"ტრაგიკული მდგომარეობაა ოპოზიციაში, არ შველით არაფერი" - ირაკლი კობახიძე

ტრაგიკული მდგომარეობაა ოპოზიციაში, არ შველით არაფერი, არც ევროპული ბიუროკრატიიდან მომდინარე შანტაჟი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „დიფ სთეითმა“ მიიყვანა რადიკალურ გახლეჩვამდე რადიკალური ოპოზიცია. 

 

„4 წელი შანტაჟი გრძელდება ევროპული ბიუროკრატიის „დიფ სთეითის“ მხრიდან, არაფერი შველის რადიკალურ ოპოზიციას, რადგან საზოგადოებამ დაინახა კარგად ყველაფერი. საზოგადოება ხედავს, რა მიზნებით მოქმედებს კონკრეტულ შემთხვევებში ევროპული ბიუროკრატია, როგორია შინაარსი იმ რადიკალური ოპოზიციის, რომელიც უპირისპირდება სახელმწიფო, ეროვნულ ინტერესებს. აქედან გამომდინარე, არაფერი არ შველის რადიკალურ ოპოზიციას, პირიქით, თავად „დიფ სთეითმა“ მიიყვანა რადიკალურ გახლეჩვამდე რადიკალური ოპოზიცია. ხედავთ, რომ ორი პარტია აპირებს არჩვენებში მონაწილეობას, ორი პარტია არ აპირებს, ასეც და ისე, ნებისმიერი კონფიგურაციით, ბუნებრივია, მთელი ეს რადიკალური ოპოზიცია განწირულია ტოტალური მარცხისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,  საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის კანონები, რომლებიც უკავშირდება ოჯახურ ღირებულებებს, არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას, გამჭვირვალობას. 

 

„ბრიუსელისთვის ყველა პუნქტთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პასუხი. როცა საუბარია პატიმრებზე, იქ ძალიან მკაფიო პასუხი გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ თითოეულმა ამ პატიმარმა ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული. ამაზე დაგვიწყონ საუბარი. კეთილი ინებონ და დაგვისაბუთონ, თუ აქვთ რაიმე სამართლებრივი კითხვები რომელიმე საქმესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ასეთი კითხვები არ არსებობს, შესაბამისად არის ცარიელი პოლიტიკური ულტიმატუმები, რაც ძალიან სამწუხაროა”, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირის ფონდების დაფინანსება პირდაპირ იყო ჩართული ექსტრემიზმის, რევოლუციური პროცესების წახალისებაში, ამაზე უნდა ზრუნავდეს ევროპული ბიუროკრატია და არა იმაზე, რომ საქართველოს აუკრძალოს რევოლუციების გამჭვირვალობის შესახებ კანონების მიღება. 

 

“კანონი გამჭვირვალობის შესახებ, არის კანონი რევოლუციების გამჭვირვალობის შესახებ. თუ ვინმეს უნდა, საქართველოში დააფინანსოს რევოლუციური პროცესები, კი ბატონო, ოღონდ ეს გააკეთონ გამჭვირვალედ. თუ ესეც არ უნდათ, ესეც აბსოლუტურად გაუგებარია. ჩვენ მზად ვართ, რომ ჯანსაღი დისკუსია გავმართოთ ყველა სუბიექტთან ყველა საკითხზე. მნიშვნელოვანია, რომ ქართულ საზოგადოებას ევროკავშირი არ წამოუჩინონ, როგორც საბჭოთა კავშირი. საბჭოთა კავშირისთვის რა იყო დამახასიათებელი - ეს ულტიმატუმები ასე მოჩანს, რადგან ეს არის ულტიმატუმები. ოჯახური ფასეულობების შესახებ კანონი, არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის შესახებ კანონი საერთოდ არ ეწინააღმდეგება ანტიდისკრიმინაციულ კანონს. ამით უნდა განსხვავდებოდეს ევროკავშირი საბჭოთა კავშირისგან. საბჭოთა კავშირში რა ხდებოდა, მოდიოდა მოსკოვიდან დირექტივები, თუ არ შეასრულებდი, დაგსჯიდნენ. რით განსხვავდება მაშინ მოსკოვისგან ბრიუსელი. მოსკოვშიც ასე ხედავდნენ, როცა იყო საბჭოთა კავშირი, უარგუმენტოდ ითხოვდნენ რაღაცებს. ჩვენ გვჭირდება არგუმენტები ყველაფერთან დაკავშირებით. ბრიუსელი არ უნდა დაემსგავსოს საბჭოთა მოსკოვს. ეს კანონები არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რათა საქართველოში დაცული იყოს ფასეულობები, არასრულწლოვანთა ინტერესები და საქართველოში არ დავუშვათ რევოლუციური პროცესები. ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან პირდაპირ არის შესაბამისობაში ყველა კანონი და ყველა ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა ჩვენი მხრიდან. რაც შეეხება რევოლუციურ პროცესებს, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, ჩვენ მოვისმინით ბრიუსელიდან არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ფინანსდებოდა საქართველოში ძალადობა და ექსტრემიზმი და რატომ არ ისმის დღემდე ამასთან დაკავშირებით განმარტებები. ამაზე უნდა მივიღოთ პირველ რიგში პასუხი და მერე გადავიდეთ ყველაფერ დანარჩენზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის თქმით, ოთხივე პარტია არის ერთი პოლიტიკური ძალა - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და უცხოური აგენტურა.
 

