მდინარე არაგვის ხიდზე მოძრაობა 10 დღით ნაწილობრივ შეიზღუდება - დეპარტამენტი
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 36
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე სავალი ნაწილის შეკეთება იწყება, რის გამოც მოძრაობა დროებით ნაწილობრივ შეიზღუდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოები 2025 წლის 2 დეკემბრიდან იწყება და 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება. შეზღუდვა შეეხება ხიდის მარჯვენა სამოძრაო ზოლს, რომელიც თბილისი–სენაკის მიმართულებით არის.
არაგვზე არსებული ხიდი 1973 წელს აშენდა და, დეპარტამენტის ცნობით, მისი სავალი ნაწილი პერიოდულად საჭიროებს აღდგენით სამუშაოებს.
აღსანიშნავია, რომ ხიდის სრული რეაბილიტაცია ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა, რადგან არ არსებობს ალტერნატიული სამოძრაო გზა, რომელიც მოძრაობას სრულად განტვირთავდა.
ამჟამად, არსებული ხიდის პარალელურად, მიმდინარეობს ახალი ხიდის მშენებლობა, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება მომავალი წლისთვის არის დაგეგმილი და ბიუჯეტი 20 მლნ ლარია.
ხიდის აღდგენის სამუშაოების დასრულებამდე, ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელია ალტერნატიული გზებით. დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობისას მძღოლებს შეუძლიათ ისარგებლონ:
ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის გზით;
ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზით.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს იხდის.
შეგახსენებთ, მაისში გაირკვა, რომ საქართველოს მთავრობამ საავტომობილო გზების დეპარტამენტს ფორსმაჟორის გამო, მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის ნებართვა გზშ-ის, ანუ გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე მიანიჭა. მთავრობის 8 მაისის განკარგულების თანახმად, აღნიშნული ფორსმაჟორული ვითარებიდან გამომდინარე არის აუცილებელი. ახალი ხიდი მდინარე არაგვზე არსებული ხიდის პარალელურად აშენდება.
2023 წლის დეკემბრიდან 2025 წლის 2 აპრილამდე სავალი ნაწილის ფილა სხვადასხვა ადგილზე ლოკალურად 8 ჯერ დაზიანდა, მათ შორის, ხიდის ფილის აღდგენის მიზნით, სამჯერ საჭირო გახდა ხიდზე 10-დღიანი პერიოდით, ერთი სამოძრაო ზოლის შეზღუდვა, შესაბამისი სამუშაოების განხორციელების მიზნით.
