თევზის შესაბოლ 2 საწარმოს კრიტიკული შეუსაბამობის გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 63
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში თევზის შესაბოლი საწარმოები, თევზისა და ხიზილალის მწარმოებლები, სატბორე მეურნეობები და სარეალიზაციო ობიექტები შემოწმდა. დღეისათვის ზედამხედველობა 200-მდე ობიექტში განხორციელდა.
თბილისში ორი თევზის შესაბოლი საწარმოში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის:
- არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია-დეზინსექცია-დერატიზაცია;
- შესაბოლი კამერის დაზიანებული ჭერი;
- მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა.
დარღვევების გამო ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეჩერდა კრიტიკული შეუსაბამობების სრულ აღმოფხვრამდე.
სააგენტოს ცნობით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესს უკავშირდება. სურსათის ეტიკეტზე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული გამოყენებული საკვები საღებავებისა და დანამატების დასახელება და წარმოდგენილი შესაბამისი სერტიფიკატი. აღნიშნული ინფორმაციის გარეშე ასეთი პროდუქტის რეალიზაცია აკრძალულია და მისი ბაზრიდან ამოღება ხდება.
კანონმდებლობით ნებადართულია საკვები საღებავების გამოყენება, რაც რეგულირდება ტექნიკური რეგლამენტით, თუმცა პროდუქტის ეტიკეტზე მათ შესახებ სრული მონაცემების დატანა სავალდებულოა.
200 ობიექტში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებით, მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა 9 ბიზნესოპერატორთან დაფიქსირდა. სააგენტოს თქმით, დანარჩენ შემთხვევებში ხიზილალისა და თევზის მწარმოებლები იყენებენ მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრულ საღებავებს და ეტიკეტები სრულად ასახავს გამოყენებული დანამატების შესახებ მონაცემებს.
