სკოლებისა და ბაღების კვების ობიექტებში 173 დარღვევა გამოვლინდა - სეს
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 45
წელს, სკოლებისა და ბაღების კვების ბლოკების მარკეტების შემოწმების შედეგად 173 სამართალდარღვევა გამოვლინდა. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო იტყობინება.
უწყების ცნობით, წლის განმავლობაში 6000 სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა. გამოვლენილი 173 სამართალდარღვევაში ვადაგასული სურსათის რეალიზაციის, ეტიკეტირების წესის დარღვევისა და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტები ჭარბობს.
ამასთან, სეს-ი იტყობინება, რომ სკოლების მიმდებარედ არსებულ კვების ობიექტებსაც ამოწმებენ.
"სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება როგორც საცხობებში, ასევე მიმდებარე მარკეტებში, რომელთა მომხმარებლები ხშირად მოსწავლეები არიან.
სააგენტოს ინსპექტორები ამოწმებენ ობიექტების სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, სურსათის განთავსებისა და რეალიზაციის პირობებს, ვადებსა და სურსათის უვნებლობის სხვა მოთხოვნებს. ამავე დროს, უწყვეტ რეჟიმში მოწმდება სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების კვების ბლოკები", - ნათქვამია სეს-ის განცხადებაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, საეჭვო სურსათის ან დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, ინფორმაცია მიაწოდოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 15 01.
