ქვეყანაში ცირკულირებს A/H3N2 ვირუსი, გრიპის ვაქცინით 150 000 ადამიანი უკვე აიცრა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 84
გრიპის სეზონი საქართველოში: მდგომარეობა სტაბილურია, ვაქცინაცია აქტიურად გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
უწყების ცნობით, საქართველო გრიპის სეზონს მომზადებული ხვდება.
„ამჟამად ქვეყნის ყველა რეგიონში ძირითადად A/H3N2 ვირუსი ცირკულირებს. ასევე, დაფიქსირებულია სხვა სეზონური რესპირაციული ვირუსები – რინოვირუსები, პარაგრიპი, რესპირატორული სინციტიური ვირუსი და სხვა. ვირუსი ძირითადად სახლის პირობებში ოჯახის ექიმის მიერ იმართება.
გრიპის წლევანდელ შტამებზე მოქმედი ვაქცინა ქვეყანაში აქტიურად გამოიყენება და დაახლოებით 150 000 ადამიანი უკვე აიცრა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეძენილი ფრანგული წარმოების ოთხკომპონენტიანი სეზონური ვაქცინა ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომია და ვაქცინაცია უფასოდ ტარდება.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდებულია მოსახლეობის ყველა ჯგუფისთვის, განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანია მაღალი რისკის მქონე პირებისთვის, როგორებიც არიან ორსულები, მოხუცები, ბავშვები (ექვსი თვიდან), სუსტი იმუნური სისტემისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.
ვაქცინაციასთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანია ხელების ხშირი დაბანა, ოთახების განიავება, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება.
დღეს არსებული ეპიდსიტუაციის შეფასებით, პროცესი სრულად მართულია და ჯანდაცვის სისტემა მზადაა, სეზონის მიმდინარეობის შესაბამისად მოსახლეობას დროული და ხარისხიანი მომსახურება გაუწიოს“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
