ევროკავშირში შესვლის ახალი სისტემა 12 ოქტომბრიდან ამოქმედდება

12 ოქტომბრიდან ევროკავშირში შესვლის/გასვლის მართვის ახალი ციფრული სისტემა (EES) ამოქმედდება. შესვლა/გასვლის სისტემის (EES) მიზანი ევროკავშირის სრული საზღვის კონტროლის ეფექტურობის ამაღლებაა.

EES -ის საფუძველზე გაუქმდება პასპორტებზე შტამპის ხელით დასმის პრაქტიკა, სისტემა უნდა ამოქმედდეს ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს საერთაშორისო აეროპორტში, პორტსა და სახმელეთო-სასაზღვრო გამშვებ პუნქტში.

სისტემა ციფრულ ფორმატში აღნუსხავს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეების ევროკავშირის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით მოგზაურობისას შესვლა/გასვლას, საპასპორტო მონაცემებს, თითის ანაბეჭდებსა და სახის გამოსახულებას.

პორტებს, აეროპორტებსა და რკინიგზის სადგურებს მოეთხოვათ დაემონტაჟებინათ შემოწმებისთვის საჭირო აღჭურვილობა, რომელიც მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება ადამიანების იმიგრაციული და სავიზო ვადების სტატუსის შემოწმებაც - დარღვეული ხომ არ აქვს ვიზიტორს უვიზოდ ყოფნის ვადები.

„ჩვენ გვეცოდინება, ვინ როდის და სად შედის ევროკავშირში, ეს ჩვენი საზღვრების მართვისთვის ახალი ციფრული საფუძველია“, - განაცხადა ევროკომისარმა შინაგან საქმეთა საკითხებში მაგნუს ბრუნერმა.

სისტემის ამოქმედება რამდენჯერმე გადავადდა, იმ საფუძვლით რომ კომპიუტერული სისტემა მზად არ იყო დატვირთვასთან გასამკლავებლად და შეფერხებებს გამოიწვევდა.

ევროკავშირის ქვეყნებმა სისტემის ეტაპობრივად დანერგვა გადაწყვიტეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სრულყოფილად 2026 წლის 10 აპრილიდან ამოქმედდება.

ახალი წესით სასაზღვრო შემოწმება არ შეეხებათ მათ ვისაც ევროკავშირში ბინადრობის უფლება ან გრძელვადიანი ვიზა აქვთ.

თავდაპირველად ქვეყნები ციფრული შემოწმების სისტემას გარკვეულ სასაზღვო პუნქტებში დანერგავენ.

მაგალითად ნიდერლანდი პორტებიდან დაიწყებს, ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტში სისტემა 3 ნოემრიდან ამოქმედდება.

გერმანიაში ბიომეტრული მონაცემების შემოწმება კვირას დიუსელდორფის აეროპორტიდან დაიწყება, ეტაპობრივად კი ფრანქფურტისა და მიუნხენის აეროპორტებიც დაემატება.

შესვლა/გასვლის სისტემის ეტაპოვრივ დანერგვას ევროპარლამენტმა 572 ხმით 8 ივლისს დაუჭირა მხარი. 18 ივლისს კი ევროპულმა საბჭომ მიიღო შესაბამისი კანონი.

 

რადიო თავისუფლება