"მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველა იმ სახელმწიფოსთან, რომელიც ორიენტირებულია მშვიდობაზე" - პრემიერი

2030 წელს საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავვშირში გასაწევრიანებლად, თუ იქნება სამართლიანი მიდგომა, ეს აუცილებლად მოხდება, იმედი გვაქვს, რომ გაჯანსაღდება მიდგომები ევროკავშირში, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ასეთ შემთხვევაში,   გაჯანსაღდება ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის. 

„ჩვენ მუდმივად ვითხოვთ კონსულტაციებს, დისკუსიებს ყველა თემასთან დაკავშირებით და ვითხოვთ იმას, რომ ფაქტებზე დაფუძნებით ვესაუბროთ ერთმანეთს. ამის სანაცვლოდ,  ხშირად ვხედავთ ხოლმე საკმაოდ უხეშ განცხადებებს, ზოგად განცხადებებს ყოველგვარი კონკრეტიკის, ფაქტების გარეშე. როდესაც ჩვენ გამოვთქვამთ ხოლმე, იგივე უკმაყოფილებას სხვადასხვა განცხადებასთან, ქმედებასთან დაკავშირებით,  ჩვენს განცხადებებს ყოველთვის ვაფუძნებთ ფაქტებზე. ეს არის ჯანსაღი, ევროპული  მიდგომა.  სამწუხაროდ, ამ ჩვენს ვეროპულ მიდგომას ხშირად პასუხობენ ხოლმე საბჭოური მიდგომით. ჩვენ გვეგონა, რომ 35 წლის წინ თავი დავაღწიეთ საბჭოურ მიდგომებს, თუმცა, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ეს მიდგომები არის კვლავაც ძალაში და რაც ყველაზე შემაშფოთებელია, ხშრად ვხედავთ ხოლმე ასეთ მიდგომებს დასავლეთიდან. იმედია ეს შეიცვლება, ეს სჭირდება, პირველ რიგში, ევროპას, ქართულ-ევროპული ურთიერთობების გაჯანსაღებას. ჩვენ ამისთვის ვართ მხოლოდ და მხოლოდ მზად. ჩვენი მიზანი ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში. ჩვენი მიზანია 2030 წლისთვის   ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, რაც სავსებით შესაძლებელია, თუ იქნება უზრუნველყოფილი სამართლიანი მიდგომა. 2030 წელს საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავვშირში გასაწევრიანებლად. თუ იქნება სამართლიანი მიდგომა, ეს აუცილებლად მოხდება. იმედი გვაქვს, რომ გაჯანსაღდება მიდგომები ევროკავშირში. ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ გაჯანსაღდება ურთიერთობები ჩვენს ქვეყანასა და ევროკავშირს შორის“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მისივე თქმით, ჩინეთი არის ის ზესახელმწიფო, რომელსაც 45 წლის განმავლობაში არც ერთ ომში არ მიუღია მონაწილეობა, თავიდან ბოლომდე იყო ორიენტირებული პროგრესზე, მოდერნიზაციაზე, ეკონომიკის განვითარებაზე და შედეგიც სახეზეა.

 

„დღევანდელი სამყარო არის ძალიან დიდი გამოწვევებით სავსე, როდესაც საქმე ეხება კონკრეტულად მშვიდობას - ჩვენ გვაქვს ფართო რეგიონში მიდინარე სამხედრო კონფლიქტი, მასშტაბური ომი, ჩვენს გარშემო, სამწუხაროდ, არის არაერთი ომი და ასეთ ვითარებაში საჭიროა, ვისაუბროთ მშვიდობის მნიშვნელობაზე.

ძალიან დიდია ამ ყველაფერში ზესახელმწიფოების როლი, როცა ვსაუბრობთ მსოფლიო მასშტაბით, გლობალურად მშვიდობის განმტკიცებაზე. დღევანდელ კონფერენციას მიმართავს ჩინეთის ელჩი საქართველოში და ვფიქრობ, ჩინეთი არის სწორედ ის ზესახელმწიფო, რომელსაც უნდა მიბაძოს ყველამ. გასული 45 წლის განმავლობაში, ჩინეთი იყო ზუსტად ის ზესახელმწიფო, რომელსაც არც ერთ ომში არ მიუღია მონაწილეობა და თავიდან ბოლომდე იყო ორიენტირებული პროგრესზე, მოდერნიზაციაზე, ეკონომიკის განვითარებაზე და შედეგებიც, ვფიქრობ, სახეზეა. განსაკურებით უნდა დავაფასოთ ამ სახელმწიფოს როლი არამხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიო მასშტაბით მეტი მშვიდობის უზრუნველყოფაში.

