თბილისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 7 ივლისიდან დაიწყება.
როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რეგისტრაცია იქნება ელექტრონული და წარიმართება სამ ეტაპად – 7, 14 და 21 ივლისს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე
„I ეტაპი დაიწყება 7 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 13 ივლისის ჩათვლით. პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები: სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები; მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები; სამხედრო მოსამსახურეთა შვილები; დედმამიშვილები; თბილისის ბაღების თანამშრომელთა შვილები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, II ეტაპი დაიწყება 14 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 20 ივლისის ჩათვლით. მერის თქმით, ეს ეტაპი შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბავშვებს.
რაც შეეხება რეგისტრაციის III ეტაპს, როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ის საყოველთაო რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელიც დაიწყება 21 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება ადგილების შევსებამდე.
დედაქალაქის მერის განცხადებით, რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელსაც 15 სექტემბრის მდგომარეობით შეუსრულდება მინიმუმ ორი წელი. დაწვრილებითი ინფორმაცია საჯარო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის შესახებ ხელმისაწვდომი იქნება სააგენტოს ვებგვერდზე.