„სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა, მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო ღონისძიებები

თბილისში, ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, შენობა, ან მისი ფასადი ჩამოინგრა.

ამ დროისთვის, უცნობია დაშავებულთა რაოდენობა.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს სისხლის ლაქებიც და სავარაუდოდ ადამიანის სხეულიც.

„სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მოხდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებისა და საპოლიციო ძალების მობილიზება.

ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მყისიერად განახორციელეს მოქალაქეების ევაკუაცია.

მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ასევე, ადგილზე მყოფ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, დაემორჩილონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.