგინე მონაცემები რკინიგზასა და ენერგეტიკასთან დაკავშირებით. იმის გამო, რომ განხორციელდა ცვლილებები, ჩვენ მარტო რკინიგზასა და ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში შევძელით 52,5 მილიონი ლარის დაზოგვა. ეს არის მინიმალური მაჩვენებელი. ცვლილებები არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაც იყო ცუდი და ვიღაც არის კარგი. განახლება სჭირდება ნებისმიერ სისტემას და ჩვენ ვზრუნავთ განახლებაზე. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში რეალურად არ არის ოპოზიცია, ოპოზიცია უნდა ასრულებდეს სინამდვილეში იმ როლს, რასაც ჰქვია ხელისუფლების ფორმაში ყოფნა. ოპოზიცია ქვეყანაში არ არის, ასეთ დროს, იძულებული ვართ, საკუთარი თავი თვითონ ვამყოფოთ ფორმაში, ამიტომ მუდმივად ვზრუნავთ სიახლეზე, განახლებაზე, ახალ სისხლზე და ამან უკვე მოიტანა კონკრეტული შედეგები. 52,5 ლარი დაიზოგა მარტო ენერგეტიკის სექტორში და რკინიგზის სფეროში. რაც შეეხება ოპტიმიზაციას, როდესაც პროცესები გაგრძელდება არა მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებში, მგონია, რომ მთლიანობაში შევძლებთ 100 მილიონს გადავცდეთ ოპტიმიზაციის ნაწილში, რაც მოხმარდება თავიდან ბოლომდე ეკონომიკურ განვითარებას“, - განცხადა ირაკლი კობახიძემ.
მრავალი წელია, ჩვენს კანონმდებლობაში არის დადგენილი სტანდარტები და არ არსებობდა ამ სტანდარტების აღსრულების მექანიზმი, ის რომ საინფორმაციო გამოშვება უნდა იყოს ობიექტური და ნეიტრალური, ეს არის საერთაშორისო მედია სტანდარტი, რა შუაშია აქ ცენზურა? – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული სტანდარტები საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში მოქმედებდა, უბრალოდ არ იყო გათვალისწინებული აღსრულების მექანიზმი, რაც, რამდენიმე თვის წინ, პარლამენტმა გაწერა და ამის საფუძველზე განხორციელდა მიმართვა შესაბამისი ორგანოსადმი.
„რა შუაშია აქ ცენზურა? ობიექტურობის სტანდარტების დაცვა ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეფასდება ცენზურად. იმისათვის, რომ სწორი კულტურა ჩამოყალიბდეს მედიაში, საჭიროა, დაცული იყოს ობიექტური სტანდარტები. კულტურის უზრუნველყოფა არ არის ცენზურა. ყველამ უნდა იზრუნოს ჩვენს საზოგადოებაში კულტურის ჩამოყალიბებაზე შესაბამისი მიმართულებებით და კონკრეტულად ქართულ მედიაში სწორი კულტურის ჩამოყალიბებაზე,“- განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, კანონი თანაბრად ეხება ყველა მედიასაშუალებას და კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებს, ცენზურაზე საუბრის ნაცვლად, შეუძლიათ, მიმართონ შესაბამის ორგანოებს, თუ ფიქრობენ, რომ კონკრეტული ტელევიზიები გარკვეული გამონათქვამებით ობიექტურობის სტანდარტებს არღვევენ.
ირაკლი კობახიძის თქმით, ამით ისინი წვლილს შეიტანენ შესაბამისი კულტურის განვითარებაში.
„კანონი თანაბრად ეხება ყველა მედიასაშუალებას, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ტელევიზია რა ტერმინებს მიიღებს. მაგალითად, თუ ერთი მიმართულებით გამოიყენება კონკრეტული ტერმინები, მეორე მხარესაც გამოიყენება კონკრეტული ტერმინები, საინფორმაციო გამოშვებებზეა საუბარი. საინფორმაციო გამოშვებაში თუ გამოიყენება, მაგალითად, ტერმინები, როგორიცაა - „რადიკალური ოპოზიცია“, ამ ახალი კანონის მიხედვით ეს ტერმინიც არ უნდა იყოს გამოყენებული. როდესაც პარტია მიმართავს ვინმეს, მას სუბიექტური ინტერესი აქვს, ბუნებრივია. სხვა პარტიებსაც შეუძლიათ, მიმართონ და ეს ხელს შეუწყობს კულტურის ჩამოყალიბებას, ნაცვლად იმისა, რომ კონკრეტულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ისაუბრონ ცენზურაზე, რაც ჩვეულებრივი ტყუილია, მათ ასევე უნდა შეიტანონ წვლილი შესაბამისი კულტურის განვითარებაში - თუ მათ მიაჩნიათ, რომ კონკრეტული ტელევიზიები საკუთარი გამონათქვამებით არღვევენ ობიექტურობის სტანდარტებს, მათაც უნდა მიმართონ შესაბამის ორგანოს,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.