„პარტიებს ჩვენ ვერ გავაუქმებთ. პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს ერთადერთმა ორგანომ, ეს არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. ჩვენ ოთხივე პარტიასთან დაკავშირებით მივმართავთ, იმიტომ, რომ ოთხივე პარტია არის ერთი პოლიტიკური ძალა, ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ეს არის უცხოური აგენტურა, რომელიც უკვე ამდენი წელია, კოლექტიურად 2003 წლიდან მოყოლებული ებრძვის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა პრემიერმა.

20 ივნისთან დაკავშირებით, ბუნებრივია, არის სერიოზული კითხვები, კერძოდ, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიიყვანა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, კარგია, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს დაავალა ამ საკითხის დამატებით გამოძიება.
 

“ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც უნდა გაეცეს პასუხი. ვნახოთ, რას დაადგენს გამოძიება.

 

გიორგი გახარია გაპარულია ევროპაში. რაც შეეხება ბრიუსელში, ზოგადად, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების ყოფნას, ერთადერთი მიზანი აქვთ ამ ადამიანებს, ეს არის, რომ რამენაირად საბოტაჟი განახორციელონ. ისინი ახორციელებენ კამპანიებს იმისათვის, რომ ქვეყანა შეფერხდეს ყველა მიმართულებით, თუმცა ვხედავთ, რომ მათი ეს მცდელობები არის წარუმატებელი. გაპარულია ეს კაცი ქვეყნიდან. რამდენად შეიძლება ამაზე სერიოზულად ვისაუბროთ არ ვიცი. გაპარული კაცი იქიდან გველაპარაკება რაღაც მესიჯებით. არასერიოზულია ეს ყველაფერი.

 

რა უნდა გააკეთოს გახარიამ ბრიუსელში გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ საბოტაჟით იქნება დაკავებული. აბსოლუტურად არასერიოზულია, შეუძლია ამსტერდამში გადავიდეს ბრიუსელიდან”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ასევე აქვს ინფორმაცია, რომ ყოველთვიურ დაფინანსებას იღებდა ნოდარ მელაძეც. 

 

„ლევან ხაბეიშვილი, რომლის მეტსახელი არის ანიტა, მე არ მიმიყენებია შეურაცხყოფა მისთვის, სახელფასო უწყისში მითითებული იყო როგორც ანიტა - ლევან ხაბეიშვილი, ეს იყო ერთგვარი ნახევრად ფორმალური სახელფასო უწყისი, 5 000 ლარს იღებდა ის ყოველთვიურად და გრძელდებოდა დღემდე მისი დაფინანსება კონკრეტული წყაროდან, რომელიც ეჭვმიტანილია კორუფციაში. გუნდის ყოფილ წევრზეა საუბარი. არავის სახელსა და გვარს არ ვამბობ, ერთადერთი ვის სახელსა და გვარსაც ვამბობ, ეს არის ლევან ხაბეიშვილი და ნოდარ მელაძე, რომლებიც ყოველთვიურად იღებდნენ დაფინანსებას.  სახელფასო უწყისი მაქვს ნანახი ხაბეიშვილის შემთხვევაში, მელაძეზე ვიცი, უწყისი არ ამიღია, მაგრამ ვიცი, რომ იღებდა ყოველთვიურ დაფინანსებას და დღემდე იღებს. არც თუ არასანდო ინფორმაცია მაქვს ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.