ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭლის აკრძალვა 2026 წლიდან ამოქმედდება - დადგენილება მიღებულია
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 44
მთავრობამ დადგენილება გამოსცა, რომელიც სურსათთან შემხებლობაში მყოფი ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ჭურჭლის რეგულირებას ეხება და 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
კერძოდ, შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტში შესული ცვლილებებით, იკრძალება შესაბამისი პროდუქტების წარმოება (თუ საექსპორტოდ არაა განკუთვნილი), იმპორტი და ბაზარზე განთავსება. საუბარია პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან დამზადებული სასურსათო კონტეინერების/ჭიქების და მათი თავსახურების აკრძალვაზე.
ამასთან, იკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი გამოყენების სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდება მომხმარებლებისთვის. საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მოიაზრება ნებისმიერი დაწესებულება, სატრანსპორტო საშუალებების, სტაციონარული, მობილური ჯიხურის (ფარდული, სავაჭრო დახლი) ჩათვლით (მაგალითად, რესტორანი, სასადილო, სარესტორნო მომსახურება (სურსათის მომზადებისა და მიწოდების სერვისი)), სადაც სავაჭრო-საწარმოო საქმიანობით ხდება საბოლოო მომხმარებლისათვის მზა სურსათის დამზადება ან/და რეალიზაცია. საგულისხმოა, რომ აკრძალვა არ ვრცელდება პლასტმასისაგან დამზადებულ ერთჯერადი გამოყენების შესაფუთ ნაკეთობებზე, რომლებიც განკუთვნილია დაფასოებული სურსათისათვის.
დადგენილება გარკვეულ გარდამავალ პერიოდს ითვალისწინებს, როდესაც მისი ამოქმედების შემდეგ აკრძალული პროდუქტების გამოყენება კვლავ დასაშვები იქნება. კერძოდ, პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლები, დანები, კოვზები, ჩხირები, თეფშები, საწრუპები, სასმლის მოსარევები, გაფართოებული პოლისტიროლისგან დამზადებული სასურსათო კონტეინერები და მათი თავსახურები, გაფართოებული პოლისტიროლისგან დამზადებული ჭიქები და მათი თავსახურები, რომლებიც განთავსებულია ბაზარზე ამ დადგენილების ამოქმედებამდე, დასაშვებია, ბაზარზე განთავსებულ იქნეს დადგენილების ამოქმედებიდან სამი თვის განმავლობაში. პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის მზა სურსათის მიწოდება შესაძლებელია დადგენილების ამოქმედებიდან ექვსი თვის განმავლობაში. ხოლო სხვა სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალები და ნაკეთობები დასაშვებია, ბაზარზე განთავსებულ იქნეს დადგენილების ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში.
რეგულაციების კონტროლს განახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო, ასევე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და შემოსავლების სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
აღსანიშნავია, რომ ექსპორტის მიზნით პლასტმასისაგან დამზადებული პროდუქციის წარმოებისას მწარმოებელი ვალდებულია, დაწყებამდე 1 თვით ადრე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წერილობით აცნობოს წარმოების დაწყებისა და დამთავრების ვადების, დასამზადებელი ნაკეთობების რაოდენობის, ექსპორტის ქვეყნისა და ექსპორტის განხორციელების ვადების შესახებ.
