ყველა ძალოვანი სტრუქტურა მობილიზებულია, იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად აღვკვეთოთ კრიმინალი ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა სამსახურის დღევანდელი ბრიფინგიც ამის მორიგი დადასტურებაა.
„ზოგადად, ძალიან გააქტიურებულია ყველა სამართალდამცავი სტრუქტურა, კრიმინალთან ბრძოლის კუთხით და ამის შედეგები ჩანს ყოველდღიურად. აქტიურად მუშაობს როგორც სახელმწიფო უსაფრთხოებისა სამსახური, ისე შინაგან საქმეთა სამინისტრო. ყველა ძალოვანი სტრუქტურა მობილიზებულია, იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად აღვკვეთოთ კრიმინალი ჩვენს ქვეყანაში და სახელმწიფო უსაფრთხოებისა სამსახურის დღევანდელი ბრიფინგიც ამის მორიგი დადასტურებაა“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, ყველაზე მთავარი სიკეთე არის მშვიდობა და სტაბილურობა.
„ჩვენ ვართ პასუხისმგებლები იმაზე, რომ საქართველოში იყოს შენარჩუნებული მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ყველაზე მთავარი სიკეთე არის მშვიდობა და სტაბილურობა. გამჭვირვალობის კანონი იცავს ჩვენს სახელმწიფოს ექსტრემიზმისგან, რევოლუციებისგან. მთელმა საზოგადოებამ გაიგო, რომ რუსული კანონის ტერმინი ცრუპენტელობა იყო. ეს არის კანონი, რომელიც სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის ადამიანის უფლებების სფეროში და ეს კანონი იცავს ჩვენს ქვეყანას დესტაბილიზაციისგან. მათ შორის იმისგან, რომ იგივე ევროკავშირის ფონდებიდან, NED-იდან, USAID-იდან - ეს ყოფილი ამერიკული ფონდებია, რომელიც გააუქმა ტრამპის ადმინისტრაციამ, და ასეთი ფონდებიდან არ უნდა ხდებოდეს საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისება“, - განაცხადა პრემიერმა.
თუ ასე დადგება საკითხი, რომ ან მშვიდობა და სტაბილურობა ან ვიზალიბერალიზაცია, ჩვენ რა თქმა უნდა, უპირატესობას მივანიჭებთ მშვიდობას და სტაბილურობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ეს ქართველი ხალხის არჩევანია.
„ვფიქრობ, რომ კონტრპროდუქტიულ ნაბიჯს ევროპული ბიუროკრატია არ გადადგამს. ეს იქნება აბსოლუტურად ირაციონალური. არ არის სწორი ქართველი ხალხის შანტაჟი იმის გამო, რომ მან ხელისუფლებაში არ დააბრუნა სისხლიანი პოლიტიკური ძალა - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. როცა გამჭვირვალობის კანონის მიღებას გვიკრძალავენ, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის უნდათ მშვიდობის და სტაბილურობის წართმევა. როდესაც გვეუბნებიან, რომ შენ არ უნდა მიიღო კანონი, რომელიც უცხო ძალებს უზღუდავს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას, ეს ნიშნავს, რომ გემუქრებიან სტაბილურობის და შემდეგ უკვე მშვიდობის დაკარგვით. თუ ასე დადგება საკითხი, რომ ან მშვიდობა და სტაბილურობა ან ვიზალიბერალიზაცია, ჩვენ რა თქმა უნდა, უპირატესობას მივანიჭებთ მშვიდობას და სტაბილურობას. ეს ქართველი ხალხის არჩევანია. ასე გვიყენებენ საკითხს. ოთხი რევოლუციის მცდელობა გამოვიარეთ ჩვენ ოთხი წლის განმავლობაში. რაც შეეხება იმ ტენდენციებს, რაც არის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ეს ტენდენციები არის შემაშფოთებელი. იყო პირდაპირი დაფინანსება, რომელიც იყო მიმართული საქართველოში ამ ტენდენციების განვითარებისთვის და ამას უპირისპირდება კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ. ვიზალიბერალიზაცია ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეს დასჭირდება ვიზა, იმისათვის, რომ გაემგზავროს საქართველოდან ევროპაში. რაც შეეხება დანარჩენს - მშვიდობა, სტაბილურობა, მათ შორის ოჯახური ღირებულებები, ეს არის ეგზისტენციალური საკითხები. ევროპაში წახვალ ვიზით თუ უვიზოდ, ეს არ არის ეგზისტენციალური საკითხი, მაგრამ რასაც გვთავაზობენ, რომ უნდა დაგვირღვიონ სტაბილურობა და მშვიდობა, ეს არის ეგზისტენციალური საკითხი. ამიტომ, როცა ეგზისტენციური საკითხი უპირისპირდება არაეგზისტენციურ საკითხს, ბუნებრივია, შენ უპირატესობა უნდა მიანიჭო ეგზისტენციურ საკითხს“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა უმძიმესი წნეხის ქვეშ იყო გასული 4 წლის განმავლობაში, მაინც ინარჩუნებს პირველ ადგილს რეგიონსა და ევროპაში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით.
„რაც შეეხება ეკონომიკას, თქვენ ნახეთ, რომ უმძიმესი წნეხის ქვეშ იყო ჩვენი ქვეყანა გასული 4 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკრაინაში დაიწყო ომი. თუმცა 4 რევოლუციის მცდელობა გამოვიარეთ ამ 4 წლის განმავლობაში, ამის მიუხედავად ჩვენ ვინარჩუნებთ პირველ ადგილს რეგიონში და ევროპაში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ეს გაგრძელდება. შანტაჟი აქამდეც მიმდინარეობდა ქვეყნის წინააღმდეგ, ახლაც ხორციელდება ეს შანტაჟი. შანტაჟის პირობებშიც ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას და გაგრძელდება ამ მიმართულებით განვითარება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.