„დიფ სთეითის“ ხელწერა ყველა ქვეყანაში უცვლელია - როდესაც გინდა, დისკრედიტებულად გამოიყვანო პოლიტიკური ძალა - ირაკლი კობახიძე

„დიფ სთეითის“ ხელწერა ყველა ქვეყანაში უცვლელია - როდესაც გინდა, დისკრედიტებულად გამოიყვანო პოლიტიკური ძალა, რომელიც არ მოგწონს, მარტივად აწებებ პრორუსის იარლიყს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს შემთხვევაში ეს კამპანია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო.

„კამპანია ახლად დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობის რუსულ საწყისებზე სათავეს იღებს 2011 წლიდან, ჯერ კიდევ პარტიაც არ იყო დაფუძნებული. როცა 2011 წლის ბოლოს ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განაცხადი პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, იქიდან მოყოლებული უკვე წარმოებს კამპანია პრორუსულობასთან დაკავშირებით და ეს არის ძალიან მარტივი ხელწერა. ეს არის ე.წ „დიფ სთეითის“ ხელწერა. ეს არ არის ჩვენს მიერ მოგონილი ტერმინი, ჩვენ სხვა ტერმინსაც ვიყენებდით, ჩვენი ტერმინი იყო „გლობალური ომის პარტია“ და რასაც ჩვენ „გლობალური ომის პარტიას“ ვუწოდებდით, იმას მოიხსენიებს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია, როგორც „დიფ სთეითს“. რეალურად ხელწერა უცვლელია ქვეყნების მიხედვით, პრაქტიკულად იდენტურია ეს ხელწერა. არის მარტივი იარლიყი - პრორუსი და როდესაც შენ გინდა, დისკრედიტებულად გამოიყვანო პოლიტიკური ძალა, რომელიც არ მოგწონს, მარტივად აწებებ პრორუსის იარლიყს და ეს ხდება სხვადასხვა ქვეყანაში. რომ გავიხსენოთ ჩვენი მეგობარი ვიქტორ ორბანი, ისიც მოიხსენიება, როგორც პრორუსი პოლიტიკოსი და არც პრორუსულობის არავითარი ნიშანწყალი არ არის უნგრეთში და არც სხვა, რა ტერმინებსაც იყენებენ ხოლმე ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ, მაგალითად დიქტატორი და ა.შ.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

2012 წელს მოქმედებდა სწორედ Deep state-ის აგენტურა საქართველოში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“.

მთავრობის მეთაურის თქმით, Deep state-ის აგენტურას ყველაზე მეტად ჩვენი ტიპის ქვეყნებში განსაკუთრებით ახასიათებს დემოკრატიის და ადამიანის უფლებების სრული ხელყოფა, მედიის მონოპოლიზება, სიტყვის თავისუფლების სრული ხელყოფა, ადამიანების წამება და ა.შ.

„ისინი მოსული იყვნენ ხელისუფლებაში 2004-დან 2012 წლამდე და ძალიან კარგად დაგვამახსოვრეს თავი სწორედ Deep state-ისეული ხელწერით. რა ახასიათებს ყველაზე მეტად Deep state-ის აგენტურას, განსაკუთრებით ჩვენი ტიპის ქვეყნებში - ეს არის დემოკრატიის და ადამიანის უფლებების სრული ხელყოფა, მედიის მონოპოლიზება, სიტყვის თავისუფლების სრული ხელყოფა, ადამიანების წამება და ა.შ. გვახსოვს, იგივე ქართული „გუანტანამო“ მოაწყვეს ჩვენს ქვეყანაში, მედიას რაც შეეხება, რა მდგომარეობაც არის ევროპის მასშტაბით მთლიანად, მონოპოლიზებული მედია, ის რეალობა დაამკვიდრეს საქართველოშიც 2004-2012 წლებში და ა.შ. ეს იყო მაშინდელი ხელწერა, 2004-2012 წლებში საქართველოში მოქმედებდა Deep state-ის აგენტურა, ისინი იყვნენ ხელისუფლებაში და უცბათ, 2011 წლის ბოლოდან 2012 წელს ამ აგენტურას შეექმნა საფრთხე. სწორედ ამას უკავშირდებოდა ის, რომ ჯერ კიდევ მაშინ ამ აგენტურამ დაამკვიდრა ეს ტერმინი - პრორუსული, რუსული და ა.შ. მათ უნდოდათ, თავიდან აერიდებინათ ხელისუფლებიდან აგენტურის ჩამოშორება. მე კიდევ ერთხელ გავიხსენებ, თუ რამდენი უბედურება მოუტანა ამ აგენტურამ ჩვენს ქვეყანას, თუმცა მადლობა ღმერთს, პროცესები სხვანაირად წარიმართა. მაშინაც არავინ დაიჯერა ეს გზავნილები პრორუსულობასთან დაკავშირებით და საბოლოო ჯამში, მაშინაც, ისევე, როგორც ახლა, 12 წლის თავზე, 2024 წელს ქართველმა ხალხმა გააკეთა არჩევანი სწორედ ეროვნული პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ და არა პრორუსული, პროდასავლური, თუ ა.შ. ჩვენი პოლიტიკური ძალა სწორედ ამით გამოირჩევა. ჩვენ ვატარებთ ეროვნულ ინტერესებს და საბოლოო ჯამში მივყვებით სწორედ სახელმწიფო ინტერესებს. ეს არის უმთავრესი ამოსავალი წერტილი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„დიფ სთეითის“ მესიჯებს რომ გავყვეთ, გამოდის, რომ მთელი მსოფლიო ჩაუგდია ხელში რუსეთის ფედერაციას და უფრო მეტიც, თავის დროზე ტრამპის არჩევაშიც მიუღია მონაწილეობა რუსეთს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის მარტივი და უხეში, გებელსისეული პროპაგანდა, რომელსაც საზოგადოება კარგად აფასებს, შესაბამისად, მას „დიფ სთეითისთვის“ სასურველი ეფექტი ვერ მოაქვს.

