3 ოქტომბერს, ბათუმში შემოსულ ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე, გემის მფლობელ კომპანიაზე და შემოსულ ტვირთზე საერთაშორისო სანქციები არ ვრცელდება- შემოსავლების სამსახური
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 49
3 ოქტომბერს, ბათუმში შემოსულ ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე და გემის მფლობელ კომპანიაზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები, სანქციები არც შემოსულ ტვირთზე ვრცელდება. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გემი დატვირთული იყო 30 000 ტონამდე, ტრანზიტის პროცედურაში მოქცევისთვის განკუთვნილი ბენზინის საწვავით, ერთ-ერთი რუსული კომპანიიდან. უწყების განმარტებით, საერთაშორისო სანქციები შემოსულ ტვირთზე არ ვრცელდება, ვინაიდან აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა (საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის – OFAC-ის მეშვეობით) გასცა ლიცენზია, რომელიც გარკვეულ კონტრაქტორებს საშუალებას აძლევს დაასრულონ ტრანზაქციები კომპანია ,,LUKOIL"-თან მიმართებით.
„მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში, ბულგარეთის რესპუბლიკის პორტიდან (BURGAS) შემოვიდა, ლიბერიის რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავი გემი - ,,HISTORIA DIONE". აღნიშნული გემი, თანმხლები დოკუმენტაციის თანახმად, დატვირთული იყო 30 000 ტონამდე, ტრანზიტის პროცედურაში მოქცევისთვის (მიმღები სომხეთის რესპუბლიკა) განკუთვნილი ბენზინის საწვავით, ერთ-ერთი რუსული კომპანიიდან (უწყება თავს იკავებს კომპანიის სახელწოდების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან).
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, განხორციელებული სკრინინგის შედეგად, დადასტურებულია, რომ გემზე და გემის მფლობელ კომპანიაზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები.
ასევე, შემოსავლების სამსახურის მიერ გადამოწმების შედეგად, საერთაშორისო სანქციები არც შემოსულ ტვირთზე ვრცელდება, ვინაიდან აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა (საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის – OFAC-ის მეშვეობით) გასცა ლიცენზია, რომელიც გარკვეულ კონტრაქტორებს საშუალებას აძლევს დაასრულონ ტრანზაქციები კომპანია ,,LUKOIL"-თან მიმართებით. ამასთან, ლიცენზიის მიხედვით, ოპერაციების დასრულების ვადად დასახელდა 2025 წლის 21 ნოემბერი. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო კონტროლის პროცედურების დასრულების შემდეგ, ზემოაღნიშნული ტვირთი დაიცალა და კანონმდებლობის შესაბამისად მოექცა ტრანზიტის პროცედურაში. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ტვირთი ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება“, - ნათქვამია განცხადებაში.
