ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის რეკომენდაცია, რომელიც მოგვცა სტრასბურგის სასამართლომ - ყველა მიმართულებით გამოძიებას საჭიროებს 20 ივნისის საქმე, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სამეგრელოში.
მთავრობის მეთაურის თქმით, განსაკუთრებული ინტერესის საგანია ის, თუ ვინ გადაწყვიტა რეზინის ტყვიების სროლა.
„ჩვენ ამ შემთხვევაშიც უნდა გადავუხადოთ მადლობა სტრასბურგის სასამართლოს, რომელმაც მოითხოვა დამატებით 20 ივნისის საქმის გამოძიება. გახსოვთ, როგორი იყო ამ გამოძიების პოლიტიკური კონტექსტი. თავის დროზე აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციის ზეწოლით და ევროკავშირის ჩინოვნიკების ზეწოლით ჩვენ მოგვიწია ამნისტიის კანონის მიღება, რომლითაც სასჯელი არსებითად არ ვრცელდებოდა ორ მხარეზე- ერთი იყო ის მხარე, რომელიც აწყობდა დანაშაულებრივ შტურმს საქართველოს პარლამენტზე და ცდილობდა, დაემხო ჩვენი კონსტიტუციური წესრიგი და მეორე მხარეს ამნისტიის კანონი არსებითად გავრცელდა იმ ადამიანებზე, რომლებმაც ძალიან საეჭვო გარემოებებში ისროლეს რეზინის ტყვიები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის რეკომენდაცია, რომელიც მოგვცა სტრასბურგის სასამართლომ - რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით გამოძიებას საჭიროებს 20 ივნისის საქმე, მათ შორის, განსაკუთრებული ინტერესის საგანია ის, თუ ვინ გადაწყვიტა რეზინის ტყვიების სროლა და ვინ მიიყვანა ზოგადად მდგომარეობა აქამდე“, - განაცხადა პრემიერმა.
საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს და აფასებს ყველაფერს და ამის გამოა აბსოლუტურად დისკრედიტებული რადიკალური ოპოზიცია ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან სამეგრელოში.
მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიცია, ნებისმიერი კონფიგურაციით არის განწირული ძალიან დიდი მარცხისთვის.
„თქვენ რეალურად ხედავთ, რამდენად მძიმე ვითარებაა რადიკალურ ოპოზიციაში, ერთმანეთთანაც არიან დაპირისპირებული, ორი პარტია ორ პარტიას აგინებს იმის გამო, რომ მათ გადაწყვიტეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, ჩვენთვის ეს არ არის საინტერესო. ნებისმიერ კონფიგურაციაში და ნებისმიერ ფორმატში, ჩვენ 64-ვე მუნიციპალიტეტში დიდი უპირატესობით მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს, ამაზე მეტყველებს მათ შორის ის კვლევები, რომელიც ჩვენ გვაქვს და საერთო სურათს ყველა ხედავს, თუ როგორია საზოგადოების დამოკიდებულება. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს და აფასებს ყველაფერს და ამის გამოა აბსოლუტურად დისკრედიტებული რადიკალური ოპოზიცია ჩვენს ქვეყანაში. მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში ეს ადამიანები, რადიკალური ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აკეთებდნენ ყველაფერს იმისათვის, რომ დაეზიანებინათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ისინი აკეთებდნენ ყველაფერს იმისათვის, რომ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, არ გახსნილიყო მოლაპარაკებები საქართველოსთან და ა.შ. საკმაოდ ვრცელია ამ ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების ჩამონათვალი. ასეთ პირობებში არავის უნდა უკვირდეს, რომ ოპოზიცია არის კიდევ უფრო მეტად დასუსტებული, ვიდრე ის იყო ერთი წლის წინ საპარლამენტო არჩევნებამდე, შესაბამისად, ოპოზიცია ნებისმიერი კონფიგურაციით არის განწირული, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მარცხისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
ქართველი ხალხის დაშანტაჟება იმის გამო, რომ მან არ დააბრუნა ხელისუფლებაში სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლობა, არის აბსოლუტურად სამარცხვინო ქმედება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არ შეიძლება, ქართველ ხალხს მოსთხოვო ჯერ ხელისუფლებაში სისხლიანი რეჟიმის დაბრუნება და როდესაც მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას, ამის გამო დააშანტაჟო.
„საზოგადოებამ თავად უნდა განსაჯოს, თუ რა მიზნებით სურდათ კონკრეტულ ჩინოვნიკებს, მათ შორის ევროპელ ჩინოვნიკებს ხელისუფლებაში დაებრუნებინათ სისხლიანი რეჟიმის შემოქმედი ადამიანები, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ეს არის ძალიან მარტივი ანალიზის საგანი. საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხედავს და კარგად აანალიზებს. ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ქართული საზოგადოების თვალში ევროპული ბიუროკრატიის და სამწუხაროდ, ასევე ევროკავშირის მიმართ ნდობა არის სერიოზულად დაცემული. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს პროცესი შემოტრიალდეს, ამისათვის პირველ რიგში, კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკები უნდა შეეშვან ფიქრს იმაზე, რომ საქართველოში სისხლიანი რეჟიმის შემოქმედი ადამიანები უნდა დაბრუნდნენ ხელისუფლებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
არიან ადამიანები, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან კორუფციაში და ისინი ცდილობენ, გარკვეული პიარული მანევრებით გადაფარონ ის ბრალდებები, რომელიც შეიძლება არსებობდეს მათ მიმართ და ამისათვის ისინი მარტივად ურიგებენ ფულს ხაბეიშვილს, მელაძეს და სხვებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან სამეგრელოში.
მთავრობის მეთაურის თქმით, ისინი ფინანსდებიან კონკრეტული პერსონებისგან, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ეჭვმიტანილები და რომლებსაც მოუწიათ გუნდის დატოვება.
„არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ვიღაცეებს ჰგონიათ ნაცები და სინამდვილეში ისინი ფინანსდებიან კონკრეტული პერსონებისგან, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ეჭვმიტანილები და რომლებსაც მოუწიათ გუნდის დატოვება. ასეთი არის მაგალითად, ლევან ხაბეიშვილი, რომელიც ყოველთვიურად იღებდა ხელფასს, მას ჰქონდა მეტსახელიც სახელფასო გრაფაში და იგივე წყაროდან ფინანსდება ასევე ნოდარ მელაძე, რომელიც სწორედ ამ კონკრეტული კორუფციაში ეჭვმიტანილი ჯგუფიდან იღებს დირექტივებს კონკრეტული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით. ვიღაცეებს სურთ საკუთარი ბრალდებების გადაფარვა, არიან ადამიანები, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან კორუფციაში და ისინი ცდილობენ, გარკვეული პიარული მანევრებით გადაფარონ ის ბრალდებები, რომელიც შეიძლება არსებობდეს მათ მიმართ და ამისათვის ისინი მარტივად ურიგებენ ფულს ხაბეიშვილს, მელაძეს და სხვებს“, - განაცხადა პრემიერმა.