ილონ მასკი გაერო-ში ირანის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა - „ნიუ იორკ თაიმსი“

Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი, რომელიც აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მთავრობის ეფექტიანობის ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშნა, გაერო-ში ირანის მუდმივ წარმომადგენელს, ამირ საიდ ირავანის შეხვდა. მათ თეირანსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობის შემცირების გზები განიხილეს. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ ორ ირანელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება.

გაზეთის წყაროების ინფორმაციით, შეხვედრა 11 ნოემბერს ნიუ იორკში გაიმართა. მოლაპარაკებები ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და საიდუმლო ადგილას ჩატარდა.  გამოცემის ერთ-ერთმა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ მასკთან შეხვედრამ თეირანს საშუალება მისცა, გამოეყენებინა შემოვლითი გზა, რათა არ შესულიყო პირდაპირ მოლაპარაკებებში ამერიკელ ოფიციალურ პირებთან. ასევე ცნობილი ხდება, რომ საუბრის დროს ირავანიმ მასკს, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ნებართვის მოპოვების შემთხვევაში, ბიზნესის ნაწილის ირანში გადატანა შესთავაზა.

ტრამპის წარმომადგენელმა მასკის შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი იმ მიზეზით განაცხადა, რომ შეხვედრა კერძო ხასიათის იყო. კომენტარზე უარი მასკმაც და გაერო-ში ირანის მისიაში განაცხადეს.