საჯარო სკოლების მე-11 კლასი პროფილური გახდება

განათლების რეფორმის მიხედვით, საჯარო სკოლების მე-11 კლასი პროფილური გახდება, - განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციაზე.

მისივე თქმით, მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, მე-11 კლასში ისწავლონ მხოლოდ ის საგნები, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ.

„მნიშვნელოვანია, რომ მე-11 კლასი, დამამთავრებელი კლასი გავხადოთ პროფილური. ეს ასახავს იმ მიზანს, რომელიც უკავშირდება, პირველ რიგში, იმას, რომ მოსწავლეები დავაბრუნოთ სკოლაში, სკოლის პრესტიჟი, ავტორიტეტი გავზარდოთ და ოჯახებს მოვაშოროთ წნეხი, რაც ფინანსურ საკითხებთან არის დაკავშირებული ეროვნული გამოცდებისთვის მოსწავლეების მომზადების კუთხით. მე-11 კლასში შემოგვაქვს ე.წ. რეპეტიტორიუმი, როდესაც ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა, ისწავლონ მხოლოდ იმ საგნებში, რაც უნდა ჩააბარონ ეროვნულ გამოცდებზე. ეს იქნება ინტენსიური, ერთწლიანი სასწავლო პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემს თითოეულ მოსწავლეს, მაქსიმალურად ჩაერთოს. მათ აღარ უნდა დასჭირდეთ, დამატებით სკოლის გარეთ სასწავლო პროცესებში ჩართვა. მთელი სასწავლო პროცესი ორიენტირებული იქნება სწორედ იმ საგნებსა და მასალაზე, რომელიც ეროვნული გამოცდების პროგრამასთან იქნება დაკავშირებული.

11-წლიანი სწავლებაზე 2027-2028 წლიდან გადავალთ. დღეს ვინც მე-9 კლასში სწავლობს, მას მოუწევს მე-11 კლასის დამთავრება სკოლაში. “, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.