ვაგზალზე შენობის ჩამონგრევას ემსხვერპლა 1 ადამიანი, 1 გადაყვანილია კლინიკაში

თბილისში, სადგურის მოედანზე საცხოვრებელ კორპუსში ნგრევის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, ერთი ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ საქართველოს შს მინისტრმა, გეკა გელაძემ განაცხადა, რომელიც შემთხვევის ადგილზე თბილისის მერთან ერთად მივიდა.

მისივე ინფორმაციით, ერთი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

„ამ ეტაპზე რაც შემილძლია, დაგიდასტუროთ, ერთი ადამიანია კლინიკაში გადაყვანილი, კონტაქტურია. ასევე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ერთი ადამიანია გარდაცვლილი. თუ ამას მოემატება რიცხვი, უახლოეს პერიოდში გეტყვით.  მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები“,- განაცხადა შს მინისტრმა.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა. მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები.

სამწუხაროდ მოხდა უბედური შემთხვევა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ერთი არის დაშავებული, რომელსაც კლინიკაში შესაბამისი მკურნალობა უტარდება, - აღნიშნა ჟურნალისტებთან თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

„რაც შეეხება კორპუსს, იყო ავარიული, მინიჭებული ჰქონდა მე-5 კატეგორიის ავარიულობა, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. ეს იცოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ. არაერთი შეხვედრა იყო გამართული დიდუბის რაიონის გამგეობაში, გაკეთებული იყო შეთავაზება, რომ მონაწილეობა მიეღოთ ჩანაცვლების პროგრამაში, რითაც ჩვენ ვუზრუნველყოფდით აღნიშნული კორპუსის დემონტაჟს. თქვენ იცით, რომ ამ პროგრამის განხორციელებას სჭირდება მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა, რომელიც სამწუხაროდ ჯერ ვერ იყო მიღწეული. რამდენიმე ოჯახი, რომელმაც განაცხადა თანხმობა, უზრუნველყოფილია ქირით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა, მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო ღონისძიებები.