ესპანური გამოცემა - მამარდაშვილი იმ მეკარეთა ათეულშია, რომლებმაც „ვალენსიაში“ ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარეს

გიორგი მამარდაშვილი იმ მეკარეების ათეულში შევიდა, რომლებმაც „ვალენსიაში“ ყველაზე მეტი ოფიციალური მატჩი ჩაატარეს – ინფორმაციას გამოცემა Plazadeportiva ავრცელებს.

„გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიის“ იმ მეკარეების ათეულში მოხვდა, რომლებმაც გუნდში ყველაზე მეტი ოფიციალური მატჩი ჩაატარეს. საქართველოს ნაკრების წევრმა „ვალენსიაში“ 127 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა, აქედან 120 – ლა ლიგაში.

მამარდაშვილი კლუბში მეოთხე სეზონს ატარებს, თუმცა გასულ ზაფხულს მისი ტრანსფერი „ლივერპულმა“ გამოისყიდა და ესპანეთში ახლა იჯარით თამაშობს.

სიის სათავეში სანტიაგო კანისარესია (416 ოფიციალური მატჩი, 305 – ლა ლიგაში), მან „ვალენსიაში“ 10 სეზონი გაატარა (1998-2008), რომლის განმავლობაშიც რვა ტიტული მოიგო. მეორე ადგილზეა ხოსე მანუელ სემპერე (1980-1995 წლებში 364 მატჩი, 301 – ლა ლიგაში) და მოიგო ერთი ტიტული. მესამეა იგნასიო ეიზაგირე (246 მატჩი, 187 – ლა ლიგაში) – მან 1941-1952 წლებში 11 სეზონი ითამაშა და ხუთი ჯილდო მოიგო.

მამარდაშვილი აღნიშნულ სიაში მეათე ადგილზეა – მან თანაგუნდელ ხაუმე დომენეკს გადაასწრო, რომელიც მეთერთმეტეა (122 მატჩი, 78 – ლა ლიგაში) და 2019 წელს ესპანეთის თასი (კოპა დელ რეი) მოიგო“, – წერს გამოცემა.