სურსათის ეროვნული სააგენტო საკონდიტროებს ამოწმებს
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 7
სურსათის ეროვნული სააგენტო, წინასაახალწლოდ გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, საკონდიტროებში სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს, – ამის შესახებ სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, მოწმდება ობიექტების სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, ინვენტარი, სურსათის დამზადების, შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ნედლეულის ვარგისიანობის ვადები.
„ინსპექტირების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს დედაქალაქში. თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორები, შემოწმებასთან ერთად, უვნებლობის დადგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გასცემენ. შეუსაბამობების გამოვლენის შემთხვევაში კი ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები და საზოგადოების ინფორმირება დარღვევების თაობაზე“, – აცხადებენ სეს-ში.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, რომ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ინფორმაცია დატოვონ ცხელ ხაზზე: 15-01.
„სამომხმარებლო ბაზრის ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები“, – აღნიშნავენ სეს-ში.