ძალიან დამაიმედებელია აშშ-ის ახალი პრეზიდენტის გზავნილები ამ თვალსაზრისით, რომელიც ხაზს უსვამს მშვიდობის მნიშვნელობას და იმედი მაქვს, ახალი ადმინისტრაციის პირობებში, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, უფრო მეტად იქნება, მსოფლიოს მასშტაბით, წახალისებული მშვიდობა. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველა იმ სახელმწიფოსთან, მათ შორის, ყველა იმ ზესახელმწიფოსთან, რომელიც ორიენტირებულია მშვიდობაზე ეკონომიკურ განვითარებაზე და მეტი კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე საკუთარი ხალხებისთვის,“- აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, მიუხედავად ამჟამინდელი ხმამაღალი განცხადებებისა და სხვა პარტიების „ბულინგისა“ არჩევნებში მონაწილეობის გამო, გარედან ინსტრუქციის მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, „ნაცმოძრაობამ“ და „ახალმა“ ყველაფერს გადაუსვან ხაზი და მათაც მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, რაც იქნება უკიდურესად დამამცირებელი.

 

„თავისთავად ეს მოწოდებაც საინტერესოა, გარედან კარნახობენ ოპოზიციას იმას, თუ რა უნდა გააკეთონ. თვითონ ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად და გარედან კარნახობენ. მიუხედავად ძალიან ხმამაღალი განცხადებებისა, რასაც აკეთებენ, მაგალითად, „ნაცმოძრაობის“, „ახალის“ წარმომადგენლები, საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, მათ შეუძლიათ, ამ ყველაფერსაც გადაუსვან ხაზი. დღეს ისინი „აბულინგებენ“ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს იმისათვის, რომ მათ სურთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. როდესაც ისინი მიიღებენ გარედან ინსტრუქციას, მე მგონია, რომ ისინი საკუთარ გადაწყვეტილებასაც შეიცვლიან, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ეს იქნება უკიდურესად დამამცირებელი. ადრე სხვას „აბულინგებდი“, ახლა შენ თვითონ იღებ არჩევნებში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ეს იქნება მათი დამცირება, მაგრამ ისინი ნებისმიერ დამცირებაზე მოაწერენ ხელს, რაც წარსულშიც  გაუკეთებიათ,“- განაცხადა პრემიერმა.

ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ხოლმე ევროპელებთან, ვამბობთ რას, რომ ჩვენ გვაქვს ფაქტები, მოდით ამას დაუპირისპირეთ ფაქტები, ტყუილები  და ზოგადი განცხადებები კი არა, ფაქტს დაუპირისპირეთ ფაქტი, -  ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. 
პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს ვიდეო უტყუარი მტკიცებულებაა იმისა, რომ უცხო ქვეყნის წარმომადგენლები პირდაპირ მაიდანზე მითითებებს აკეთებენ. 
„პირდაპირ სცენაზე იყვნენ ასული, მოწოდებებს,  მაიდანზე მითითებებს აკეთებდნენ. ეს არის ფაქტები. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ხოლმე ევროპელებთან, ვამბობთ, რომ გვაქვს ფაქტები, მოდით ამას დაუპირისპირეთ ფაქტები, ტყუილები  და ზოგადი განცხადებები კი არა, ფაქტს დაუპირისპირეთ ფაქტი. როდესაც ჩვენ გეუბნებით, რომ თქვენ ახალისებთ ექსტრემიზმს, ამას გიმტკიცებთ ფაქტებით, ვიდეოებით, თქვენი დაფინანსების პრაქტიკით. პირდაპირ ფაქტები გვაქვს, როგორ აფინანსებენ ეს ადამიანები ექსტრემიზმს ჩვენს ქვეყანაში. ფაქტებით ველაპარაკებით და იქიდან მოდის ზოგადი ფრაზები, უფრო ხშირად მოდის ტყუილებიც. ეს სამწუხაროა. ფაქტს, მოდით, დაუპირისპირეთ ფაქტი. ეს ხომ იქნება ევროპული მიდგომა, მაგრამ ევროპული მიდგომის მაგივრად გვპასუხობენ საბჭოური მიდგომით. საბჭოური მიდგომა არის ტყუილი, ზოგადი საუბრები. ეს არის ძალიან სამწუხარო და დასანანი“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია, ტრაგიკულია ის მდგომარეობა, რომელიც ევროპარლამენტშია. 

 

„ევროპარლამენტის რეზოლუციები არის აბსოლუტურად უინტერესო, თუკი რამე წააგავს საბჭოთა ინსტიტუტს, ეს არის სამწუხაროდ, ევროპარლამენტი, რომელიც დღევანდელი მოცემულობით არაფრით განსხვავდება საბჭოთა უზენაესი საბჭოსგან. მე მახსოვს 80-იან წლებში მათი პათოსი, განხილვების შინაარსი, უსამართლობის ხარისხი, არაფრით განსხვავდება სამწუხაროდ დღევანდელი ევროპარლამენტი ამ ყველაფრისგან. იმედი მაქვს, რომ პირველ რიგში გაჯანსაღების პროცესი და ცვლილებები შეეხება ევროპარლამენტს. ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია, ტრაგიკულია ის მდგომარეობა, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით ევროპარლამენტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.