იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში შესუსტდება „დიფ სთეითი“ ჯერ აშშ-ში, შემდეგ ეს უნდა აისახოს ევროპაზეც - პრემიერი

იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში შესუსტდება „დიფ სთეითი“ ჯერ აშშ-ში, შემდეგ ეს უნდა აისახოს ევროპაზეც და ასეთ პირობებში გაჯანსაღდება ურთიერთობები საქართველოსა და ევროპულ სტრუქტურებს შორის, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „დიფ სთეითი“ ეფუძნებოდა სამ ძირითად ცენტრს, ეს იყო თავის დროზე აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაცია, ბრიტანული ბიუროკრატია და ევროკავშირის ბიუროკრატია.

„დღეს აშშ-ში წარიმართება ბრძოლა ახალ ადმინისტრაციასა და დიფ სთეითს შორის და ასეთ პირობებში, მანკიერი მიზნების განსახორციელებლად „დიფ სთეითი“ იყენებს პირველ რიგში, ევროკავშირსა და დიდი ბრიტანეთს და შესაბამის ბიუროკრატიას, რასაც ყველა ძალიან კარგად ხედავს, განსაკუთრებით საქართველოს მაგალითზე. ხედავთ, რომ სწორედ ევროპული ბიუროკრატია, მათ შორის დიდი ბრიტანეთის ბიუროკრატია გამოიყენება ყველაზე აქტიურად თავდასხმებისთვის ქართველი ხალხის წინააღმდეგ. იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში შესუსტდება „დიფ სთეითი“ ჯერ აშშ-ში, შემდეგ ეს უნდა აისახოს ევროპაზეც და ასეთ პირობებში გაჯანსაღდება ურთიერთობები საქართველოსა და ევროპულ სტრუქტურებს შორის, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როდესაც 17 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ხელმოწერით ქვეყნდება ასეთი დეზინფორმაციით გაჯერებული წერილი, ეს ძალიან დასანანია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან სამეგრელოში.

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპულ სტრუქტურებში მძლავრობს არაფორმალური მმართველობა და სრულიად წაშლილია ყველანაირი მორალური ზღვარი.

„დეზინფორმაციით არის გაჯერებული სამწუხაროდ, ეს წერილი. რაც შეეხება პოლიტიკოსების დაპატიმრებას - აბსოლუტურად აცდენილია ის შეფასებები სინამდვილეს, რასაც წერილში ვკითხულობთ. იგივე ეხება მოძალადეების პატიმრობასაც. აქაც აბსოლუტურად დეზინფორმაციით არის გაჯერებული წერილის შესაბამისი პასაჟი, რაც ძალიან სამწუხაროა. აქ საუბარია 17 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრზე, საუბარია ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელზე და როდესაც ასეთი ადამიანების ხელმოწერით ქვეყნდება ასეთი დეზინფორმაციით გაჯერებული წერილი, ეს ძალიან დასანანია. მძლავრობს არაფორმალური მმართველობა ევროპულ სტრუქტურებში, ევროპულ ბიუროკრატიაში და ასეთ დროს სრულიად წაშლილია ყველანაირი მორალური ზღვარი. ნებისმიერი ტყუილი შეიძლება ჩაიწეროს თუნდაც ასეთი მარალი დონის წერილში, რაც არის ძალიან დასანანი და სამწუხარო“, - განაცხადა პრემიერმა.

როდესაც ძალადობას ქომაგობს კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკი, ეს არის ძალიან დასანანი და ძალიან სამწუხარო, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ბრიტანეთის ელჩის განცხადებას შეეხებოდა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ბრიტანეთის ელჩის განცხადება არის დეზინფორმაციით გაჯერებული.

„როდესაც ძალადობას ქომაგობს კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკი, ეს არის ძალიან დასანანი და ძალიან სამწუხარო. დიდ ბრიტანეთში არის სერიოზული პრობლემები მედიაპლურალიზმის კუთხით, მედიის თავისუფლების კუთხით, „დიფ სთეითის“ გავლენის კუთხით მედიაზე, აქედან გამომდინარე, უმჯობესი იქნება, რომ დიდ ბრიტანეთში არსებულ პრობლემებზე იზრუნოს ბრიტანელმა ჩინოვნიკმა. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ვერ დავუშვებთ საქართველოში ძალადობის წახალისებას, მათ შორის ვერც ბრიტანელი ჩინოვნიკების მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.