"სარფის" საბაჟოდან 19 980 კგ გაყინული ქათამი და 1000 კგ თევზი უკან ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 103
"სარფის" საბაჟოდან 19 980 კგ გაყინული ქათამი და 1000 კგ თევზი უკან ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს. ამის შესახებ შემოსავლების სამსახური იტყობინება.
როგორც უწყების განცხადებაში წერია, „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით შემოსულმა ტვირთმა ვეტერინარული კონტროლი ვერ გაიარა. შესაბამისად, 19 980 კილოგრამი ქათმის გაყინული პროდუქციით და 1000 კილოგრამი თევზით დატვირთული ორი ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული.
"ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, შესაბამისი სპეციალისტების მიერ, აღნიშნული ტვირთის შემოწმების შედეგად, გამოვლინდა არადამაკმაყოფილებელი, ჯანმრთელობისთვის საშიში მახასიათებლების არსებობა, ასევე ტრანსპორტირების პირობების უხეში დარღვევა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ პროდუქციაზე დატანილი მარკირება/ნიშანდება შეუსაბამო იყო თანმხლები დოკუმენტების მონაცემებთან.
კანონმდებლობის შესაბამისად, ტვირთი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა", - წერია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
