მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული შერეული საბრძოლო ხელოვნების ორგანიზაცია UFC პირველად არსებობის განმავლობაში თავის შოუს აზერბაიჯანში, კერძოდ კი ბაქოში ჩაატარებს.
აზერბაიჯანის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ბაქოს მერიის ჩართულობით ღონისძიება 21 ივნისს ბაქოს “კრისტალ ჰოლ” არენაზე ჩატარდება.
პარტნიორობის მემორანდუმი UFC-ის პრეზიდენტ დანა უაითსა და აზერბაიჯანის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ ფარიდ გაიბოვს შორის გასულ კვირას UFC 314-ის წინ გაფორმდა.
“აზერბაიჯანსა და ბაქოს გლობალური სპორტული ღონისძიებების მასპინძლობის მასობრივი და უნიკალური ისტორია გააჩნიათ. ამ ქვეყნიდან და მის მიდამოებში უამრავი მაგარი მებრძოლია, რის გამოც ბუნებრივია აქ გვსურდა ღონისძიების ჩატარება” - განაცხადა UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა.
თავის მხრივ ღონისძიების მნიშვნელობას ქვეყნის საერთაშორისო სპორტულ არენაზე წარმოჩენისთვის ხაზი გაუსვა ფარიდ გაიბოვმაც:
“UFC-ის მასპინძლობა ბაქოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენთვის, რათა განვავითაროთ აზერბაიჯანი, როგორც რეგიონალური სპორტული ლიდერი. უდიდესი მადლობა ქვეყნის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევს გაწეული მხარდაჭერისა და ყურადღებისთვის, მისი წყალობით ძირითადი გლობალური სპორტული ღონისძიებების პარტნიორობის მიმართულებით ბაქო მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი ჰაბი გახდა. UFC-სთან პარტნიორობა კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს რეპუტაციას, როგორც გლობალური სპორტული ცენტრის, რაც აჩვენებს ჩვენს ერთგულებას სპორტის განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართ” - ნათქვამია აზერბაიჯანის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ფარიდ გაიბოვის განცხადებაში.
ღონისძიების მთავარი ბრძოლა ქვემძიმე კატეგორიის ყოფილ ჩემპიონ ჯამალ ჰილსა და ხალილ რაუნთრი უმცროსს შორის შედგება, რომლებიც ტიტულზე ბრძოლის კანდიდატობისთვის დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
აზერბაიჯანიდან UFC-ში მხოლოდ ორი მებრძოლი რაფაელ ფიზიევი და ნაზიმ სადიხოვი ირიცხებიან, რომლებიც მსუბუქ წონით (70კგ) კატეგორიაში ასპარეზობენ. არაოფიციალური წყაროების ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას სწორედ თავისი წონითი კატეგორიის მე-11 ნომერი, რაფაელ ფიზიევი მიიღებს, რომელიც მე-15 ნომრად განთესილ იგნასიო ბაჰამონდესს დაუპირისპირდება.
ჯერჯერობით მთლიანად საბრძოლო ქარდი დაკომპლექტებული არ არის, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ შოუში მონაწილეობას რუსები და სხვა მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მებრძოლებიც მიიღებენ.
ცნობისთვის გეტყვით, რომ UFC Fight Night Baku-ს ბილეთების გაყიდვა 25 აპრილს, ხოლო UFC Fight Club-ის წევრებისთვის 23 აპრილს დაიწყება. ბილეთების ფასები კი ამ დროისთვის გასაჯაროებული არ არის.
შეგახსენებთ, ბაქოს “კრისტალ ჰოლი” $350 მილიონად აშენდა და 2012 წელს გაიხსნა. არენაზე 12 ათასი ადამიანი ეტევა, თუმცა რადგან ოქტაგონის მიმდებარედაც შესაძლებელი იქნება მაყურებლების განთავსება ვარაუდობენ, რომ შოუს 27 ათასი მაყურებელი დაესწრება.