ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა განახლდა. სავარაუდოდ, ეს იქნება ბოლოსწინა სხდომა და 28 ივლისს, შესაძლოა, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა განაჩენი გამოაცხადოს.
დღევანდელ პროცესზე დაიკითხა ექსპერტი-ექიმი ნევროლოგი. დღესვა დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს ბრალდების მხარე. პროცესს მზია ამაღლობელიც ესწრება.
სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. სასამართლოს შენობასთან აქცია კვლავ მზია ამაღლობელის კოლეგებმა, სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გამართეს.
გაზეთ „ბათუმელების“ თანამშრომლები ხელისუფლების მხრიდან დამატებით ზეწოლაზე საუბრობენ. გამომცემლობის მთავარი რედაქტორის, ეთერ თურაძის განცხადებით, მათ შემოსავლების სამსახურმა ინკასო დაადო, ბიუჯეტის წინაშე ჰქონდათ 47 ათასი ლარის ოდენობის დავალიანება, რასაც დაემატა საურავი. როგორც ეთერ თურაძე აცხადებს, კანონმდებლობის შესაბამისად მიმართეს შემოსავლების სამსახურს დავალიანების გრაფიკით გადახდის თხოვნით, თუმცა უწყებამ ეს არ დააკმაყოფილა.
„ამ ეტაპზე „ბათუმელების“ დავალიანება ბიუჯეტის წინაშე, ძირი თანხა არის 47 ათასი ლარი. თვის დასაწყისში იყო 136 ათასი ლარი და გადავიხადეთ. ასევე გვერიცხება სხვა თანხაც, საურავი 126 ათასი ლარი და ჯარიმა – 109 ათასი ლარი.
„ბათუმელებს“ სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება აღიარებული ჰქონდა და ყოველთვიურად იხდიდა შესაბამის თანხას მის დასაფარად. ინკასოს მუქარის შემდეგ „ბათუმელებმა“ შემოსავლების სამსახურს ოფიციალურად მიმართა და ითხოვა, ვალის გადასახდელად ჩვენთვის შემოეთავაზებინათ გრაფიკი. ამას საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს. უარი გვითხრეს. 17 ივლისს კი „ბათუმელების“ ანგარიშებს დაადეს ინკასო.
დღეს 21 ივლისია და მზია ამაღლობელის ბოლოსწინა პროცესი იმართება სასამართლოში. შესაბამისად, ინკასო და უახლოეს ერთ კვირაში დაგეგმილი ყველა სხვა ოპერაცია მიმართულია მზია ამაღლობელის გასატეხად, პერსპექტივაში კი – მის მიერ შექმნილი მედიაორგანიზაციის გასანადგურებლად“, – ნათქვამია „ბათუმელების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე ცნობილი გახდა, რომ გამომცემლობამ ბათუმის ოფისის შენობის გაყიდვა გადაწყვიტა.