ComCom-მა "ტელეიმედი" 20 000 ლარით, ხოლო "რუსთავი 2" 10 000 ლარით დააჯარიმა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 42
კომუნიკაციების კომისიამ ეთერში პროდუქტის განთავსებისა (Pp - Product placement) და სპონსორობის წესების დარღვევისთვის „ტელეიმედი“ 20 000 ლარით, ხოლო „რუსთავი 2“ (მედია ჰოლდინგი) – 10 000 ლარით დააჯარიმა.
როგორც კომისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, ComCom-ის მიერ განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ „ტელეიმედისა“ და „რუსთავი 2“-ის ეთერში სარეკლამო კომუნიკაციები, მათ შორის, პროდუქტის განთავსება და სპონსორობა კანონით დადგენილი წესების დარღვევით განთავსდა. კერძოდ:
"8 და 9 ოქტომბერს, „ტელეიმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“, ხოლო 13, 14, 17 და 22 ოქტომბერს „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „შუა დღე“ განთავსდა სარეკლამო შინაარსის პროგრამები, რომლებშიც პროდუქტისთვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭებით გადაცემის შინაარსზე გავლენა მოახდინა, ამასთან, პროგრამებში პროდუქტის განთავსება კანონის მოთხოვნის შესაბამისად მკაფიოდ იდენტიფიცირებული არ იყო. საგულისხმოა ისიც, რომ პროგრამების შინაარსი სრულად იყო მორგებული განთავსებულ პროდუქტებზე და გადაცემის მონაწილეები ხაზს უსვამდნენ პროდუქტების დადებით თვისებებს.
ასევე, ორივე მაუწყებლის ეთერში, ყოველგვარი იდენტიფიცირებისა და გამიჯვნის გარეშე ადგილი ჰქონდა რეკლამის განთავსებას. გარდა ამისა, „რუსთავი 2“ -ის შემთხვევაში დარღვეულია სპონსორზე მითითების წესები, რადგან სპონსორზე მითითება შეიცავდა სარეკლამო შეტყობინებას, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.
სარეკლამო კომუნიკაციის დარღვევით განთავსება მაყურებლის ინტერესების უხეში დარღვევაა, ვინაიდან აღნიშნულმა, შესაძლოა, მათ გადაწყვეტილებებზე გავლენა მოახდინოს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მაუწყებელმა დაიცვას საქართველოს კანონით განსაზღვრული წესები, რათა არ დაარღვიოს მაყურებლის უფლებები და არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე გავლენა, რაც თავის მხრივ, მედია პროდუქტის ხარისხს აუარესებს.
გამომდინარე იქიდან, რომ „ტელეიმედს“ და „რუსთავი 2“-ს ანალოგიური დარღვევისთვის მიმდინარე წელს წერილობითი გაფრთხილება და 2500 ლარიანი ჯარიმა უკვე მიღებული აქვთ, კანონის შესაბამისად დენადი ხასიათის კანონდარღვევისთვის ComCom-მა „ტელეიმედს“ 20 000 ლარიანი, ხოლო „რუსთავი 2“-ს 10 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა".