„გახსოვთ, 2012 წლამდე რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში თავისი პატიმრების წამებით, ბიზნესის რეკეტით და ა.შ უამრავი დანაშაული, მედიის მონოპოლიზება, დაყაჩაღება და ა.შ. მსგავსი არაფერი ხდება უნგრეთში და ამ დროს უნგრეთი მოიხსენიება, როგორც დიქტატურა, პრორუსული სახელმწიფო. ამ დროს საქართველოში რა ხდებოდა 2012 წლამდე - მთელი ეს უბედურება, დემოკრატიის ხელყოფა, ადამიანის უფლებების ხელყოფა, რუსეთისთვის ტერიტორიების 20%-ის ჩაბარება და ამ დროს ეს ხელისუფლება იყო დემოკრატიის შუქურა და ანტირუსული ხელისუფლება, როდესაც სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში გააფართოვა საკუთარი გავლენა საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთმა. ეს იყო ტერიტორიული გავლენა, ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია განხორციელდა სწორედ მაშინ, 2004-2012 წლების განმავლობაში, 2008 წელს და ეს იყო ეკონომიკური ექსპანსია.

გახსოვთ უამრავი სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტი მიჰყიდეს წინა ხელისუფლების პირობებში რუსეთის ფედერაციას და რუსულ კომპანიებს. უამრავი ფაქტის მიუხედავად, წინა ხელისუფლება იყო ანტირუსული და დემოკრატიის შუქურა. ახლა არის სრულიად განსხვავებული ფაქტები, როდესაც ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც იცავს ერთადერთ რამეს, ეს არის ეროვნული ინტერესები, ქართული სახელმწიფოს ინტერესები. ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება, რომლის პირობებშიც რუსეთს საკუთარი გავლენა ჩვენს ტერიტორიაზე არ გაუფართოებია, არც ტერიტორიული და არც ეკონომიკური კუთხით. ეს არის მშრალი ფაქტები. ყველაფერი დანარჩენი არის „დიფ სთეითის“ დადგმული სპეკულაციები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. გეოგრაფიული არეალი პრაქტიკულად შეუზღუდავია. თქვენ რომ დაუჯეროთ „დიფ სთეითს“ და მის აგენტურას, რუსეთი გამოდის მსოფლიო იმპერია. სადაც არ უნდა წახვიდეთ, როდესაც საუბარია გავლენიან ძალებზე, რომ ავიღოთ წამყვანი ოპოზიციური ძალები, საფრანგეთში ყოფილა რუსეთის მარიონეტი, უნგრეთში მთელი ხელისუფლება ყოფილა პრორუსული, სლოვაკეთში, სერბეთში და ა.შ. საფრანგეთთან ერთად არის დასავლეთ ევროპის უამრავი ქვეყანა, გერმანიის მთავარი ოპოზიციური პარტია ასევე მოიხსენიება, როგორც პრორუსული, რუსეთის აგენტურა და ა.შ. აფრიკა, ჩინეთი, აზია, ლათნური ამერიკა და ა.შ, რომ გავყვეთ „დიფ სთეითის“ მესიჯებს, გამოდის, რომ მთელი მსოფლიო ჩაუგდია ხელში რუსეთის ფედერაციას და უფრო მეტიც, თავის დროზე ტრამპის არჩევაშიც მიუღია მონაწილეობა რუსეთს. ამერიკა რუსეთის ხელში იყო, ლათინური ამერიკა მის ხელში იყო, უნგრეთი, სლოვაკეთი, სერბეთი, საქართველო, საფრანგეთში და რუმინეთში ლამის რუსეთმა მოიყვანა თავისი ხელისუფლება, მსოფლიო იმპერიად გამოჰყავთ. სინამდვილეში არის მარტივი სპეკულაცია - შენ გაქვს მტრის ხატი და შენს ოპონენტს უკავშირებ აღქმაში ამ მტრის ხატს. უმარტივესი გებელსისეული მეთოდია, შენი ოპონენტი უნდა დაუკავშირო მტრის ხატს და დანარჩენი არც არგუმენტები, არაფერია საინტერესო, უბრალოდ აგენტურამ ეს სიტყვა უნდა იმეოროს მუდმივად. ეს არის ერთადერთი, რაც ძალას აძლევს ამ პროპაგანდას. შენ გყავს აგენტურა და ამ აგენტურამ არაფერი არ უნდა იძახოს, გარდა რუსულისა. გახსოვთ იგივე დისკუსია „გამჭვირვალობის შესახებ კანონზე“. რაიმე შინაარსში შევიდა ვინმე? არაფერი, იძახეს რუსული კანონი და მორჩა. შინაარსი არავის აინტერესებდა. აქაც იგივეა. არჩევნების შედეგები არ მოეწონათ და ეს იყო რუსული სპეცოპერაცია, რუსულმა პარტიამ გაიმარჯვა, ეს ხომ ძალიან უხეში და მარტივი, გებელსისეული პროპაგანდაა. საზოგადოება, რაც მთავარია, ამას არ ყიდულობს. საზოგადოება ყველაფერს სწორად აფასებს და მიუხედავად იმისა, რომ ამ პროპაგანდას თავისი ძალა აქვს, საბოლოო ჯამში, მაინც არ აქვს ის ეფექტი, რაც „დიფ სთეითს“ და „გლობალურ ომის პარტიას“ სურს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.